პოლიტიკა
ინტერვიუ ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან
FaceBook
ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმერეთში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმყოფებოდა. ამავე ვიზიტის პერიოდში, ელჩი "ქუთაისიპოსტს" ეწვია.

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და პოლიტიკური მოვლენები - ეს ის თემებია, რაზეც აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "ქუთაისიპოსტთან"ინტერვიუში ისაუბრა.




ტექსტი წაიკითხეთ აქ.


- საქართველო-ამერიკას შორის დიპლომატიური კავშირის დამყარებიდან 30 წელი გავიდა. თქვენ ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის რეგიონებს სტუმრობთ და ადგილზე ეცნობით სიტუაციას. ამ გადასახედიდან, რა ეტაპზეა დღეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. რა გამოწვევები არსებობს ჯერ კიდევ?

- ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ, "ქუთაისიპოსტის" ოფისში. ჩემთვის დიდი პრივილეგიაა, რომ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს და ამ აღნიშვნის ფარგლებში ვმოგზაურობ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სადაც კი წავედი და მოვინახულე რეგიონები, ჩემზე ყოველთვის დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ მჭიდრო თანამშრომლობამ და პარტრიონობამ, რაც წლების მანძილზე საქართველოსა და ამერიკას შორის ჩამოყალიბდა. ამ პარტნიორობის შედეგს და მაგალითს ვხედავდი ყველგან. ის ეფუძვნება ჩვენი ქვეყნების საერთო ხედვებსა და საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: თავისუფლება, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, სიყვარული ოჯახის, მეგობრის, რელიგიისა და კულტურის მიმართ. ეს ისაა, რაც ასე გვაახლოვებს და გვაერთიანებს, თუმცა მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს ღირებულებები არ არის ახალი საქართველოსთვის. თქვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე ყოველთვის ხდებოდა ამ ღირებულებების, ადამიანის უფლებების, დამოუკიდებლობის, თავისუფლების წინა პლანზე წამოწევა. მე ვესტუმრე აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს და შევიტყვე კიდევ უფრო მეტი მისი მოღვაწეობის, ერთგულების შესახებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის არ იყო ერთადერთი, ვინც ამ ღირებულებებს უჭერდა მხარს, ეს ზოგადად საქართველოს ისტორიასა და კულტურაშია.

ჩვენ ამ პარტნიორობის შედეგად მივაღწიეთ ძალიან ბევრს. ეს პარტნიორობა მიმართულია საქართველოს ძალიან მკაიფიო არჩევანის მხარდასაჭერად. ეს არჩევანი გულისხმობს უსაფრთხო, განვითარებულ, წარმატებულ დემოკრატიას. თითოეული ჩვენი აქტივობა და დახმარება სწორედ ამისკენაა მიმართული. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველომ ბევრს მიაღწია დემოკრატიული განვითარების კუთხით, თუმცა კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს არჩევანს.

- ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება უმთავრესია, რაც ამჟამად დღის წესრიგში დგას. თქვენ აქტიურად ადევნებთ თვალს პროცესს და ღიად აჟღერებთ რეკომენდაციებს. როგორ ფიქრობთ, რამდენად მზადაა ამისთვის საქართველო და არსებობს თუ არა რისკები იმისა, რომ ვერ მივიღოთ ეს სტატუსი?

ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გადაწყვეტს ევროკავშირი და ევროსაბჭო. ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს საქართველო გაერთიანებას და ერთად დგომას ამ პროცესში. სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვამახვილებდი და ვამახვილებთ ყურადღებას ერთიანობაზე. კარგად მესმის, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ყველა მხარემ გვერდზე უნდა გადადოს თავისი განსხვავებული პოზიცია და იმოქმედოს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ეს რეკომენდაციები ასევე მოცემულია საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში, წერია შარლ მიშელის შეთანხმებაშიც.

ვფიქრობ, ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმას, თუ რამდენად შეძლებს ქართველი ხალხი თანამშრომლობას, ერთად მუშაობას, ამ პროცესის ინკლუზიურად წარმართვას და ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც ქართველი ხალხის ინტერესშია. მნიშვნელოვანია, რომ ეს რეფორმები და კანონპროექტები იყოს შინაარსიანი და რეალურად პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რაც თქვენს წინაშეა. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში არ არის აუცილებელი აჩქარება. ჩვენ მოვუწოდებთ კანონპროექტების გადაგზავნას ვენეციის კომისიაში. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ჰქონდეთ გამბედაობა და ეს პროცესი წარიმართოს ჭეშმარიტად ინკლუზიური გზით. ეს ის არის, რასაც იმსახურებს ქართველი ერი.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებაა, ჯერ კიდევ ძლიერია რუსული პროპაგანდა, რაც მოსახლეობის ერთ ნაწილზე მუშაობს. ეს უფრო გაძლიერდა რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობისას. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ და როგორ უნდა დავაღწიოთ თავი რუსულ გავლენას?


დიახ, ეს სერიოზული პრობლემაა. რუსეთი ძალაინ დიდ ენერგიას და აგრესიას დებს დეზინფორმაციულ კამპანიაში და ეს ახალი არ არის. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში კარგად იციან ამის შესახებ. ზუსტად ამისი გაგრძელებაა, რომ უნდა, მეტი დაბნეულობა შეიტანოს მოსახლეობაში, მოქალაქეებისგან მეტი კითხვა წამოიჭრას.

