პოლიტიკა
„რუსული კანონი“ ყველას შეეხება - რა ცვლილებები შევიდა კანონში?!
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონში ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ")  ცვლილება შეიტანა,

ცვლილების თანახმად, კანონი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.

ამის შესახებ მონიტორინგის ნაწილში, ანუ კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტშია საუბარი.

„3. მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.

ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია".


რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან?

"ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია" არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა "განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები"", წერს იურისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.

"ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა" (კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ).

სახელმწიფოს შეეძლება ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის მოთხოვნა და მათი დაჯარიმება.

ესეც "რუსულ კანონში" შეტანილი სიახლეა. 

"კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა პარლამენტმა. თუმცა იქამდე უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ის მარტო ორგანიზაციებს შეეხებოდა...თუ თქვენ, კერძო პირს სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის ფარგლებში მოგთხოვთ, რომ ინფორმაცია წარუდგინოთ და თქვენ ამას დაუყოვნებლივ არ გააკეთებთ დაჯარიმდებით. ჯარიმის ოდენობა 5000 ლარია, " - წერს  ვახუშტი მენაბდე.

როგორც "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი, საბა ბრაჭველი მიუთითებს თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა კანონი უფრო დამძიმდა.

"ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება", – წერს საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში.

აღნიშნული ჩანაწერები კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში გაჩნდა.

რუსულ კანონს  პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე, საბოლოო მოსმენით, გუშინ, 14 მაისს, მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 30. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე დააყენეს.

პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს ხელმოსაწერად ათი დღის ვადაში გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე –
ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“
საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
12:02 / 18.07.2024
პარტია „ლელო“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
„ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და
ორთაჭალაში ახალი ცენტრალური ოფისიც გახსნა.
11:08 / 17.07.2024
„ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო და ორთაჭალაში ახალი ცენტრალური ოფისიც გახსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.