კულტურა
„ქუთაისში საჭირო იყო „ძებნილებისადმი“ მიძღვნილი კედელი ყოფილიყო“
FaceBook
ქუთაისში „შავი პრინცის“ „ძებნილებისადმი“ მიძღვნილი გრაფიტი გამოჩნდა.
ბალახვანში (ფოლკლორის სახლის წინ) მდებარე შენობის კედელზე ქართულ ჰიპ-ჰოპში გავრცელებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა: "შავი პრინცის ძმები, ძებნილები და ჯერონიმოა“ დატანილი.

გრაფიტი იმ უბანში დაიხატა, სადაც აკაკი ბაბუნაშვილი ცხოვრობდა.



ნამუშევარი მოძრაობა „ნიკოს“ მიერ შესრულდა, რომლის მიზანიც ქალაქების გაფერადება და ქუჩის ხელოვნების განვითარებაა ("ნიკო" ქმნის ისეთ პლატფორმას, სადაც დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს აქვთ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები და ამავე დროს ქალაქებს ახალ-ახალი ღირსშესანიშნაობები შემატონ).

„ქუთაისი თანამედროვე ქართული მუსიკის მრავალი ჟანრის დაბადების ადგილია, მაგრამ ამ ჟანრებში ჩემთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი მაინც ჰიპ-ჰოპია და ქუთაისში საჭირო იყო იმ ხალხისადმი (ძებნილების) მიძღვნილი კედელი ყოფილიყო, ვინც დიდი გავლენა იქონია ჰიპ-ჰოპის განვითარებაზე საქართველოში.

სიმბოლურია, რომ ფრაზა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ქართულ ჰიპ-ჰოპში "შავი პრინცის ძმები ძებნილები და ჯერონიმო", ამ ჯგუფის ყველაზე კოლორიტი წევრის, აწ უკვე გარდაცვლილი შავი პრინცის უბანში დაიხატა - შეიძლება ითქვას რომ ეს არის ჩემი მადლობა მათ მიმართ.

Chil One -მ ქუთაისში ასეთი გრაფიტი შემოგვთავაზა“- აღნიშნულია „ნიკოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი დამაარსებელი აკაკი ბაბუნაშვილი, სასცენო სახელით კი "შავი პრინცი" 2019 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მალევე, მხატვარმა ლია უკლებამ, ბუხაიძის ქუჩის კედელზე, შავი პრინცის სტენსილი მოხატა. უკლებასვე ეკუთვნის აღმაშენებლის ქუჩის კედელზე (კინო "ქუთაისის" უკან) არსებული სტენსილიც.

ფოტო: Nick Paniashvili




Print