საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი — 316-ე პრიმა
მუხლი, სახელწოდებით „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების
წინააღმდეგ“.
მუხლი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იმ
შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი
საჯაროდ და სისტემატურად მოუწოდებს სხვებს:
კანონების მასობრივად დარღვევისკენ;
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობისკენ;
ალტერნატიული ხელისუფლების სტრუქტურების შექმნისკენ.
ასევე დასჯადი იქნება, თუ პირი საკუთარ თავს ან სხვას თვითნებურად და
საჯაროდ წარმოაჩენს ხელისუფლების წარმომადგენლად, ან ახორციელებს სხვა
სისტემურ მოქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში
საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან სახელმწიფო ორგანოების
არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრებას და ამით აზიანებს ან რეალურ
საფრთხეს უქმნის ქვეყნის ინტერესებს.
ამგვარი ქმედება ისჯება ჯარიმით, 400-დან 600 საათამდე
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით 3
წლამდე.
იურიდიული პირის შემთხვევაში შესაძლებელია ჯარიმა ან ლიკვიდაცია
ჯარიმასთან ერთად.
დამამძიმებელ გარემოებად განიხილება დანაშაული, რომელიც ჩადენილია
კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ორგანოების წინააღმდეგ
მოტივით. ასეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო თავისუფლების აღკვეთას
დანიშნავს, სასჯელის ვადა მინიმალურ ზღვარს მინიმუმ ერთი წლით უნდა
აღემატებოდეს.
აღნიშნული ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში შედის პარლამენტში
წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, რომელსაც იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.
ცვლილებები კომიტეტის წევრებს თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ,
გააცნო.
“ეს არის ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხი, რაც პროექტის პირველი
მოსმენით განხილვის დროს დაისვა. მოიყვანეს გერმანიის მაგალითი, როცა
პირები კონსტიტუციურ ორგანოებს და კონსტიტუციურ წყობილებას არ
აღიარებდნენ. მათი გაერთიანება 20 ათასს ადამიანს მოიცავდა. ისინი
სხვებსაც მოუწოდებდნენ, რომ კონსტიტუციურ ორგანოებს და კანონმდებლობას
არ დამორჩილებოდნენ, რაც კონსტიტუციურ წყობილებას საფრთხეს უქმნიდა.
ამიტომაც დადგა კონკრეტული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის
საკითხი, ხოლო მათი ხელმძღვანელის შემთხვევაში, რომელიც თავს მეფედ
წარმოაჩენდა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა“,
- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მისი განმარტებით, ინიციატივა უკავშირდება ექსტრემიზმთან დაკავშირებულ
საკითხებს, რომლებიც პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას
გამოიკვეთა. მაგალითად მოყვანილი იყო გერმანიის შემთხვევა, როდესაც
ჯგუფი, რომელიც კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებდა და დაახლოებით 20
ათას ადამიანს აერთიანებდა, სხვებსაც მოუწოდებდა კანონებისა და
სახელმწიფო ორგანოების დაუმორჩილებლობისკენ. შედეგად დადგა
ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის საკითხი, ხოლო მისი ლიდერის —
რომელიც თავს მეფედ აცხადებდა — სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის საკითხიც.
გორდულაძის თქმით, პერფორმანსი სისხლის სამართლის დანაშაულად არ
ჩაითვლება — პროექტი ხაზს ავლებს განსხვავებას სიტყვის თავისუფლებასა
და დანაშაულებრივ ქმედებას შორის.
მასალის გამოყენების პირობები