პოლიტიკა
აშშ-ს ელჩი: მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა
FaceBook
ქუთაისში ვიზიტად მყოფმა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელი სააკავშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტება გააკეთა.
ელჩის განცხადებით,  მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი უფლებების დაცვა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. შექებას იმსახურებს სახალხო დამცველის საქმიანობა და მისი მუდმივი მონიტორინგი ამ მიმართულებით. როგორც ვიცით, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები ორჯერ ესტუმრნენ მას. საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მისი უფლებების დაცვა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების. ჩვენ ველოდებით იმის ნახვას, რომ ეს საკონსტიტუციო ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცულია“,- განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანი ომბუდსმენის შერჩევის პროცესსაც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი სახალხო დამცველი, ის უნდა იყოს კვალიფიციური და დამოუკიდებელი.  ახლის არჩევამდე კი, მოქმედი ომბუდსმენი შეაფასა.  

„როგორც ვნახეთ, ნინო ლომჯარიამ და მისმა პროფესიონალთა გუნდმა სახალხო დამცველის ოფისიდან, გამორჩეული სამუშაო შეასრულა. ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვანი პოზიციაა სახალხო დამცველის თანამდებობა - ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლის მოვალეობაც არის თითოეული ადამიანის უფლებების დაცვა, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და უნდა შესრულდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ ვინც არ უნდა გახდეს შემდეგი სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული და მზად, აიღოს ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რაც წარმოადგენს კონსტიტუციით გაცემულ მანდატს საქართველოს ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვისთვის“, - განაცხადა ელჩმა.

საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი,  იმერეთში ვიზიტის ფარგლებში დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

„ძალიან მიხარია, რომ ვსტუმრობ იმერეთს. მოვინახულე ის ადგილები, სადაც ადრე არ ვყოფილვარ. ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი იმერეთში, ქუთაისში. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა სტუდენტებთან. ასევე მქონდა შესაძლებლობა, მომენახულებინა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი და შევიტყვე უფრო მეტი მისი მოღვაწეობის შესახებ. გუშინ საღამოს გვქონდა მიღება, სადაც მოწვეული იყო ყველა ჩვენი მეგობარი და პარტნიორი იმ მრავალი სხვადასხვა მიმართულებისა და პროგრამისა, რასაც ჩვენ იმერეთის რეგიონში ვახორციელებთ. იქნება ეს მართლმსაჯულების მხარდაჭერა, განათლების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ეკონომიკის, დემოკრატიის განვითარების და ა.შ.

ჩვენი ეს ერთობლივი ძალისხმევა, რა თქმა უნდა, მიმართულია იმ მიზნების განხორციელებისკენ, რაც გულისხმობს უსაფრთხო, განვითარებულ, წარმატებულ საქართველოს. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ, დავუჭიროთ მხარი ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანს, მკაფიო სურვილს, რაც გულისხმობს საქართველოს ევროპის წევრობას, მისი ევროკავშირისა და ნატოს წევრობას. ჩვენი დახმარება და ძალისხმევა ზუსტად ამ მიზნებს, ქართველი ხალხის მკაფიო სურვილს ემსახურება", - განაცხადა კელი დეგნანმა.

იმერეთი ბოლო რეგიონია, რომელსაც ელჩი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში სტუმრობს. ამავე ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ელჩი  „ქუთაისიპოსტსაც“ ეწვია.  ელჩი მედიაორგანიზაციის ოფისში "ქუთაისიპოსტის" საქმიანობას გაეცნო. ასევე, "ქუთაისიპოსტის"  სტუდიაში ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე. გადაცემის ჩანაწერი "ქუთაისიპოსტის" ვებ-გვერდზე (www. Kutaisipost.ge) უახლოეს პერიოდში განთავსდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.