პოლიტიკა
"საქნახშირის" გენერალური დირექტორი: "თუ საკითხი გადაწყდა, პარასკევიდან დაიწყება ხელფასების გაცემა"
FaceBook

კომპანია "საქნახშირის" გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ ტყიბულის შახტისა და დასაქმებულთა ხელფასების რეგულაციის საკითხის გადაწყვეტა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.


 

"ხვალ არის სამთავრობო სხდომა, სადაც ხელფასების რეგულაციის საკითხი გადაწყდება. თუ ეს საკითხი გადაწყდა, პარასკევიდან დაიწყება ხელფასების გაცემა," - აცხადებს ჯაყელი. მისივე თქმით, იგივე საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან.

"საქნახშირის" გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიამ, შესაძლებლობის ფარგლებში, შახტის გაჩერების პერიოდში, დიდი სამუშაოები ჩაატარა.

"ძირითადად საშიშროება მომდინარეობდა, სადაც ნახშირმომპოვებელი სამუშაოებია, ანუ ლავებიდან მოდიოდა. ეს ლავები დღეს დახურულია. შახტის ამუშავების შემთვევაში, მოგვიწევს ახალი ლავების გახსნა. გაშვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ვადებს ვერ გეტყვით," - აცხადებს ჯაყელი.

ტყიბულში, 24 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო აქცია დღეს დილიდან განახლდა. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში  ჩავიდა.


50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი  ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.

კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა,  ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.


კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.



ამავე თემაზე:

პროტესტის მეორე დღე ტყიბულში (ფოტო)

გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)

Print