პოლიტიკა
"შევქმნათ ქუთაისიდან უნიკალური ნიმუში, როგორ შეიძლება, ქალაქი იმართებოდეს გამჭვირვალედ"- მერობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი
FaceBook
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ქუთაისის მერობისთვის "გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან პაატა ზაქარეიშვილი "იბრძოლებს".
როგორც ის განმარტავს, მასსა და გახარიას პარტიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები 19 აგვისტოდან დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ მარტივად არ მიუღია გადაწყვეტილება, ქუთაისის მერად ეყარა კენჭი, "ოჯახთან და ახლობლებთან გასაუბრების შემდეგ", გადაწყვიტა, დათანხმებოდა.

"მე არ ველოდი და არ ვემზადებოდი ამ არჩევნებში მონაწილეობისთვის. არც "ლელოს" წევრი ვარ და არც გახარიას პარტიის, შესაბამისად, ბევრი კითხვები დაიბადა ჩემ წინაშე, როგორ იქნებოდა ეს უპარტიოულობის კონტექსტი, ნეიტრალური მომენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობები და ა.შ. მერე შევაფასე და იმ დეპოლარიზაციის ფონზე, რაც საქართველოშია, როცა ორი კონკურენტი პარტია რაღაც პრინციპებზე შეთანხმდა, ეს კარგი ნიმუშია, რომ შეიძლება არსებობდეს კოორდინაციული მუშაობა პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელთაც ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე ჰქონდათ გარკვეული კითხვები ერთმანეთთან. ეს კითხვები არ გამქრალა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, ყოფილიყვნენ ერთად და ამ დროს ჩემზე გამოვიდნენ.

ეს (ქუთაისის მერის კანდიდატობა) დიდი პატივია ჩემთვის, ამას ვერ დავმალავ. უხერხული იქნებოდა, ჩემს თავს ვერ გავუგებდი, რომ უარი მეთქვა, მიზეზიც არ მქონდა, რომ უარი მეთქვა", - განმარტავს პაატა ზაქარეიშვილი.

ის ადგილობრივ არჩევნებზე მოქალაქეების მისვლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ამბობს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ეს სხვა ლეგიტიმაციის არჩევნებია.

"უნდა ვაჩვენოთ, ჩემს შემთხვევაში ქუთაისს და ამომრჩეველს, რომ ჩვენ არ მოვდივართ პოლარიზაციისთვის და დაძაბულობისთვის. უნდა დავაჯეროთ, რომ ეს სხვადასხვა ლეგიტიმაციის არჩევნებია: პარლამენტს ირჩევს მთელი საქართველო და ქუთაისს ირჩევს მხოლოდ ქუთაისი, ადგილობრივი მოსახლეობა. ასეა ნებისმიერი რეგიონის შემთხვევაში. ჩვენ არ შეიძლება, "ქართულ ოცნებასთან" პოლიტიკურ პაექრობაში წყალს გადავაყოლოთ ქუთაისის პრობლემები.

ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს. ყველაზე იოლია ახლა ტახტზე წამოწოლა, არაფრის კეთებაა და ყველაფერი დავაბრალოთ "ქართულ ოცნებას", მაგრამ "ოცნების" უკან არის საქართველო. საქართველო არ არის არალეგიტიმური, საქართველო სახელმწიფოა. ამიტომ, კეთილი უნდა ვინებოთ და ხელი შევუწყოთ, რათა მინიმუმზე დავიყვანოთ "ოცნების" პარპაში ამ ქვეყანაში და მათი ძალაუფლების გამყარება. თუ ჩვენ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში, ხელს ვუწყობთ "ოცნების" გაძლიერებას და შეიძლება არჩევნების გაყალბებაც  არ დასჭირდეთ. ამიტომ, სადაც საჭიროა ბრძოლა, იქ უნდა ვიბრძოლოთ", -  ასე მოუწოდებს  ტელევიზიით ამომრჩევლებს პაატა ზაქარეიშვილი.

კითხვაზე: ქუთაისის მერად არჩევის შემთხვევაში, რას სთავაზობს ქუთაისელებს, ზაქარეიშვილი პასუხობს, რომ იქნება გამჭვირვალე და ითანამშრომლებს მოქალაქეებთან.

"მე ვთავაზობ ქუთაისს გარანტირებულ მერს, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ იქნება კორუმპირებული. ვთავაზობ გამჭვირვალეობას, რომ ნებისმიერ კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული როგორ იხარჯება ყოველი თეთრი ქუთაისისა - პასუხი იქნება ამაზე. უამრავი საშუალება გვაქვს, დავუკავშირდეთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რათა ვაჩვენოთ ქუთაისის ტიპის ქალაქი, რომელიც დღეს არ არის წარმატებული და მოსახლეობის რაოდენობითაც უკვე, სამწუხაროდ, მეოთხე ადგილზე გადავიდა (როგორც მე ახლა ვკითხულობ მასალებს და ვეცნობი ქუთაისში მიმდინარე პროცესებს), როგორ შევაჩეროთ ეს პროცესი ქუთაისში და რაა მთავარი პროგრამები. ამიტომ მთავარი ამოცანა იქნება თანამშრომლობა პირველ რიგში ქუთაისელებთან",- განმარტავს ის.

პაატა ზაქარეიშვილი ქუთაისის მოსახლეობას მიმართავს, რომ თუ არ სურთ ცვლილებები, მხარი დაუჭირონ "ქართულ ოცნებას", ცვლილებების სურვილის შემთხვევაში კი - მას.

"როგორც ვიცი, ჩემი კონკურენტი "ოცნებიდან" მერის მოვალეობის შემსრულებელია. ეს არის ბრწყინვალე შეტყობინება ქუთაისელებისთვის, რომ არაფერი არ შეიცვლება. ანუ, გელათი გაგრძელდება, პირობითად. ამიტომ, ვისაც გინდათ, რომ ქუთაისში არაფერი შეიცვალოს, ხმა მიეცით "ქართულ ოცნებას", ვისაც გინდათ ცვლილებები, აგერ ვარ მე, პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ წინაშე ვარ. მოგწონვართ თუ არ მოგწონვართ, მუდმივად თქვენ წინაშე ვიყავი, ვმუშაობდი ციხეებში, ვიყავი ომში, ადამიანის უფლებებზე ვმუშაობდი მთელი ჩემი ცხოვრება, ვმუშაობდი კონფლიქტებზე. რაც გამიკეთებია, ცუდი ვარ, თუ კარგი ვარ, თქვენ წინაშე ვარ, არასდროს არ მომიტყუებიხართ.

მე გთავაზობთ არაკორუმპირებულ, არაკლანურ, გამჭვირვალე მმართველობას. შევქმნათ ქუთაისიდან უნიკალური ნიმუში, თუ როგორ შეიძლება, ქალაქი იმართებოდეს გამჭვირვალედ",- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

ქუთაისის მერობისთვის სამი კანდიდატი "იბრძვის": "ოცნებიდან“ - დავით ერემეიშვილი,  „გახარია საქართველოსთვის“ პარტიიდან – პაატა ზაქარეიშვილი. მერობის სურვილი ასევე გიორგი ამაღლობელს აქვს, რომელიც პარტია „საქართველოს“ წარმომადგენელია, თუმცა, როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ამაღლობელს დოკუმენტაცია არასრულყოფილად აქვს შევსებული და მას ხარვეზების გამოსასწორებლად დრო მიეცა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია „ლელო ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის
ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა.
21:45 / 06.09.2025
პარტია „ლელო ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა.
10:26 / 05.09.2025
"მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.