ჩვენი საელჩო მხარს უჭერს გარკვეულ პროგრამებს, რომელიც მიმართულია დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, რომ ადამიანებმა შეძლონ სიმართლის დადგენა და გადაამოწმონ ფაქტები, რადგან საუკუნეების მანძილზე ბევრი იყო პირობის დარღვევა და კონსპირაციის თეორიები. თუმცა, ხალხი მაინც ხვდება რა არის სიმართლე და რა ტყუილი.

მინდა ერთი რამ, ძალიან მკაფიოდ აღვნიშნო: ყველას სურს მშვიდობა და ერთადერთი ადამიანი, ვისაც ეს არ სურს, ვლადიმერ პუტინი და რუსეთია. ამის გარდა, ყველა ქვეყანა მუშობს, რომ აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა, რადგან მხოლოდ სტაბილურობას შეუძლია მოგვიტანოს წარმატება და განვითარება. თუმცა ასეთი ტიპის დეზინფორმაციული კამპანიები ასუსტებს მოსახლეობის რწმენას, მხარდაჭერას დასავლური ინტეგრაციისკენ. ამიტომ, ჩვენი მოვალეობაა, ამ ყველაფერს დავუპირისპირდეთ. მთავარი იარაღი დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიმართლის თქმაა. სწორედ აქ ვლინდება რეგიონალური მედიაორგანიზაციების დიდი როლი. როგორც, ძალიან სანდო წყაროს - ასე გიცნობთ თქვენ მოსახლეობა და გაქვთ შესაძლებლობა, მათ ჭეშმარიტი ინფორმაცია მიაწოდოთ. ჩვენ კი უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ. საქართველოს არჩევანი ევროპული მომავლისკენ არის ძალიან მკაფიო. ეს ასე იყო 100 წლის წინათაც, როდესაც საქართველოში იყო ძლიერი დემოკრატია, მრავალპარტიული პარლამენტი და პროგრესული კონსტიტუცია. დემოკრატია - ქართველების სისხლსა და დნმ-შია.

- სასამართლო რეფორმა და მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. როგორია თქვენეული შეფასება ამ კუთხით და რას გვეტყოდით გახმაურებულ პროცესებთან დაკავშირებით - ვგულისხმობ სააკაშვილისა და გვარამიას საქმეებს.

სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. ამას ჩვენ ყოველთვის ვუსვამდით ხაზს. ამერიკის საელჩო თავისი სხვადასხვა სააგენტოსა (უსიდე) და სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამების მეშვეობით სასამართლო სისტემისა და მისი რეფორმირების მხარდაჭერას ახორციელებს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ყოფნის დროს მქონდა მოსამართლეებთან შეხვედრის შესაძლებლობა და მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიონალი კადრებია მოსამართლეების, რომლებიც სამართლის წარმოებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით ახორციელებენ და იღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა, ამ ბოლო პერიოდში, გახმაურებული საქმეები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არის პრობლემა სასამართლოს მიუკერძოებასთან, ასევე მოსახლეობაში სასამართლო სისტების დამოუკიდებლობასა და გამჭირვალობასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მეტი რეფორმა, რომ გაუმჯობესდეს სასამართლო სისტემა. ვინც არ უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე, უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი იქნება სამართლიანი და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებული.

ჩვენ მრავალი წელია ვმუშაობთ საქართველოს სასამართლო სისტემასთნ. რა თქმა უნდა გარკვეეული პროგრესი შეინიშნება გამჭვირვალობის კუთხით. თუმცა სწორედ ეს რეფორმებია უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე შარლ მიშელის დოკუმენტის თანახმად. ასევე იმ 12 რეკომენდაციიდან, რაც ევროკავშირმა მისცა საქართველოს. საკმაოდ კომპლექსური პროცესია არსებული სასამართლო სისტემის შეცვლა და იმ დონეზე აყვანა, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა მოსამართლეებთან, პროკურორებთან, ვისაც აქვთ ერთგულება და სურვილი, გაატარონ ეს მნიშვნელოვანი რეფორმები.

- ბოლო წლებია, საქართველოს უამრავი ადამიანი ტოვებს. მათი დიდი ნაწილი აშშ-ში მიდის ლეგალურად, მაგრამ უფრო დიდი ნაწილი არალეგალურად, მექსიკის გავლით. რისი ბრალი უნდა იყოს ასეთი მასიური გადინება. ის, რომ ეკონომიკური ინდექსი გაუარესდა, რაზეც ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრება აქვს, თუ ის, რომ პანდემიის პერიოდში შეზღუდული იყო მიღება საკონსულოში?

- უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით , ეს არის ძალიან საშიში და ამავდროულად არაკანონიერი. ამასთანავე, გართმევთ შანს, მეორედ ჩამობრძანდეთ ამერიკაში უკვე ლეგალურად. როდესაც ასეთი გზით შედიხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ითვლება რომ იქ იმყოფებით არალეგალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება ამ ადამიანების დეპორტაცია. ვწუხვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.
რაც შეეხება ვიზის საკითხს, პანდემიის გამო გარკვეული პერიოდი იყო შეფერხებული და ბევრი საქმე დაგროვდა ამ კუთხით. ეს არა მარტო საკონსულოში, არამედ მსოფლიოს მაშტაბითაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ ვიზა და გაემგზავრნონ. უბრალოდ ამისათვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და უფრო ადრე საბუთების შემოტანა. ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კოვიდის პერიოდმა გარკვეული შეზღუდვები მოგვიტანა და სწორედ ამან გამოიწვია ინტერვიუების შეფერხება ,თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მე ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ამერიკაში მოხვედრა, რომ ყველაფერი გააკეთონ კანონიერი გზით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.