პარტია „ლელო ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის
ექვს ქალაქში მერობის კანდიდატები წარადგინა.
წარდგენის ღონისძიება ზუგდიდში გაიმართა.
ზუგდიდში „ლელო ძლიერი საქართველოს“ მერობის კანდიდატი იქნება გიორგი
თოდუა; ხობში – იური ბუკია; ხარაგაულში – ინგა მაღრაძე; სამტრედიაში –
ბადრი ვაშაკიძე; ხონში – გელა ბობოხიძე, ხოლო ჩოხატაურში – ნუგზარ
ჩხიკვაძე.
მერობის კანდიდატები „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ალეკო
ელისაშვილმა და ლევან სამუშიამ წარადგინეს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საერთო
მიზნისკენ ერთად უნდა იმუშაონ.
„ძალიან მაგარი ამბავი ხდება ის, რომ წინასაარჩევნო კოორდინაცია
გვაქვს ძალიან მაგარ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ჩვენი კონკურენტია,
მაგრამ შევთანხმდით გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან, რომ უფრო დიდი
მიზანი უნდა გვაერთიანებდეს და ამ დიდი მიზნისკენ სვლისას ჩვენი
ამბიციები, ეგო უკან დავწიოთ, ჩვენ წყენებზე მაღლა დავდგეთ. მტერსაც
და მოყვარესაც უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველოსთვის უნდა
გავერთიანდეთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები