პოლიტიკა
რატომ ომობენ ირანი და ამერიკა?
FaceBook

საიდან აიმღვრა, ან რატომ - შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობები? რატომ ვერ ძოვს ბალახს ერთად ეს ორი ქვეყანა?

 

რამ გააფუჭა მათი ურთიერთობა? 1979 წლის ამერიკის საელჩოს ტყვეების კრიზისმა თუ გაცილებით ადრინდელმა, 1953-ში მოსადეყის დამხობამ? და საერთოდ, რა არის ის ძირითადი ორი მიზეზი, რისთვისაც ეს ომები იწყება ასე პერიოდულად ირანის წინააღმდეგ?

 

აცდებოდა თუ არა ირანი ამ ყველაფერს, თუ 1951-ში ნავთობის ნაციონალიზაციას არ მოახდენდა? და როგორ მსოფლიოს მივიღებდით თუ ამაზე ბრიტანეთი და ამერიკა გაჩუმდებოდა?

 

ან შეეძლო კი ამერიკას გაჩუმებულიყო და საკუთარი თვალით ენახა ამ ნავთობის ფულით როგორ გააძლიერებდა ირანი საბჭოთა კავშირს?

 

მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თითოეული ჩარევა შეერთებული შტატების ან დიდი ბრიტანეთის შუა აზიის კონფლიქტებში, იყო გამოწვეული მხოლოდ ნავთობის მოპოვების დაუოკებელი სურვილით, - სანამ არ წავიკითხე პრეზიდენტ კარტერის და რეიგანის მემუარები, და ამ თემაზე შექმნილი ათობით წიგნი; ახლოს არ გავეცანი, თუ რა ჯანდაბად სჭირდება ამერიკას შუა აზიის ნავთობი იმ რეზერვების ფონზე, რაც მას ალიასკაში აქვს.

 

1953 წლის აგვისტოში ირანის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ამერიკის და ბრიტანეთის დაზვერვის უწყებებმა დაამხეს -  მხოლოდ იმიტომ, რომ ფულმა დაიწყო გადინება საბჭოთა კავშირში.

 

და ეს ომები, დღესაც იწყება მხოლოდ მაშინ, როცა ირანი საერთო ენას პოულობს რუსეთთან.

 

როგორი უბრალო არითმეტიკაა? 1953 წელს გადატრიალების შემდეგ მოსულმა ახალმა მთავრობამ 25 წლის ვადით ნავთობი საერთაშორისო კონსილიუმს გადასცა, რომელსაც აკონტროლებდა ამერიკული, ბრიტანული და ირანული კომპანიები. მაშინვე ჩაწყნარდა ყველაფერი.

 

აქედან 25 წელში, ხომ 1978 წელია? ეს პერიოდი მშვიდობა არ იყო ირანში? და ისევ 1978-ში დაიძაბა ურთიერთობა.

 

მანამდე, 1967-ში ირანი ეიზენჰაუერის ბირთვულ შეთანხმებას შეუერთდა; 1959-ში ფეჰლევი თეირანის ბირთვულ კვლევით ცენტრს ხსნის თეირანის უნივერსიტეტში და ტექნოლოგიებით და კვლევითი მასალებით თანამშრომლობს ამერიკის უნივერსიტეტებთან.

 

იმავე 1967-ში შეერთებული შტატები ამარაგებს ირანს 5-მეგავატის ბირთვული რეაქტორით და იარაღის კლასის გამდიდრებული ურანის საწვავით.

 

1978-ში უკვე შაჰის მოწინააღმდეგეები იკრებენ ძალას ირანში აიათოლა რულაჰ ხომეინის ირგვლივ. მაშინდელმა ამერიკამ სერიოზულად არ მიიღო რელიგიური ოპოზიციის სიძლიერე და ეს იყო მათი დიდი შეცდომა.

 

დემონსტრაციების და ასობით მსხვერპლის შემდეგ, შაჰი ქვეყნიდან გაიქცევა და აიათოლა ხომეინი დაბრუნდება დევნილობიდან თეირანში, ხდება ქვეყნის სულიერი ლიდერი და 1979 წლის 1 აპრილს აცხადებს „ირანის ისლამური რესპუბლიკის“ დაბადებას.

 

1 აპრილის მიუხედავად, მისი დაბადება ტყუილი არ აღმოჩნდა, - ყველამ დავიჯერეთ! დავიჯერეთ ხომეინის შეუზღუდავი უფლებებით, იმით რომ ქვეყანა დაუბრუნდა შარიათის ნორმებს, ურწმუნოებისადმი შეუწყალებლობასა და ჩადრს.

 

ტახტიდან ჩამოგდებული შაჰი 1979-ში უკურნებელი სენით, კიბოთი ავადდება და პრეზიდენტი კარტერი ნებას რთავს რომ შეერთებულ შტატებში იმკურნალოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სრულიად ჰუმანური გადაწყვეტილება იყო და არა პოლიტიკური, ირანელები ამას შაჰთან კონსპირაციის საბაბს უძებნიან და ამერიკასა და საკუთარ შაჰს ქვეყნის მტრად ოფიციალურად აცხადებენ.



