პოლიტიკა
თანამშრომლებისთვის ჩამორთმეული სტატუსი და მზადება არჩევნებისთვის
FaceBook
ქუთაისის მერიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ 89 თანამშრომელს საჯარო მოხელის სტატუსი ჩამოართვა.

ცვლილების მიხედვით, მერის წარმომადგენლები და მუნციპალიტეტში დასაქმებული თანამშრომლები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებად ჩაითვლებიან. ისინი აღარ ისარგებლებენ უვადო დანიშვნის პრივილეგიით და სამსახურში აღარც მათ ასაყვანად იქნება საჭირო კონკურსის გავლა. ერთადერთი კი ვისაც ამ მოცემულობის გამოყენება შეუძლია, მერიაა.

"საჯარო სამსახურის შესახებ კანონში" შეტანილი ცვლილება ქუთაისის საკრებულომ 14 მაისის სხდომაზე დაამტკიცა. მერიაში ამბობენ, რომ ამით შტატების რაოდენობა შეამცირეს, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კი თვლის, რომ ხელისუფლება ამ ფორმით არჩევნებისთვის ემზადება.

ქუთაისის მერს ადმინისტრაციულ ერთეულებში 12 წარმომადგენელი ჰყავს, მათ დაქვემდებარებაში კი 77 თანამშრომელია. იმის გათვალისწინებით, რომ მერი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, როგორც მის წარმომადგენლებს, პირადი შეხედულების საფუძველზე ნიშნავს, ისინი ავტომატურად ითვლებიან მერის პოლიტიკის გამტარებლებად. წინასაარჩევნო პერიოდში კი, როგორც წესი, ყველაზე აქტიურად არიან ჩართული მმართველი გუნდის სასარგებლოდ მუშაობაში.

ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული ეს ცვლილება, მუნიციპალიტეტების საკუთარი კადრებით დაკომპლექტების შესაძლებლობას აძლევს მერის მოვალეობის შემსრულებელსაც. დავით ერემეიშვილი რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას ცდილობს, ფაქტია. პოსტზე მისი დანიშვნიდან მალევე, თანამდებობა დატოვა ორი სამსახურის უფროსმა. ოფიციალური ინფორმაციით, ადმინისტრაციული და აუდიტის სამსახურის უფროსებმა პოსტებზე უარი პირადი განცხადების საფუძველზე თქვეს.

თავად მერის მოვალეობის შემსრულებელი, ქუთაისიპოსტთან საუბარში არ უარყოფს, რომ მოუწევს იმ თანამშრომლებთან დამშვიდობება, ვინც გუნდს მხარს ვერ აუბამს.

"თვითონ (ადმინისტრაციული და აუდიტის სამსახურის უფროსებმა) მიიღეს გადწყვეტილება და მოინაცვლეს პოზიციურად ადგილები. ისინი აღარ არიან სამსახურის ხელმძღვანელები, მაგრამ რჩებიან მერიაში. იმათ ადგილებზე ახლა გამოვაცხადებთ ვაკანსიებს და დაველოდებით ვინც უკეთესად მომზადებული მოვა. ცვლილებებს უნდა ველოდოთ ყოველთვის. ვინც მხარს ვერ აგვიბამს, მოგვიწევს მათთან დამშვიდობება და ეს არის ბუნებრივი. ჯერჯეობით, არ ვიცით, ნელ–ნელა ვაკვირდებით და ვნახოთ. ის, რომ ერემეიშვილი ემზადება, ეს არ არის სწორი. მე ვარ მერის მოვალეობის შემსრულებელი და არ მაქვს არანაირი უფლება მიზეზის გარეშე გავუშვა ვინმე სახლში. ეს არ არის ქუთაისის მერიის გადაწყვეტილება, ეს არის სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ვისაც გადაწყვეტს მთავრობა რომ იყოს ქუთაისის მერი, ის დაიწყებს ამ თანამშრომლებზე მუშაობას",–ამბობს დავით ერემეიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", რომელიც ამ ცვლილებას ადრეც ეწინააღმდეგებოდა, მერის წარმომადგენლებისთვის საჯარო მოხელის სტატუსის ჩამორთმევას, პროცესის პოლიტიზირებად აფასებს. ორგანიზაციის იურისტი, გიგა ჩიხლაძე ღიად ამბობს, რომ ამით ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტებს წინასაარჩევნოდ სასურველი კადრების დანიშვნის შესაძლებლობა მისცა.

