პოლიტიკა
მეშახტეებისა და მინისტრის შეხვედრა დასრულდა - რა დაპირება მიიღეს გაფიცულებმა
FaceBook

ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავასა და მეშახტეებს შორის ორსაათიანი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრიდან გამოსულმა მინისტრმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან დაიწყება ხელფასების გაცემა, ნოემბრიდან კი შახტებში სამუშაო პროცესი სრულყოფილად აღდგება.

 

მინისტრმა, ასევე, დაადასტურა ინფორმაცია, რომ ტყიბულის შახტში "საქნახშირი ჯი აი ჯის" ნაცვლად ახალი კომპანია შევა, რომელიც "საქნახშირის" ვალდებულებებს გადაიბარებს. მინისტრს ახალი ინვესტორის სახელი არ უთქვამს, თუმცა, განაცხადა, რომ ეს არის ქართული კომპანია, რომელიც უკრაინელ პარტნიორებთან თანამშრომლობს და ნახშირის მოპოვების სფეროში დიდი გამოცდილება აქვს.

"ჩვენ მოვისმინეთ საკმოდ დამაჯერებელი გეგმა. უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოხდება შახტების გადაიარაღება და გაფართოება. "ჯი აი ჯიმ"  განაცხადა, რომ მათ თავად იპოვეს ინვესტორი. ეს არის  ქართული კომპანია,  რომელსაც   ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. როგორი ფორმის შეთანხება შედგება მათ შორის, მოხდება სრული გადაბარება თუ არა,  ეს არის ორი ბიზნესის საქმე. ჩვენ გავაკონტროლებთ რომ ყველა გაჟღერებული დაპირება შესრულდეს. კომპანიამ იკისრა ვალდებულება, რომ უსაფრთხოების სტანდარტებს მიაღწევს და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მოხდება სამუშაოების დაწყება",-განაცხადა ნათია თურნავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

მინისტრთან შეხვედრით კმაყოფილები არიან მეშახტეები. მათ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

"შიმშილობას ვწყვეტთ, მივაღწიეთ შეთანხმებას. პირველივე გადაწყვეტილება რაც მივიღეთ,  იყო ხელფასებთან დაკავშირებული.  მაქსიმუმ სამშაბათს დაგვერიცხება ხელფასი. პირველი ნოემბრიდან დავიწყებთ ნედლეულის გამოტანას, თქვეს, რომ ერთმა კომპანიამ გადაიბარა მეორე კომპანიისგან წილი,  თავისი დავალიანებით და მუშებით.ეს  არის უკრაინული კომპანია.  ველოდებით სულ მალე შახტის გახსნას",-განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა მეშახტემ, ირაკლი კირკიტაძემ.

ტყიბულში აქცია 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში  ჩავიდა.


50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი  ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.

კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა,  ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.
კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.




ამავე თემაზე:


გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)
Print