ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ 2025 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგები უკვე შეაჯამა.
კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის თქმით, კომისიის შედეგები
დღეს უნდა გამოქვეყნდეს.
ცესკოს მონაცემებით, ქუთაისის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი დავით
ერემეიშვილი იქნება, რომელმაც ხმების 85,68% (37 779 ხმა) მიიღო.
მისმა კონკურენტმა, პარტია "საქართველოდან", გიორგი ამაღლობელმა 2 767
ხმა მიიღო (ხმების 6,27%), პარტია "გახარია საქართველოსთვის"
წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა კი - 3 544 ხმა (ხმების
8,3%).
რაც შეეხება საკრებულოს, წარმომადგენლობითი ორგანო 25 დეპუტატით
დაკომპლექტდა. აქედან, 22 დეპუტატი "ქართულ ოცნებას", თითო-თითო
დეპუტატი კი ბარიერგადალახულ ოპოზიციას ეყოლება
(პარტია "გირჩს", "ლელოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის").
რაც შეეხება საჩივრებს, ქუთაისის საოლქო კომისიაში სულ 2 საჩივარი
შევიდა, ორივე პარტია "ლელოს" წარმომადგენლის მხრიდან.
როგორც "ქუთაისიპოსტთან" ლარინა ლალიაშვილი განმარტავს, აქედან ერთი
საჩივარი განუხილველად დატოვეს, რადგან პროცედურების დარღვევით იყო
შემოტანილი.
"მეორე საჩივარი ვერ დავაკმაყოფილეთ, რადგან არც მოთხოვნა ჰქონდათ
დაყენებული და ამასთან, ეს საჩივარი უბანზე როცა დაიწერა, იქვე
გამოსწორდა. საჩივრის ავტორმაც დაწერა, რომ უბანზევე აღმოიფხვრა. თუ
საჩივარი აღმოიფხვრა უბანზევე, მას, წესით, ლოგიკური გაგრძელება ოლქში
აღარ უნდა ჰქონდეს",- ამბობს ლარინა ლალიაშვილი.
მისივე თქმით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის
ვადაში ცესკო საკრებულოს პირველ სხდომას მოიწვევს და სწორედ ამის
შემდეგ შეუდგებიან საკრებულოს ახალი დეპუტატები მუშაობას.
4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64
მუნიციპალიტეტში ჩატარდა. იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში, "ქართული
ოცნების" მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. რაც შეეხება ქუთაისს,
საარჩევნო უბნებზე 50 000-მდე ამომრჩეველი მივიდა. სულ ქალაქში 153
000-მდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები 64 მერს და 64 საკრებულოს 2 058
წევრს ირჩევდნენ.
ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ 3 513 818
შეადგინა, სულ გახსნილი იყო 3 061 საარჩევნო უბანი.
მასალის გამოყენების პირობები