პოლიტიკა
"უკრაინას და მოლდოვას სტატუსი ავანსად მისცეს" - ირაკლი ღარიბაშვილი
FaceBook
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ომის, მოლდოვას კი ამავე ომის პირობებში მომატებული საფრთხის გამო მისცეს.

მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურმა შინაარსობრივად გააიგივა უკრაინა-მოლდოვისა და საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები და თქვა, რომ სტატუსი, რომელიც ამ ორმა ქვეყანამ მიიღო, ავანსია და რეალურად, მათაც ისევე მოუწევთ პირობების შესრულება, როგორც საქართველოს.

"მოლდოვას და უკრაინას აქვს იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომ მიენიჭებათ მათ სტატუსი, ანუ რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის წამახალისებელი ავანსი, მაგრამ მათაც მოსთხოვენ რეფორმების გატარებას. ჩვენ შემთხვევაში არის პირიქით, ჩვენ ჯერ უნდა შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რაც არის გათვალისწინებული და შემდეგ მივიღოთ სტატუსი. უკრაინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ომი გრძელდება, ასევე მძიმე მდგომარეობაშია მოლდოვა, რომელსაც ასევე გაეზარდა რისკები. უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში. ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს და ჩემთან პირად საუბრებშიც უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ასეთ მდგომარეობაში. ნამდვილად არ მშურს მათი და მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება",
- თქვა პრემიერმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა "ქართული ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის "ღვაწლზე" ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღეს. საქართველოს კი ევროკომისიამ რეკომენდაციების შესასრულებლად დრო წლის ბოლომდე მისცა. ამაზე იქნება დამოკიდებული მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს.

დღეს, 20 ივნისს, 20 საათზე სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები აზიანებს ევროპულ პერსპექტივას, აქციას გამართავენ. შეკრების მიზანია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დაფიქსირება და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ საქართველოს სურს ევროპა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.