პოლიტიკა
ოპოზიციის გეგმები და ქუთაისის საკრებულო პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინში
FaceBook
ქუთაისის მაჟორიტარი  დეპუტატის, კობა ნარჩემაშვილის მიერ უმრავლესობის რიგების  დატოვების შემთხვევაში, შესაძლოა,  პოლიტიკური პროცესები  ქუთაისის საკრებულოშიც დაიწყოს.
ნარჩემაშვილმა მმართველი გუნდიდან შესაძლო გასვლის შესახებ განცხადება  27 თებერვალს გააკეთა და ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ გამორიცხა.

კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი, ალეკო ახალაძე, რომელიც ამავე დროს წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობის დეპუტატია, ჯერჯერობით მისი რიგების  დატოვებას არ აპირებს, თუმცა, ამბობს, რომ წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია. 

"ვუშვებ, რომ ბატონმა კობამ დატოვოს უმრავლესობა, მაგრამ მგონია, დიდი ალბათობით, ეს არ იმოქმედებს ჩემს უმრავლესობაში ყოფნაზე. თუმცა, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი და ვერაფერს განვსაზღვრავ. მე ის სიტუაციაც შემიძლია წარმოვიდგინო, რომ კობა ნარჩემაშვილი აღარ იყოს უმრავლესობაში, მაგრამ მე ისევ ვიყო ბიუროს ხელმძღვანელი და გავაგრძელო მუშაობა მის სამაჟორიტარო ოლქში", – განაცხადა ალეკო ახალაძემ.

მმართველ გუნდში დაპირისპირების ფონზე ქუთაისის საკრებულოში ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს "ევროპული საქართველო", რომელსაც წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ ორი დეპუტატი ჰყავს. მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ოპოზიციის გაძლიერება მნიშვნელოვანია, თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები ჯერჯერობით არც უმრავლესობის ცალკეულ დეპუტატებთან და არც საკრებულოში ერთადერთ ოპოზიციურ ფრაქციასთან, "ნაციონალურ მოძრაობასთან" არ მიმდინარეობს.

"ჩემი მიზანი არის, რომ შეიქმნას ფრაქცია, მე ამას არც ვმალავ. ეს იქნება დამატებითი ბერკეტი პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად. როგორ და ვისთან იქნება, ამაზე საუბრები არ ყოფილა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ხვალ და ზეგ ეს კონსულტაციები იყოს. ფრაქციის შექმნის საშუალება თუ გაჩნდება, რატომაც არა. რაც მეტი ფრაქცია იქნება, უფრო მეტია შესაძლებობა რომ გავლენა მოვახდინოთ პროცესებზე", – ამბობს ქუთაისის საკრებულში "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.

განიხილავს თუ არა მისი პარტია ამ პროცესებში ერთ–ერთ მთავარ მოკავშირედ "ნაციონალურ მოძრაობას", მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ ქუთაისის საკრებულოს ერთადერთ ოპოზიციურ ფრაქციასთან ბევრი საერთო აქვთ.

"ნაციონალური მოძრაობა" არის პროდასავლური გუნდი. მასთან ბევრი საერთო პოზიცია გვაქვს და თუ ეს ერთობა იქნება, ოპოზიციის გაძლიერებას მხოლოდ მივესალმები", – ამბობს მერაბ მეშველიანი.

"ევროპულ საქართველოსთან" შეხების წერტილებზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობაც", თუმცა, ფრაქციის თავმჯდომარე, გიგა შუშანია ამბობს, რომ კონსულტაციები არ მიმდინარეობს.

"ევროპულ საქართველოსთან" თემატურად ვთანამშრომლობთ, შეხების წერტილები გვაქვს, თუმცა, ჯერჯერობით არავითარი კონსულტაციები არ მიმდინარეობს. რაც შეეხება უმრავლესობის დაშლას, ეს პროცესები ადგილობრივ დონეებზე უკვე გადმოსულია. ამის გამოძახილი იყო ვიცე–გუბერნატორისა და ვიცე–მერის თანამდებობებიდან გაშვება, რითიც შეასუსტეს ჭიღვარიას გუნდი. გუნდში პრობლემების არსებობა უკვე დაადასტურა კობა ნარჩემაშვილის განცხადებამ. ახლა, მისი ბიუროს უფროსს მოუწევს არჩევანის გაკეთება, რჩება "ქართულ ოცნებაში", თუ მიდის მის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ასეთი კონკრეტული ჯგუფების სხვა წარმომადგენლებსაც", – ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის საკრებულოში ექვსი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი. 25 დეპუტატიდან 6 ორი ოპოზიციური პარტიის "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელია. უმრავლესობა კი 4 პარტიისგან არის დაკომპლექტებული.

პარტია "ქართულ ოცნებას" ქუთაისის საკრებულოში 7 დეპუტატი ჰყავს. 3–3 წარმომადგენელი ჰყავს "კონსერვატორებსა" და "მრეწველებს. ორი "მწვანეთა პარტიას". ოთხი დეპუტატი კი უპარტიოა, მათ შორის არის კობა ნარჩემაშვილის ბიუროს ხელმძღვანელი, ალეკო ახალაძე. დამოუკიდებელი დეპუტატი მეექვსე მოწვევის საკრებულოში არ არის.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.