"ადრეც იყო ამის მცდელობა,მაგრამ მაშინ თვითმმართველობის კოდექსი არ იძლეოდა ამის საშუალებას, ახლა უკვე კოდექსშიც შევიდა ცვლილება და ფორმალური მხარე კანონიერია, მაგრამ ძალიან პრობლემურია შინაარსი. საქმე იმაშია, რომ ეს პოზიცია სრულად შესაბამება საჯარო მოხელის კვალიფიკაციას და თავის თავში გულისხმობს სწორედ მუდმივობას. ახლა კი გადააქციეს ისეთ პოზიციად, რომლის დანიშვნა–გათავისუფლებას არ სჭირდება არანაირი საფუძველი. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ ადამიანებს ამუშავებენ წინასაარჩევნოდ და თუ ვინმე პრინციპული თანამშრომელი გაწევს წინააღმდეგობას და იტყვის რომ პარტიული დავალება, როგორიც არის ხმების მოგროვება, მხარდამჭრების მობილიზცია, ჩემს სამუშაო აღწერილობაში არ შედისო, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე, მარტივად გაუშვებენ სამსახურიდან. ფაქტია, ეს არის წინასაარჩევნოდ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტლება", – ამბობს გიგ
ჩიხრაძე.
მისი თქმით, ამ ადამიანებს გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც კი არ შეეძლებათ.

"თუ საჯარო მოსამსახურის გასათავისუფლებლად საჭიროა სამართლებრივი საფუძველი, ამ შემთხვევაში მერს არ სჭირდება არანაირი მიზეზი, ნებისმიერ დროს, ერთი ბრძანებით შეუძლია ეს გააკეთოს. ამ ადამიანებს კი არ ექნებათ არანაირი სამართლებრივი ხელჩასაჭიდი, რომელზეც შეიძლება იდავონ, რომ უკანონოდ არიან გათავისუფლებული. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მოხდა ათასობით ადამიანის პოლიტიზირება და აბსოლუტურად საფუძვლიანი იქნება იმის ვარაუდი, რომ ამ ადამიანებს შეარჩევენ იმის მიხედვით, ვინ რამდენად ლოიალური იქნება კონკრეტული პოლიტკური ძალის მიმართ",– ამბობს გიგა ჩიხლაძე.

ოპოზიციაში თვლიან, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში ახლა ძალაუფლებისთვის ბრძოლაა გამოცხადებული, საჯარო მოხელის სტატუსის გარეშე დარჩენილი თანამშრომლები კი, ქუთაისის მერიის ხელში ის ბერკეტია, რომელსაც საარჩევნოდ გამოიყენებენ.

"იცით, რომ ეს სამსახურები ყოველთვის გამოიყენებოდა არჩევნების გასაყალბებლად. თუ აქამდე ეს ადამიანები დაცული იყვნენ კონკურსით და კანონით ძალიან რთული იყო მათი გაშვება, ახლა გადაიყვანეს ხელშეკრულებით და თუ არ შეასრულებენ კონკრეტულ დავალებას, მარტივად გაუშვებენ. ეს არის ზეწოლის ბერკეტი, რომელსაც ახლა გამოიყენებენ საარჩევნოდ. აქ არის რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ებრძვის ძალაუფლებისთვის, ვინ უფრო მეტ გავლენას მოიპოვებს ადგილობრივ დონეზე, ყველაფერი ეს კი მიბმულია "ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან",–ამბობს გიგა შუშანია.


ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულების საშტატო ნუსხიდან ამოღების შემდეგ, ქუთაისის მერიაში 223 შტატი დარჩა, თუმცა, არსებითად არაფერი შეცვლილა სახელფასო ფონდში, რადგან იგივე რჩება მუნიციპალიტეტების თანამშრომელთა ანაზღაურება. გაგრძელდება თუ არა ქუთაისის მერიაში საკადრო ცვლილებები და იქნებიან თუ არა ერთ–ერთი პირველები ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულები, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაირკვევა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე
აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის
ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის
მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.
10:24 / 02.12.2024

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე აქციებზე დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 98 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები უკვე წარედგინა, რომელთაგან 74 პირის მიმართ საქმის წარმოება დასრულდა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც
საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ,
მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.
13:49 / 28.11.2024
„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ, პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ, მთავრობას ნდობა გამოუცხადა და დაამტკიცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.