კულტურა
ორნი საქანელაზე - მოჭარბებული სიტკბოთი და ნაკლები რისკით
FaceBook
ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა მორიგი პრემიერა შემოგვთავაზა

უილიამ გიბსონის პიესის "ორნი საქანელაზე" დადგმა ახალგაზრდა რეჟისორმა ინგა აბულაძე-ასათიანმა განახორციელა.
სათაური შინაარსსაც ამხელს და ჟანრსაც. მითითების გარეშე გასაგები ხდება, რომ სპექტაკლი ორი ადამიანის სიყვარულზე იქნება - მელოდრამის ჟანრში.

მელოდრამას თავისი კანონები აქვს და თავისი ხაფანგები. ჟანრი ემოციურობას და პათეტიკას არ გამორიცხავს. თუმცა ამას გამორიცხავს ეპოქა, რომელიც მაინცდამაინც არ ცნობს ჟანრის სიწმინდეს, უფრო მეტიც, მის ირონიზებას ახალისებს. თუ ირონიზება არ გვინდა, მაშინ ბეწვის ხიდზე ვირტუოზული სვლა უნდა შეგვეძლოს - სუფთად რომ გამოვიდეთ ჭარბი ემოციების ნაკადიდან.

სპექტაკლში ორი ადამიანის ისტორიას ირონიისთვის ვერ იმეტებენ და დიდ გრძნობებზე სერიოზულად გვიყვებიან. "სერიოზულობა სიცოცხლეს ამოკლებს", - გვეუბნება ჩინური ანდაზა. იგი არც ამ სპექტაკლს უხდება და მის სიცოცხლისუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს.

ერთად სპექტაკლი ამართლებს ყველა იმ სტერეოტიპს, რაც ქალი/გოგონა ავტორების მიმართ არსებობს. არჩეული მასალით დაწყებული, მუსიკით დასრულებული, ყველაფერი მეტისმეტად დამტკბარია, ამასთან ერთად იოლად გამოსაცნობია. ქალი და კაცი, გაცნობა, სიყვარული, მოულოდნელი ავადმყოფობა, კაცის არჩევანი ქალის სიყვარულის სასარგებლოდ, ქალის გარდაცვალება და კაცის მარტოობა - გოგონების „მეგობრობის დღიურში“ ამოკითხულ ისტორიას გავს. ამ ისტორიებში ცუდი არაფერია. უბრალოდ გოგონები უნდა გაიზარდონ და შეამჩნიონ, რომ სამყარო და ადამიანების ურთიერთობები უფრო ღრმა და მრავალფეროვანია.

„ორნი საქანელაზე“ ინგა აბულაძე-ასათიანის პირველი სპექტაკლია და ალბათ, ბუნებრივია, რომ რთულ მასალასთან შეჭიდებას მოერიდა.
თუმცა, მაინც რა სჯობია - რთულ, საინტერესო მასალაზე მუშაობა და შესაძლო მარცხი (ან გამარჯვება) თუ - ზედაპირული ტექსტის ინსცენირება ნაკლები დანაკარგით და რისკით?!

ამ შემთხვევაში შეგვიძლია სხვა გამონათქვამი გავიხსენოთ, - ის, რომ გზა რეჟისურისკენ რისკმოკლებული რეჟისორების გვამებითაა სავსე. როგორც ჩანს რეჟისორმა უნდა გარისკოს. გოგონამ კი უნდა გაბედოს და ბოლოსდაბოლოს ქალი გახდეს. ზრდასრულობა ცხოვრებაში, ზრდასრულობა ხელოვნებაში "გოგონების ისტორიას" სხვა შრეებს შესძენდა. ან რეჟისორს სხვა არჩევანს გააკეთებინებდა სხვა მასალაზე.

თუმცა მსახიობები მოცემულ მასალას თავს ართმევენ. განსაკუთრებით გიტელი (თამთა გაბუნია), - იგი ამ ისტორიაში თავს ბუნებრივად გრძნობს.

ბუნებრივად იგრნობს თავს ის მაყურებელიც, რომელსაც სიტკბო უყვარს, მოზარდობის ხანა ახსენდება, ოცნებები დიდ სიყვარულზე, რომელიც ამგვარ ისტორიებში რატომღაც ყოველთვის ტრაგიკულად სრულდება. თითქოს ტრაგიკული ფინალი ოცნებებს ამიწებს და სინამდვილესთან აახლოებს. მოკლედ, ბოლომდე ოცნებასაც ვერ ვბედავთ, რომ სიყვარულის ისტორია კეთილად დავასრულოთ, სადღაც შუაში ვჩერდებით ილუზიასა და სინამდვილეს, გოგოობასა და ზრდასრულობას შორის. ისევ რისკის საჭიროება ჩნდება, რომელიც სხვა სიმაღლეს და შრეს გააჩენს, სადაც არც ოცნება უნდა იყოს აუცილებლად დამტკბარი და არც სინამდვილე - ასერიგად ტრაგიკული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.