პოლიტიკა
ცეცხლსასროლი იარაღები, ბინები მოსკოვსა და უკრაინაში - რუსული კანონის მხარდამჭერი იმერეთის დეპუტატების ქონებები
FaceBook
ბინები საქართველოსა და საზღვარგარეთ, აგარაკები, მიწის ნაკვეთები, ავტოფარეხები, ფერწერული ტილოები და ცეცხლსასროლი იარაღები
- ეს იმ უძრავი თუ მოძრავი ქონების მცირე ჩამონათვალია, რაც ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის საკუთრებაშია.

ბეჟან წაქაძემ დეკლარაცია, ბოლოს, მიმდინარე წლის თებერვალში შეავსო. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის 8 მიწის ნაკვეთს ფლობს. აქედან 3 აჩუქეს, 3 - მემკვიდრეობით მიიღო და 2 - იყიდა. დეპუტატს მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში აქვს, ამასთან, მცხეთაში, სოფელ წოდორეთში.

ბეჟან წაქაძის საკუთრებაშია სამი ბინა. აქედან ერთი, თბილისში სიმბოლურ თანხად, 1 ლარად აქვს შეძენილი. მეორე, 576,13 კვ.მ ბინის ღირებულება კი 2 673 000 ლარია. მესამე ბინა უკრაინაში, კიევში 825 000 ლარად აქვს შეძენილი. მასვე ეკუთვნის 266,08 კვ.მ აგარაკი მცხეთაში, სოფელ წოდორეთში, რომელიც 1 756 128 ლარად იყიდა. წაქაძე დედაქალაქში ფლობს ავტოფარეხს, სამზარეულო და დამხმარე, ასევე არასაცხოვრებელ ფართსაც.

ბეჟან წაქაძის სახელზეა სხვა ქონების ვრცელი ჩამონათვალიც. კერძოდ, 8 ფერწერული ტილო, რომლის ჯამური ღირებულება 676 500 ლარია; ასევე 49 500 ლარის ღირებულების შოპარდი, საათი; ცეცხლსასროლი იარაღი (მოოქროვილი პარაბელუმი) – 82 500 ლარი და ცეცხლსასროლი იარაღი მაუზერი, ხის ჩასადებით (კაბურით)- 37 950 ლარი.

დეპუტატს 2020 წელს 660 000 ლარად აქვს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა MERSEDES-BENZ (SP509SP).

ბეჟან წაქაძე სხვადასხვა კომპანიაში წილების ფლობელიცაა. კერძოდ, 40%-ს ფლობს შპს „სოლიდში“, 50%-ს შპს „ლა გრანდე დიმორაში“, შპს „დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრსა“ და შპს „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +“- ში. ამასთან, 100%-ის მფლობელია შემდეგი შპს-ების: „ჯდჯ პლაზა“, „ჯდჯ პალასი“, „ჯდჯ იმერეთი“ და შპს „მაგნოლია“. მას ასევე აქვს დანაზოგი 45 700 ლარის ოდენობის.

ბეჟან წაქაძეს, როგორც #21 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს, გასულ წელს, ხელფასის სახით 45 379 ლარი აქვს აღებული, ქველმოქმედებაში კი 85 000 ლარი აქვს დახარჯული.

დეკლარაციის მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლის ნონა ბურკაძის სახელზეა რეგისტრირებული სახელოსნო (194 040 ლარის ღირებულების), 3 ავტოფარეხი, რომელთა ჯამური ღირებულება 66 000 ლარს შეადგენს, ასევე 992 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელ წავკისში, რომელიც 132 000 ლარი დაუჯდა და მიწის ნაკვეთები ვანში, სოფელ მუქედში.

ნონა ბურკაძის საკუთრებაშია თბილისში 2 ბინა, 1 069 200 ლარის ღირებულების აგარაკი და მსუბუქი ავტომანქანა LEXUS GX 470. ასევე დამხმარე ფართი თბილისში, რომელიც აჩუქეს და ტექნიკური მოხმარების ტერასა.

