პოლიტიკა
NGO წარსულის მქონე თანამდებობის პირები ქუთაისში, რომლებიც დღეს "რუსულ კანონს" უჭერენ მხარს
FaceBook
ქუთაისში თანამდებობის პირები, რომლებიც ე.წ ''გამჭვირვალობის კანონის'' იგივე ''რუსული კანონის'' გავრცელების პროპაგანდაში არიან ჩართულები,
წლების განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობდნენ.

დღეს კი ისინი, სოციალურ ქსელში საზოგადოებას არწმუნებენ, რომ კანონი, რომელიც საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნებისგან დაფინანსებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავს, რუსული კანონი სულაც არ არის და საქმე მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება.

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დღეს იმ ორგანიზაციების საქმიანობას შეზღუდვას უჭერს მხარს, რომლებთანაც წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. ქალაქის მერი სხვადასხვა წლებში მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდში, “ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო"-ში და სხვა ორგანიზაციებში. იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი; აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო”-ს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლეთ საქართველოს თემთა მობილიზაციის ინიციატივა” გრანტების ოფიცერი და სხვა. 



სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე სამი წლის  განმავლობაში გაეროს განვითარების პროგრამის „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“ ფინანსური ანალიტიკოსის პოსტს იკავებდა. დღეს კი რუსული კანონის მხარდამჭერია. 


ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ლილუაშვილი
2011-2013 წლებში არასამთავრობო კოალიციის ''ეს შენ გეხება''-ს წარმომადგენელი იყო. დღეს ის აქტიურად აზიარებს "რუსული კანონის" მხარდამჭერ ქარდებს. 


საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" მერაბ ჭოხონელიძე წლებია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ამ წლების განმავლობაში მერაბ ჭოხონელიძემ „სოროსის ფონდიდან“ გრანტი სამჯერ მოიგო, თუმცა დღეს არა ევროპულ, არამედ რუსულ პროპაგანდას ეწევა.


ქუთაისის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბექა ქებულაძე ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც აქტიურად აზიარებს რუსული კანონის პროპაგანდისტულ ვიდეობს თუ პოსტერებს. ბექა ქებულაძე 6 თვის განმავლობაში საიას ქუთაისის ორგანიზაციის სტაჟიორი იყო. 2012 წლის 11-12 აპრილს კი ევროპის საბჭოსა და იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის მიერ ორგანიზებულ სემინარში ,,არასათანადო მოპყრობის საჩივრებთან დაკავშირებული გამოძიების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან’’ მონაწილეობდა. დღეს კი თანახმაა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეიზღუდოს. 


"ქუთაისიპოსტი''  დაინტერესდა, ავალებდნენ თუ არა ამ თანამდებობის პირებს არასამთავრობო სექტორში მუშაობის დროს უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას, საქართველოს ინტერესების საზიანოდ. ჩვენ ყველა მათგანთან დაკავშირება ვცადეთ. ბექა ქებულაძემ როგორც კი მოისმინა კითხვის პირველი ნაწილი, ტელეფონი გათიშა. პაატა ლილუაშვილმა კითხვის დასმის შემდეგ გვითხრა, რომ ფრაქციის სხდომაზე შედიოდა და ვერ გვიპასუხებდა. იოსებ ხახალეიშვილმა და მერაბ ჭოხონელიძემ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს, ხოლო ზვიად შალამბერიძესგან ავტომატური შეტყობინება მივიღეთ, რომ პასუხის გაცემა არ შეუძლია, რის შემდეგაც სმს შეტყობინების სახით შეკითხვა დავუტოვეთ, გუბერნატორის პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდამჭერ კამპანიაში, მმართველი პარტიის ეროვნულ და ადგილობრივ წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტების ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეებიც ჩაერთნენ.

3 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ოფიციალურად დაარეგისტრირა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ზუსტად იმავე ტექსტით დაინიცირდება, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით: ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ , ახლა გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი კი უცვლელი დარჩება.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი "ქართული ოცნებიდან“ ფორმალურად წასული ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებულია.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუხდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ
აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო
ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად
ემზადებიან.
10:35 / 29.04.2024
''ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში წასასვლელად ემზადებიან.
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით
განხილვა დაიწყო. 
09:23 / 29.04.2024
საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, იგივე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.