შაჰის დახმარებას არ პატიობენ ამერიკას და საპროტესტი გამოსვლები იწყება თეირანში: სტუდენტების ბრბო შეიჭრება ამერიკის საელჩოში და მძევლად აიყვანს საელჩოს 52 თანამშრომელს.

 

ეს ტყვეების კრიზისი, რა თქმა უნდა, იყო საბოტაჟი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში, - 444 დღიანი ტყვეობა, რასაც მოყვა ირანის 12 ტრილიონიანი ანგარიშების გაყინვა, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და საერთაშორისო ორგანიზაციების უსუსურობის დემონსტრაცია.

 

1981 წლის 20 იანვარს, შუადღის 12 საათზე, როცა პრეზიდენტ რეიგანის ინაუგურაცია დაიწყო, ტყვეები გაათავისუფლეს.

 

თუმცა, ყველაფერი კიდევ წინაა. ახლა ირანს მეზობელი ერაყი დაესხმება თავს და მათ შორის გაგანია ომში შეერთებული შტატები ერთვება - იმის შიშით, რომ თუ ირანი მოიგებდა ამ ომს, იგი დასაყრდენს და კონტროლს სრულიად დაკარგავდა შუა აზიაში. შუა აზიის დაკარგვა კი ნიშნავდა, რომ ირანი მოკავშირედ ისევ რუსეთს დაუკავშირდებოდა და მას გააძლიერებდა.

 

ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყველა ომს მივყავართ იმასთან, რომ შეერთებული შტატები არასოდეს დაემორჩილება საბჭოეთის თუ რუსეთის გაძლიერებას და გაბატონებას, თუნდაც ამისთვის თეთრ სახლს სადამ ჰუსეინთან ჩახუტება დასჭირდეს.

 

2001 წლის 11 სექტემბერს, ამერიკაზე თავდასხმის შემდეგ პრეზიდენტმა ბუშმა ბოროტების ღერძად ჯერ თალიბანი, შემდეგ კი სხვა ქვეყნების გვერდით ირანიც გამოაცხადა, მისი ბირთვული ამბიციებით. საერთაშორისო ინსპექტორებმაც დაადასტურეს, რომ ირანი აგრძელებდა ურანის გამდიდრებას.

 

შემდეგ, როცა კი ობამა ხდება პრეზიდენტი, ისეთ არნახულ მარწუხებს და სანქციებს აწესებს, რომ უკვე არათუ ირანის ბირთვული ამბიციები, მისი ქვეყნის ეკონომიკაა ჩამოშლის პირას. მსოფლიო - ევროკავშირი და ამერიკა - უარს აცხადებს ირანული ნავთობის შეძენაზე, ანუ მსოფლიო პირველად ხედავს მარწუხებში მოქცეულ ირანს.

 

გაეროში იქმნება ირანის პანელი და იწყებენ მუშაობას დღეს ცნობილ “ირანის შეთანხმებაზე”. სხვათაშორის, ამ ექსპერტების პანელის ხელმძღვანელი, კოორდინატორი გახლდათ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. თუმცა, ათასს ექსპერტთა ნააზრევებში ვერსად ნახავთ ვინმეს აზრი ეკითხოს ირანული პრობლემატიკის მართლა ექსპერტისათვის.

 

2018-ში ტრამპმა განაცხადა, რომ გამოდიოდა შეთანხმებიდან იმიტომ, რომ ამ შეთანხმებამ ვერ მოიტანა შედეგი - არ შეზღუდა ირანის ბალისტიკური სარაკეტო პროგრამა და აგრესიები რეგიონში. უფრო მეტიც, „ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი“ ამერიკამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ამ ძალების არქიტექტორი იყო სოლეიმანი.

 

ის, რაც ტრამპს განასხვავებს სხვა ამერიკის პრეზიდენტისაგან არის მისი დამოკიდებულება - თუნდაც ერთ ამერიკელზე თავდასხმას უპასუხოს მთელი ძალით. ამიტომაც, სექტემბერში ერაყში ამერიკულ ბაზაზე ჰეზბოლას თავდასხმას უპასუხა ყველაზე ძლიერი ნაბიჯით - დრონის საჰაერო დარტყმით ააფეთქეს ირანის იდეოლოგი და რუხი კარდინალი, გენერალი სოლეიმანი, რომელიც თავის ყუდსის ძალებთან ერთად, ასობით ამერიკელ სამხედროზე ტერორისტულ თავდასხმაში და მკვლელობაში იყო შემჩნეული.

 

სხვა მსოფლიოსგან განსხვავებით, ამერიკელები პანიკას არასოდეს ქმნიან. იციან, მათი სახელმწიფოს ნამდვილი ძალა, - რომ ომის გარეშეც, მხოლოდ პატარა ოპერაციებით შეუძლიათ თავის დაცვა, და სიტყვას ჰაერში არ ისვრიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით,
ხელისუფლება გამჭვირვალობას ითხოვს მაშინ, როცა თავად გაუმჭვირვალეა.
13:52 / 13.04.2024
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ხელისუფლება გამჭვირვალობას ითხოვს მაშინ, როცა თავად გაუმჭვირვალეა.
''ჩვენი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე, ლეგიტიმური და
დეკლარირებული იყო'',
18:51 / 08.04.2024
''ჩვენი საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალე, ლეგიტიმური და დეკლარირებული იყო'',

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.