ბეჟან წაქაძე „ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად 2020 წელს წარადგინა. მან ხმათა 49,77% მიიღო და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (მაჟორიტარი) გახდა, საარჩევნო ბლოკით: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

ასევე მსუყედ გამოიყურება ქუთაისის მაჟორიტარის ქონებაც. ზაზა ლომინაძეს ქონებრივი დეკლარაცია ოთხჯერ (2021/2022/2023/2024 წლებში) აქვს შევსებული. აღნიშნულის მიხედვით,  ლომინაძე ფლობს ბინას ქუთაისში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო და მიწის ნაკვეთებს ვანის სოფელ ზეინდარში. ამავე სოფელში, მას, ჯამში 7002 კვ.მ მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი. დეკლარაციიდან ჩანს ისიც, რომ დეპუტატს ვანში მიწის ნაკვეთები აჩუქეს.

ამასთან, ზაზა ლომინაძეს, 2009 წელს, 20 000 დოლარად აქვს შეძენილი მიწის ნაკვეთი ქალაქ ქუთაისში. დეპუტატი ასევე ფლობს ორ მანქანას (TOYOTA -RAV4 2013 LO707ZA და TOYOTA -RAV4 2020 LO 007 ZA), ჯამში 58 500 დოლარის ღირებულების.

გარდა ამისა, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი შპს „ჭადრაკი ტვ-ის“ 40%-ის მეწილეა; შპს "კლინიკა-ლჯ"-ში 35%-ს ფლობს; შპს "ლჯ და კო" - ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრში კი - 25%-ს.

დეკლარაციის მიხედვით, ლომინაძეს აქვს ფულადი დანაზოგიც: 70 000 ევრო და 30 000 დოლარი.

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის ქონების ძირითადი ნაწილი მისი მეუღლის სახელზეა. თამარ ლომინაძე 6 ბინას და ერთ მანსარდს (დაბა ბაკურიანში) ფლობს. მას 2006 წელს შეძენილი აქვს ბინა თბილისში, 2015 წელს - ბათუმში, 2016 წელს - ბათუმსა და დაბა ბაკურიანში, 2018/2022 წლებში - თბილისში. აღნიშნული ქონებები ჯამში 297 000 დოლარის ღირებულებისაა.

ზაზა ლომინაძე პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გამოჩნდა, მანამდე კი სრულად იყო ჩართული სამედიცინო სფეროში.

2014-2017 წლებში ის ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრი გახდა „ქართული ოცნებიდან“. 2020 წელს კი მმართველი პარტიიდან საკანონმდებლო ორგანოში ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი აქვს.

ა/ო "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ზაზა ლომინაძემ და ბეჟან წაქაძემ ქონებრივი დეკლარაცია არაკეთილსინდისიერად შეავსეს. მათივე ცნობით, ისინი, ხშირად, არასრულფასოვნად ასახავენ უძრავ ქონებასა და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. 

რაც შეეხება სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარს, გივი ჭიჭინაძეს, მას ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს (მეათედ) 2024 წლის აპრილში აქვს შევსებული.

დეკლარაციის მიხედვით, ჭიჭინაძე ფლობს 2 ბინას თბილისში, საიდანაც ერთი შეიძინა, მეორე კი აჩუქეს და 2 საცხოვრებელ სახლს, ამბროლაურის სოფ ქვემო თლუღსა და აბასთუმანში. ასევე მიწის ნაკვეთს სამტრედიაში, ეწერში, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო.

დეკლარაციიდან ჩანს ისიც, რომ დეპუტატმა, გასულ წელს, სხვადასხვა თვეში, შვილისგან, ჯამში, 27 000 ლარი მიიღო საჩუქრად. ამასთან, 2023 წლის განმავლობაში, ჭიჭინაძეს, როგორც პარლამენტის წევრს, 46 310 ლარის ანაზღაურება აქვს მიღებული; როგორც ქუთაისის საპატიო მოქალაქეს - 300 ლარი; როგორც შპს ქართული ხმები მომღერალს - 4 461 ლარი; როგორც საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრს - 3 631 ლარი. ამასთან, მას "ბანკი ქართუს" ანგარიშზე თანხა ლარში, დოლარსა და ევროში უფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ გივი ჭიჭინაძეს დეკლარაციაში მხოლოდ უძრავი ქონება აქვს მითითებული. სხვა გრაფები, რომლებიც შეეხება მოძრავ ქონებასა და ფასიან ქაღალდებს, ცარიელია. მისი მეუღლის მაია სოხაძე-ჭიჭინის საკუთრებაშია 2 ბინა თბილისში, რომელიც აჩუქეს.

