პოლიტიკა
შშს -ს ინფორმაციით, საპროტეტსო აქციაზე პოლიციამ 133 ადამიანი დააკავა
FaceBook
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7-8 მარტს პოლიციამ ჯამში, 133 პირი დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული,მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები 8 მარტს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მობილიზებული იყვნენ.

საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება. აქციის მიმდინარეობისას, საპოლიციო ძალები განთავსებული იყო პარლამენტის შენობაში, რათა არ მომხდარიყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან.

მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. შეკრებილები აგრესიულად იქცეოდნენ და დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებსა, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

პოლიციამ არაერთხელ სცადა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა - აგრესიული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაარიდა და აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები.

აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. დაშავდნენ მოქალაქეებიც.

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, 66 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.

საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.