პოლიტიკა
ვინ, რატომ მიდის "ოცნების" აქციაზე იმერეთიდან - თანამდებობის პირების პასუხები
FaceBook
იმერეთის მუნციპალიტეტებში თანამდებობის პირები „ქუთაისიპოსტთან“ საუბარში ღიად ამბობენ, რომ 29 აპრილს, თბილისში, „ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე მიდიან.

ვინ, რატომ  და რა მიზნით მიდის? - ამ კითხვებზე, მათი მხრიდან, პასუხების მოსასმენად იმერეთის 12-ივე მუნიპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს (23 აპრილს) ტელეფონზე დავუკავშირდით. მათგან ზოგმა გვითხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, იგივე რუსულ კანონს, მხარს უჭერს, ამიტომ დედაქალაქში დაანონსებულ აქციას თავადაც შეუერთდება, ზოგმა ჩვენს ზარებს არ უპასუხა, ზოგმა კი კითხვებს თავი აარიდა.

ასე მაგალითად, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ჩვენს ზარს, ტრადიციულად, არ უპასუხა და არც პრესცენტრში გაგვცეს პასუხი. სამაგიეროდ, აქციის ანონსის ქარდი აქვს გაზიარებული, რაც ცხადია, 29 აპრილის აქციაზე წასვლას ემხრობა.



ანალოგიურად, ჩვენს კითხვებს თავი აარიდა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამაც. ოღონდ, მერისგან განსხვავებით, ირაკლი შენგელიამ სატელეფონო ზარს უპასუხა, კითხვაც მოისმინა და მხოლოდ ამის შემდეგ გვითხრა, რომ პრესსამსახურს დავკავშირებოდით.

"ტელეფონით ვერ გაგესაუბრებით, დაუკავშირდით პიარს და მოგცემთ სრულყოფილ ინტერვიუს“,- გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, თუმცა, პასუხი არც მისი პრესსამსახურისგან მიგვიღია. 




მათგან განსხვავებით, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი ჩვენთან საუბარში ღიად ამბობს, რომ აქციაზე აუცილებლად წავა, რადგან თვლის, რომ "ქვეყანას ასე სჭირდება". 

„როცა ქვეყნის ინტერესებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, მე ყოველთვის იქ ვდგავარ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება. ყველა ნორმალური ქართველი უნდა იყოს იქ მობილიზებული, მივიდეს და ერთად განვაცხადოთ: გვინდა ევროპა, გვინდა მშვიდობა“, - განმარტავს ის.

უფრო მეტიც, ლურსმანაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს, ვისაც აქციაზე წასვლა სურთ, მთავრობა ხელს ყველანაირად შეუწყობს. 

„შეკრების ორგანიზატორია პარტია „ქართული ოცნება“, შესაბამისად, ლოჯისტიკურ საკითხებსაც ის გადაწყვეტს. ჩვენ მივცემთ მოსახლეობას შესაძლებლობას, ვისაც სურვილი აქვს თბილისში წასვლის, იყვნენ იქ, ამაში ხელს შევუწყობთ. ასე რომ, ხარაგაულიდან უერთდებიან კი არა, ხარაგაული ბობოქრობს იმის გამო, რასაც სჩადიან ეს გარკვეული ინდივიდები, რომელთა ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობაა, ვიღაცების დაკვეთას ასრულებენ და ცდილობენ, ეს ქვეყანა ომში ჩაითრიონ“,- გვითხრა კობა ლურსმანაშვილმა.

თბილისში წასვლას გეგმავს ხონის მუნიციპალიტეტის მერიც. ლადო ჯურხაძე ამბობს, რომ აქციას, როგორც დამოუკიდებელი პირი, ისე შეუერთდება, რადგან მხარს უჭერს იმ კანონს „რომელიც არის ქართული კანონი“.

კითხვაზე, ხელისუფლების დავალებით მოდის თუ არა დედაქალაქში, ლადო ჯურხაძე ასე გვპასუხობს:

„როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ცხოვრებაში ვინმე დამავალებს რამეს, ან ვინმე ვინმეს დაავალებს? ეს არის მოწოდება და ვინც დაინტერესებული იქნება და ვინც ფიქრობს, რომ სწორ გზაზეა, ის ადამიანები შეიკრიბებიან იქ. თითოეული ადამიანი პირადად მიიღებს გადაწყვეტილებას“,
- განმარტავს ის.

თავისი სურვილის მიხედვით რომ შეუერთდებიან აქციას იმერეთის გუბერნიაში დასაქმებულები, ამას გვეუბნება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულიც. ზვიად შალამბერიძის განმარტებით, აქციას, სავარაუდოდ, თავადაც შეუერთდება.

„სამუშაო დღეა, შესაბამისად, ასე ერთი ხელის მოსმით ყველა, რა თქმა უნდა, ვერ წამოვა. სამუშაო პროცესი რომ არ შეფერხდეს, ვისაც ექნება სურვილი, წავა თბილისში აქციაზე",- ამბობს იმერეთის გუბერნატორი.