ჭიჭინაძე 2015-2018 წლებში იმერეთის მხარის გუბერნატორი იყო; 2018-2020 წლებში - საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი „ოცნებიდან“, 2020 წლიდან კი არის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (სამტრედიის, ვანის, ხონისა და წყალტუბოს მაჟორიტარი).

რაც შეეხება საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარ პაატა კვიჟინაძეს, გასულ წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, დეპუტატი 4 მიწის ნაკვეთს ფლობს, საიდანაც სამი მიწის ნაკვეთი საჩხერეში მემკვიდრეობით მიიღო, ერთი კი ქალაქ თბილისში 150 000 ლარად შეიძინა. ასევე მის საკუთრებაშია ავტოფარეხი და 2 ბინა რუსეთში, მოსკოვში, ჯამში 140 000 დოლარის ღირებულების.

აღსანიშნავია, რომ პაატა კვიჟინაძეს, 2022 წელს, მოსკოვში (ოდინცოვოს რ-ნი, სოფელი სოლოსლოვო), მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან მიღებული თანხა 140 000 დოლარი უფიქსირდება. გლდანში მდებარე შენობა-ნაგებობის გაიჯარებიდან შემოსული თანხა კი 43 995 ლარს შეადგენს. მას, როგორც პარლამენტის წევრს, წლიური ხელფასი 46 910 ლარი უფიქსირდება.

რაც შეეხება მის მუღლეს, ნინო გუნიავას სახელზეა 50 000 დოლარის ღირებულების ბინა თბილისში, 250 000 დოლარის ღისებულების მიწის ნაკვეთი ასევე თბილისში და ავტოფარეხი. ასევე, მის მფლობელობაშია ორი მსუბუქი ავტომანქანა (toyota land cruiser prado და mercedes- benz gle 350), ჯამში 59 000 დოლარის ღირებულების. 2022 წელს კი, გლდანში მდებარე შენობა-ნაგებობის გაიჯარებიდან შემოსული თანხა 43 995 ლარი უფიქსირდება. აღსანიშნავია, რომ ნინო გუნიავასა და პაატა კვიჟინიძეს სხვადასხვა ბანკში დეპოზიტები აქვთ.

პაატა კვიჟინაძე 2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ოცნებიდან“; 2016-2020 წლებში - მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (საჩხერის მაჟორიტარი), 2020 წლიდან კი არის მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხარაგაულის, საჩხერისა და ჭიათურის მაჟორიტარი).

პაატა კვიჟინაძე, გივი ჭიჭინაძე, ბეჟან წაქაძე და ზაზა ლომინაძე იმ 84 დეპუტატს შორის არიან, რომელთაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. ამავე დღეს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა, თბილისში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ე.წ. აგენტების კანონის მიღებას, თუკი ის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ-ის ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება მოჰყვება პასუხისმგებელი პირებისთვის. 

დასანქცირებულ პირებს შორის შესაძლოა აღმოჩნდნენ იმერეთიდან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს, თუმცა ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ამისთვის მზად არიან.

ამავე თემაზე:

სანქციები რუსული კანონის მხარდაჭერისთვის - რას ამბობენ დეპუტატები იმერეთიდან

პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმერეთიდან, რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა
დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
15:50 / 23.07.2024
ქუთაისის ყოფილ მერს იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც თანამდებობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა, უფლებამოსილება შეუწყდა.
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე –
ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“
საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
12:02 / 18.07.2024
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.