პოლიტიკა
„პარლამენტთან ერთად ქუთაისიც დააკონსერვეს“
FaceBook

ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობის დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო.


ამ ინფორმაციას ადასტურებენ საქართევლოს პარლამენტში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობაში ქონების აღწერა მიმდინარეობს, რომელსაც ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები აწარმოებენ.

აღწერის დასრულების შემდეგ მონაცემები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა, რის შემდეგაც უწყება შენობას დაკონსერვებულად გამოაცხადებს.

თუმცა, ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობაში აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას  არ ადასტურებენ დაცვის სამსახურის წარმომადგენლები. 

„ჩვეულებრივად ვმუშაობთ. ჯერჯერობით არაფერი იგეგმება. სხვას ვერაფერს გეტყვით“, - განუცხადეს ქუთაისიპოსტს დაცვის თანამშრომლებმა. 

ქუთაისში პარლამენტის შენობის კონსერვაციის ფაქტს აპროტესტებენ  მოძრაობა „დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ აქტივისტები. მათი შეფასებით, „პარლამენტის შენობის დაკონსერვება ეს არის ხედვების და აზროვნების დაკონსერვება“. 

მოძრაობის ერთ ერთი აქტივისტის მაკა ხეცურიანის თქმით, ამ აქტით, პარლამენტთან ერთად ქუთაისიც „დააკონსერვეს“.

„არა მარტო  საქართველოს პარლამენტის ქუთაისში არსებობის თემა, არამედ ზოგადად ქუთაისი არის  უკვე ამოღებული  დღის წესრიგიდან დღევანდელი მთავარობისათვის"-  ამბობს მაკა ხეცურიანი.

მოძრაობა "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" აქტივისტი ეკა ფხაკაძე მიუთითებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა არა მარტო პროპორციული საარჩევნო სისტემის შეპირების არშესრულებით „გადააგდო“ ამომრჩევლები, მანამდე ქუთაისში პარლამეტის დატოვების დაპირებაც არ შეასრულა.

„დაკონსერვებული აზროვნების ხელისუფლებაა. არანაირი სამომავლო ხედვა არა აქვთ და საერთოდ, ამ წარსულის აჩრდილებთან და შენობებთან ბრძოლას ეწირება ქვეყნის განვითარება, ქუთაისის განვითარება და ბევრი ადამიანის ბედიც“, - ამბობს ეკა ფხაკაძე.

„დატოვე პარლამენტი ქუთაისში“ წევრების თქმით, მოძრაობა არ განიხილავს არანაირ სხვა ალტერნატივას ამ შენობისთვის და  სხვა სტატუსს ქუთაისისთვის.

თუმცა, ხელისუფლება ამ საკითხს სხვაგვარად ხედავს.

ბოლო ინფორმაციით, პარლამენტის შენობაში განთავსდება პოლიციის რამდენიმე სტრუქტურა -  "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რეგიონული ცენტრი და მომსახურების სააგენტო.

ქუთაისში არსებულ პარლამენტის შენობაში სხდომები და სესიები უკვე ერთი წელია აღარ ტარდება.

2019 წლის იანვრიდან პარლამენტი  მთლიანად თბილისში გადავიდა.

საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში დაბრუნებაზე მსჯელობა „ქართული ოცნების“  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, 2012 წლიდან დაიწყო.

პარლამენტის ადგილსამყოფელის შესახებ ცვლილება კონსტიტუციაშიც შევიდა. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის.

ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობაზე 340 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა, დანახარჯები საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შემდეგაც მასშტაბურია.

პარლამენტის აპარატის მიერ BM.GE-ისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს 2019 წლის პირველ სამ თვეში ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი შენობის შენახვა, ჯამში, 332,109 ლარი დაუჯდა.

იანვარ-მარტში პარლამენტის ელექტროენერგიის გადასახადი 181,574 ლარი იყო, წყლის - 64,949 ლარი, ბუნებრივი აირის კი - 85,586 ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის დეკემბერში ელექტროენერგიის, წყლის და ბუნებრივი აირის ხარჯი გადახდილია 2019 წლის იანვარში.

საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს ქუთაისის შენობის შენახვა 2018 წელს 1,260,558 ლარი დაუჯდა, 2017 წელს -  1,091,295 ლარი, 2016 წელს კი - 688,848 ლარი. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.