პოლიტიკა
პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ პაკეტს
FaceBook
83 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი -  პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ პაკეტს.
პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედება გრანტის მიღებასთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ წესებს კიდევ უფრო გაამკაცრებს.

“გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით “გრანტის“ ცნება ფართოვდება. ამასთან, როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ითქვა, პროექტის იმ ნაწილში, სადაც განმარტებულია, თუ რა მიიჩნევა გრანტად, ჩაიწერება, რომ შეზღუდვა ემიგრანტების მიერ გადმორიცხულ თანხებს არ შეეხება.

“გრანტების შესახებ“ კანონში ასახული ზოგადი წესის თანახმად, გრანტის გაცემისას თავად გრანტის გამცემი სუბიექტია ვალდებული, რომ გრანტზე თანხმობის მოპოვებისთვის მთავრობას მიმართოს.

პლენარულ სხდომაზე უმრავლესობამ დააყენა საკითხი, რომ საჯარო სახელმწიფო დაწესებულებებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვას და მათ შემთხევევაში გრანტზე ნებართვის მოპოვებისთვის მთავრობას გრანტის გამცემის ნაცვლად, გრანტის მიმღებმა მიმართოს. აღნიშნული შეთავაზება ინიციატორმა გაიზიარა.

კანონის პროექტის თანახმად, გრანტად მიიჩნევა კანონის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სუბიექტის მიერ ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ, აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

გრანტის მიმღებად, ასევე, მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. უცხოეთში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს ვალდებულება ექნებათ, გრანტის მიღებამდე შესაბამისი თანხმობა საქართველოს მთავრობისგან მიიღონ. თუ სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი, წარმომადგენლობა ან განყოფილება, გრანტს თანხმობის გარეშე მიიღებს, ეს პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

კანონპროექტის თანახმად, პირებს, რომლებსაც გრანტი კანონის ამოქმედებამდე აქვთ მიღებული, კანონის ამოქმედების შემდეგ 1-თვიანი ვადა ექნებათ, საქართველოს მთავრობას მიმართონ. თავის მხრივ, მთავრობასაც 1-თვიანი ვადა აქვს, გასცეს პასუხი - უთხრას თანხმობა ან უარი.

მეორე მოსმენის ფარგლებში “სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების პროექტიც შეიცვალა. პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება. ასეთ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

სიახლეა ისიც, რომ “სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: “ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს: - საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3 - წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

კიდევ ერთი ცვლილება, რაც მეორე მოსმენის ფარგლებში პროექტში აისახა, არის ის, რომ პოლიტიკური აქტივობისთვის პირველ ჯერზე დაჯარიმებულ მეწარმე იურიდიული პირს, პოლიტიკური აქტივობის განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორ იურიდიულ სუბიექტს, ასევე “დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამისს ფიზიკურ პირს“.

გარდა ამისა, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით ჩადენილი ნებისმიერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება იქნება.

საკანონმდებლო პაკეტი ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა. ცვლილებები შემდეგ კანონებში ხორციელდება: - “გრანტების შესახებ“ კანონი, “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი და “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:35 / 19.02.2026
"ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას
17:30 / 18.02.2026
"ხალხის ძალის“ დეპუტატი სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.