„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, იგივე რუსულ კანონს მხარს უჭერს ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილიც, თუმცა წავა თუ არა თბილისის აქციაზე, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

„ჯერ არ არის გადაწყვეტილი სადმე წასვლა ჩვენგან და თუ ვინმე წავა, არავის არაფერზე შეეშლება ხელი (სამუშაო დღის გამო) და ნურავინ ნუ ინერვიულებთ მაგაზე",- გვითხრა გოგორიშვილმა.

29 აპრილის აქციაზე წასვლა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ჭეიშვილსაც.

„რა თქმა უნდა, ვუჭერ ამ კანონს მხარს, ვუერთდები ამ იდეას, მაგრამ წავალ თუ არ წავალ, მაგას ზუსტად ვერ გეტყვი“,- განმარტავს ჭეიშვილი.

ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ კიკნაველიძე კი აქციაზე წასვლას მისი პირადი სურვილითა და კანონის მხარდამჭერობით ხსნის.

„დიახ, რა თქმა უნდა, ვუერთდები აქციას. პირადად, ჩემი სურვილია, რომ ვიყო იქ, რადგან მხარს ვუჭერ პარტია „ქართულ ოცნებას“, მის ევროპულ კურსს და ასევე გამჭვირვალობის კანონს, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს მეორე და მესამე მოსმენით,“- განმარტა გურამ კიკნაველიძემ.

მის მსგავსად ფიქრობს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით კიკნაძეც.

„ვაპირებ რომ შევუერთდე აქციას. რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ ამ კანონს“, - განმარტავს ის.

შეუერთდებიან თუ არა თანამდებობის პირები 29 აპრილის აქციას, ამაზე კონკრეტული პასუხები საჩხერის, ბაღდათის, სამტრედიის, თერჯოლის, ზესტაფონის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან ვერ მივიღეთ, თუმცა აღნიშნული მუნიციპალიტეტის ყველა მერს აქციის ანონსის ქარდი გაზიარებული აქვს.



საჩხერის, ბაღდათის, სამტრედიის, თერჯოლის, ზესტაფონის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მერების პოსტები

„ჯერჯერობით არაფერი არ ვიცით, შესაძლოა წავიდნენ, შესაძლოა არა. ჯერ კონკრეტული პასუხი არ გვაქვს“, - განმარტეს ტყიბულის მერიის პრესცენტრში.

საჩხერის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მერი ახლა მივლინებით არის წასული და თვითონ გადაწყვეტს, რა როგორ გააკეთოს.

ბაღდათის მერიაში განმარტეს, რომ მერს შვებულება აქვს და მოგვიანებით გაარკვევენ.

ანალოგიურად გვიპასუხეს ზესტაფონის მერიის პრესსამსახურშიც, რომ მერი შეხვედრაზეა ოფიციალური მივლინებით და ახლა ვერ გვიპასუხებს.

ჭიათურისა და სამტრედიის მერიაში კი (23 აპრილს) გვითხრეს, რომ საკითხზე პასუხს ჯერჯერობით ვერ გაგვცემენ.

რაც შეეხება თერჯოლის მუნიციპალიტეტს, სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ჯგუფიდან გავრცელდა მიმოწერის "სქრინები", საიდაც ჩანს, რომ საჯარო მოხელეები თანამშრომლებს ავალდებულებენ, გადადონ ყველანაირი საქმე და თბილისში "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე წავიდნენ. ამასთან, აქციაზე წასვლის მსურველები მეზობლებშიც ეძებონ.

თერჯოლის მერის წარმომადგენელი თუზის ადმინისტრაციულ ერთეულში, მამუკა გოგბერაშვილი ჯგუფში წერს, რომ როცა ოჯახიდან ორი ადამიანია დასაქებული, აქციაზე ერთი მაინც უნდა წავიდეს, გამონაკლისი მხოლოდ „პატარა ბავშვიანი დედები იქნებიან“. ის აქციაზე წამოსულებს უფასო ტრანსპორტსა და საკვებსაც ჰპირდება. 




აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ გვსურდა, მამუკა გოგბერაშვილისთვის კითხვების დასმა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

"ქართულმა ოცნებამ", 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, რუსულ კანონთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო შეკრება დაანონსა. ცნობილია ისიც, რომ აქციას დაესწრება თავად ბიძინა ივანიშვილიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ „მნიშვნელოვანია 29 აპრილს, დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც, ქუდზე კაცი გამოვიდეს რუსთაველზე", რისთვისაც ხელისუფლება მუქარითა თუ მოსყიდვით ყველა რესურს იყენებს.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, პირველი მოსმენით, 17 აპრილს მიიღი. მას 83-მმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ოპოზიციონერმა ქალმა პარლამენტარებმა, ქუთაისში, სამოქალაქო
საზოგადოებასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა
გამართეს.
17:32 / 17.06.2024
ოპოზიციონერმა ქალმა პარლამენტარებმა, ქუთაისში, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.


პარტია
18:36 / 15.06.2024


პარტია "ახალმა" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.