პარტია “ლელო ძლიერი საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის
თავმჯდომარემ, ალექსანდრე მიქაუტაძემ პარტია დატოვა.
როგორც ის ვიდეომიმართვაში ამბობს, მიმდინარეობს იმ ადამიანების
"დამუნათება", რომლებმაც არჩევნებზე, კონკრეტულ უბანზე კონკრეტული
შედეგის დადება პარტიისთვის ვერ მოახერხეს.
ალექსანდრე მიქაუტაძის თქმით, მას თბილისიდან დაურეკეს, ადგილზე
ჩასვლა და "მობოდიშება" მოთხოვეს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ
რთულ და წინააღმდეგობრივ პროცესში იყვნენ შესული, მეტ პატივისცემას და
მხარდაჭერას იმსახურებენ, ამიტომ პარტიის რიგებს ტოვებს.
"რამდენიმე საათია, ერთ-ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა მაცნობა, რომ
ჩემი უფლებამოსილება შეჩერდა. ბოლო წვეთი გახლდათ საკითხი, რომელიც
პოსტსაარჩევნო პერიოდს შეეხება. ყველამ იცის, "ლელოელმა", რომ
განსხვავებული განწყობა მქონდა არჩევნებში შესვლა-არშესვლასთან
დაკავშირებით. ამაზე გვიკამათია, მითქვამს, რომ პროცესში შესვლა ზიანს
მოგვაყენებდა და ვერ იქნებოდა გამართლებული ვერც მორალურად და ვერც -
რაციონალურად.
ყველამ იცის მოვლენათა განვითარების შესახებ, იცით, რომ პარტიამ მიიღო
მხარდაჭერა, თუმცა უცნაურობას წარმოადგენს ის, რომ ლიდერები
აღნიშნავენ, რომ კარგი იქნებოდა, ყოფილიყო აბსოლუტურად სხვა შედეგი:
მადლობას უხდიან მხარდაჭერებს, მაგრამ აქეთ მიმდინარეობს ადამიანების
დამუნათება, რომლებმაც ვერ მოახერხეს კონკრეტულ უბანში კონკრეტული
შედეგის უზრუნველყოფა პარტიისთვის.
აღნიშნულმა გამოიწვია ჩემი და არაერთი ჩემი კოლეგის წინააღმდეგობა
პარტიის ხელმძღვანელობასთან. საქმე არ ეხებათ პარტიის დამფუძნებლებს,
თუმცა მაღალი პარტიული თანამდებობის მქონე ადამიანები, სამწუხაროდ,
აღნიშნულ საკითხებს სხვანაირად უყურებენ. კატეგორიულად მომთხოვეს, რომ
თბილისში ჩავიდე და მობოდიშების განწყობა მქონდეს. არამც და არამც.
რატომ იფიქრეს, რომ პარტიული თანამდებობა ჩემთვის ისეთი რაღაცაა, რომ
გავიქცევი და ვიღაცას ფეხებში ჩავუვარდები, ნამდვილად არ მესმის.
ამიტომ, ვტოვებ პარტიის რიგებს",- ამბობს ალექსანდრე მიქაუტაძე.
მისივე თქმით, პარტიის გარეშეც შეძლებს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმის
გაკეთება.
ალექსანდრე მიქაუტაძე "ლელოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი
2023 წლიდანაა.
2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების
მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში "ლელოს" ერთი დეპუტატი ეყოლება.
პარტიამ არჩევნებზე 5.7%, 2659 ხმა, მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები