პოლიტიკა
აშშ-ის შეთავაზებას ვიზალიბერალიზაციაზე, ''ქართული ოცნება'' უარით პასუხობს
FaceBook
აშშ-ის შეთავაზებას, აგენტების შესახებ კანონის უკან გაწვევის შემთხვევაში ამერიკასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე, ''ქართული ოცნება'' უარით პასუხობს.

მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოში აცხადებენ, რომ გამჭვირვალობის კანონს უკან არ გაიწვევენ, რადგან ეს კანონი ქვეყანაში მშვიდობის გარანტია.

პოლიტსაბჭო ასევე აკრიტიკებს ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც როგორც ''ქართულ ოცნებაში'' აცხადებენ, საქართველოს შანტაჟის ენით ესაუბრებიან.

მმართველი პარტიის განცხადებას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

''გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საქართველო მიიღებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევს, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ მიიღებს, არჩევნებს კარგად ჩაატარებს და ამერიკის მიმართ უარყოფითი რიტორიკისგან თავს შეიკავებს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, კანონპროექტი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს.
კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა ძალზე ბუნდოვანია. უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა. თუმცა, ვინაიდან ახალმა კანონპროექტმა ქართველ რადიკალებს უკვე შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი სპეკულირებისათვის, მასზე გამოხმაურება საჭიროდ მიგვაჩნია.
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასაც და ამერიკელი ჩინოსნების კრიტიკასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. უკვე მრავალი წელია, საქართველოს ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში უწევს ცხოვრება, რაშიც საკვანძო როლს სწორედ გარედან დაფინანსებული ენჯეოები ასრულებენ. მეტიც, 2020 წლის ნოემბრიდან, ენჯეოებმა უკვე ორჯერ სცადეს საქართველოში რევოლუციის მოწყობა. გარდა ამისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა არის მუდმივი თავდასხმის ობიექტი რიგი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და ჩინოსნების მხრიდან, რისგანაც საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რიტორიკით უწევს თავის დაცვა.
ამ ყველაფრის ფონზე, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება მთლიანად ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული. ამისათვის კი, არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან.
საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, ენჯეოებმა 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა.
საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში:
- აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა. როგორც კანონპროექტიდან ირკვევა, აშშ-ს ამის გაკეთება აქამდეც შეეძლო, თუმცა, საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას ავლენდა;
- აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი;
- აშშ უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას;
- შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან, რითაც აღდგებოდა სამართლიანობა უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მიმართებით.
თუ ისინი ამ ყველაფერს გააკეთებენ, ამ შემთხვევაში აღარც ენჯეოების გამჭვირვალობის კანონი იქნება საჭირო და აღარც უსამართლო განცხადებებზე მოგვიწევს პასუხის გაცემა. თუმცა, თუ ენჯეოები რევოლუციის მცდელობებს არ მოიშლიან, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის წახალისებას, ლგბტ-პროპაგანდას, ნარკოტიკების პროპაგანდას, სახელმწიფო ინსტიტუტების შერყევის მცდელობას და ეკონომიკური პროექტებისთვის დაბრკოლებების შექმნას არ შეწყვეტენ, ხოლო რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები საქართველოზე თავდასხმებს განაგრძობენ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონიც დაგვჭირდება და თავდასხმების მოგერიებაც. შესაბამისად, დღეს ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს.
ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც.
როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს,'' - ნათქვამია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.
ამ კვირაში სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა კონგრესს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იმ პირობით თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს. საუბარია, ამერიკასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზეც.

სამხედრო დახმარების პაკეტში იგულისხმება უსაფრთხოების და თავდაცვის აღჭურვილობის უზრუნველყოფა, რომელიც იდეალურია რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და ასევე ოპერაციებს შესაბამისი წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ელემენტებით.
რუსულ კანონს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე, საბოლოო მოსმენით მხარი 14 მაისს დაუჭირა. 18 მაისს კანონს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარლამენტმა უნდა დაძლიოს.

კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.