პოლიტიკა
წიაღის მომპოვებელი კომპანიები იმერეთში, რომლებმაც “ოცნებას“ დიდი თანხები შესწირეს
FaceBook
იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების 140 ლიცენზიანტიდან 56 პოლიტიკური შემწირველია ანდა სახელმწიფო შესყიდვების პროცესშია ჩართული.

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, 37 სხვადასხვა ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2,485,931 ლარის ოდენობის შემოწირულება გაიღო, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები “ქართული ოცნებაა”.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კი წიაღის ლიცენზიის მოპოვების მქონე 26 კომპანიაა ჩართული და მათ ჯამში 757,566,585 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ მიღებული.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევებში ტენდერებში ჩართული და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერი ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021 წლებში მიიღეს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეს კომპანიები როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებენ.

კვლევაში მოხვდნენ ის კომპანიებიც, რომლებიც მოქმედ ანდა ყოფილი თანამდებობის პირებთან არიან კავშირში. მათ შორისაა ვანის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ბიჭიკო პაიკიძე, რომელმაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ, 2016 წელს, პირადად, 12 000 ლარი გაიღო, მისმა კომპანია შპს “B.P.TRANS”-მა კი 2019-2021 წლებში 26,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან.

როგორც კვლევაში აღნიშნული ბიჭიკო პაიკიძეს ახლო კავშირები აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან (იგი პაიკიძის შვილის ნათლიაა).

2014-2023 წლებში 31,562,630 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები აქვს მიღებული კიდევ ერთ ლიცენზიანტ კომპანიას - შპს “ჯორჯიან ენერჯის”, რომლის 100%-ს დღეს ზვიად ჩხობაძე ფლობს. მან მმართველ პარტიას 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა.

მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს შპს “კომპანია ბლექ სი გრუპიც”, რომლის ამ გზით მიღებული შემოსავალი 446,673,239 ლარია. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მეწილე გიორგი კალანდაძე (25%) ამავდროულად არის პარლამენტარ ბექა ოდიშარიას პარტნიორი შპს-ში “ძველი დედაქალაქი“.

„გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, ტეშენიტის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “როუდ ქონსტრაქშენს”. Ამ კომპანიას 2017-2023 წლებში სახელმწიფო შესყიდვების სახით მიღებული აქვს 38,586,588 ლარი.

„კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს. Მათგან მხოლოდ ერთი - 34% წილის მფლობელი გიორგი გოგიბერიძეა პოლიტიკური პარტიის შემწირველი. მან 2012 წელს 60,000 ლარი შეწირა მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. Მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამავე კომპანიის 33% წილის მფლობელი, ვაჟა ფანჩულიძე 2014-2015 წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო“,- აღნიშნულია კვლევაში.

ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “კავკასენერგოს”, რომლის 100% წილის მფლობელს, გიორგი მოლაშხიას 100,000 ლარი შეუწირავს მმართველი პოლიტიკური პარტიებისთვის და 28,226,116 ლარის ოდენობის ხელშეკრულებები აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მოლაშხიას ბიზნეს-პარტნიორი სხვა კომპანიაში (შპს “ტრანს სერვის”) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძეა. იგი დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსის” სიით გახდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის, ასევე კომპანიებთან დაკავშირებული პირების მიერ გაღებული პოლიტიკური შეწირულობების საკითხი და დაადგინოს, შეიცავს თუ არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი
16:50 / 05.12.2024
იმერეთის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" უკრაინის მიერ მის დასანქცირებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.