პოლიტიკა
აშშ საქართველოსთვის განიხილავს მსხვილ სამხედრო, სავაჭრო პაკეტს და ვიზალიბერალიზაციას, თუკი ხელისუფლება ანტიდემოკრატიულ გეზს შეცვლის
FaceBook
თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და დემოკრატიისთვის დამანგრეველი ნაბიჯების გადადგმას, აშშ-ში განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს.
საუბარია, ამერიკასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზეც.  ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს. 

აღნიშნული კანონპროექტი კონგრესს ამ კვირაში წარუდგინა სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო ვილსონმა. კანონპროექტის თანახმადაც, იმ პირობით თუკი  მთავარი პოლიტიკური კრიტერიუმი დაკმაყოფილდება, აშშ საქართველოსთან დაიწყებს "მსხვილ შერჩევით სავაჭრო რეჟიმს", კანონპროექტს ჰქვია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for Building Accountability, Resilience, and Independence Act).

სამხედრო დახმარების პაკეტში იგულისხმება უსაფრთხოების და თავდაცვის აღჭურვილობის უზრუნველყოფა, რომელიც იდეალურია რუსული აგრესიისგან ტერიტორიული თავდაცვისთვის და ასევე ოპერაციებს შესაბამისი წვრთნების, ტექნიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ელემენტებით".

თუმცა პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, თუკი აშშ დაადასტურებს, რომ "საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის ხელახალი აღორძინების მიმართულებით, რისი მინიმალური დასტური იქნება მნიშვნელოვნად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო".

POLITICO მანამდე აღნიშნავდა, რომ ჯო ვილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალურ სანქციებს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" პოლიტიკოსებისთვის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებისთვის - იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დანერგავენ რუსული სტილის "უცხოეთის აგენტების" კანონს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ქართული ოცნებაა".

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა
დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
15:50 / 23.07.2024
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე –
ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“
საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
12:02 / 18.07.2024
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.