კულტურა
„ქარი ქრის ვერხვებში“ - სპექტაკლი მოგებულ ომზე
FaceBook

მოგზაურობა სიბერეში, ასე შეიძლება აღვწეროთ პროცესი, რასაც სპექტაკლში „ქარი ქრის ვერხვებში“ გვთავაზობენ.


 

სიბერეში მოგზაურობა თითქოს მომხიბვლელად არ ისმის, მაგრამ დროში ეს გადასვლა სპექტაკლის ავტორებს ძალიან შთამბეჭდავად გამოუვიდათ.

დროში გადაადგილება ჟერალდ სიბლეირასის პიესით „ქარი ქრის ვერხვებში“ რეჟისორ ნინო მაღლაკელიძისეული დადგმით განხორციელდა, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე.

სპექტაკლი სამი ხანდაზმულის ისტორიას ყვება, რომლებიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ და ამ სივრციდან გაჰყურებენ საკუთარ წარსულს, აწმყოსა და მომავალს. თუმცა მომავალს ნაკლებად.

„ქარი ქრის ვერხვებში“ არის ისტორია ღმერთების დაისზე - ომის ვეტერანებზე: პოლკოვნიკებზე, მაიორებზე, თუ რიგითებზე, რომლებიც სიმამაცეებს ჩადიოდნენ და ისტორიას ცვლიდნენ, მაგრამ ახლა ხანდაზმულთა პანსიონატში ატარებენ სიცოცხლის უკანასკნელ წლებს.

დიდი ხანია საბრძოლო აღჭურვილობა - ღამის ქოთნებმა შეცვალეს, საბრძოლო სტრატეგიის დასახვა კი იმაზე მსჯელობამ ჩაანაცვლა, თუ რომელ ტერასაზე ჯობია თბილი რძის მირთმევა.

აქ ოთახიდან ეზომდე მისვლა დიდი ამბავია, ხოლო ეზოს მიღმა 600 მეტრის გავლა - მთელი თავგადასავალი.

პანსიონატში ცხოვრების დღეები ერთმანეთს ჰგავს. იცვლება მხოლოდ ამინდი მსახიობების თავზე დამონტაჟებულ მონიტორზე (მხატვარი თამარ გურგენიძე).

მაგრამ პანსიონატის ბინადარი გუსტავი (დავით როინიშვილი)  ფერნანი ( ზვიად სვანაძე) და რენე (სულხან გოგოლაშვილიც)  სხვა ხალხია, ისინი მაინცადამაინც არც პანსიონატის წესებს ცნობენ, არც  ერთმანეთს ეთანხმებიან და რაც ყველაზე საინტერესოა, არც სიბერეს ემორჩილებიან.

მათთვის სწორედ ახლა იწყება მთავარი და უკანასკნელი ბრძოლა ყველაზე დაუნდობელ და ჯერჯერობით დაუმარცხებელ მტერთან  - ასაკთან.

თუმცა ამას მოგვიანებით იაზრებენ, როდესაც შეამჩნევენ, რომ სიბერეს ყველაფერი მიაქვს, მისგან ვერაფერს გადაარჩენ. როცა აღმოაჩენენ, რომ გადაადგილება შენელებულია, ქოშინი მოძალებული, მხედველობა დაქვეითებული და ერექცია განულებული. მომავლის ჰორიზონტზე არაფერი ჩანს, გარდა ქარის მიერ მოშრიალე ვერხვებისა. ამიტომ ეს პეიზაჟი, ცხოვრებასთან მათი კონტაქტის ბოლო ნიშანი, მაინც უნდა გადაარჩინონ, ის მაინც დაიტოვონ და არ დაანებონ დროს.

გორაკი მოშრიალე ვერხვებით, სადაც არასდროს ყოფილან, მათ სანუკვარ ელდორადოდ იქცევა.

მართალია გადაადგილება შენელებულია, ქოშინი მოძალებული, მხედველობა დაქვეითებული და ერექცია განულებული,  მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს, რადგან თუკი სადღაც ვერხვები „შენთვის“ ირხევიან, იქ სიბერე და სიკვდილი აღარაა საშიში. ამ კუშტ და ბნელ სამყაროში სინათლე სადღაც მაინც არის შერჩენილი, მთავარია მასთან მისვლა შეძლო, დაბრუნდე დაკარგულ სამოთხეში.

მეგობრები ამბოხს აწყობენ და პანსიონატიდან ოთხივე იპარება - სპექტაკლის სამ პერსონაჟს, პანსიონატის ტერასის „ბინადარი“, ქვისგან გამოთლილი ძაღლიც „უერთდება“. იგი წლების განმავლოაბში მათი მოთხრობილი ისტორიების უტყვი მოწმე და ერთგული მსმენელი გახლდათ. ძაღლი  სტატიკური პერსონაჟია თითქოს, მაგრამ სპექტაკლის ბოლოს გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს - წინააღმდეგობის მთავარ კედელს ის ანგრევს.

სპექტაკლის გმირები ნაბიჯ-ნაბიჯ გადაადგილდებიან, უახლოვდებიან სანუკვარ იდეალს და მაყურებელიც მიჰყავთ ამ გზაზე.

საკუთარ სიბერესთან შეხვედრა და მისთვის თვალის გასწორება ყველაზე ძნელია. მაგრამ სიბლეირასმა ეს სიყვარულით გააკეთა.

ეს გააკეთეს სპექტაკლის ავტორებმაც.

საკუთარ მხცოვან ასაკთან შეხვედრა მოუხდა მაყურებელსაც. იგი, სპექტაკლის ავტორების მიერ შემოთავაზებულ „გზას სიბერისკენ“  დაეჭვებული დაადგა, მაგრამ ღირსეულად დაასრულა.

მეგზურები ვეტერანები გახდნენ, ბუზღუნა მოხუცები, მესხიშვილის თეატრის მსახიობების, შეიძლება ითქვას, უნაკლო შესრულებით.

როინიშვილმა, გოგოლაშვილმა და სვანაძემ მათი გმირების სამყარო მაყურებლის სამყაროდ აქციეს და დამსწრე პუბლიკა სანუკვარ და ასე მონატრებულ კათარზისამდე მიიყვანეს.

ამით ომი მოიგეს, როგორც სიბერესთან, ისე იმ გამოწვევასთან, რასაც როლები უყენებდათ.

ომი მოიგო რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ. მან მაყურებლის დამორჩილება შეძლო. სამყაროც ამოუტრიალა და სცენაც შემოუბრუნა -  ფიზიკურად გახადა ამბის მონაწილე.

„ვერხვები“ დროსა და შიშზე გამარჯვების, საკუთარი დაბერების მიღების და შეყვარების სპექტაკლია.

როცა შიში ქრება ეს უკვე სრულყოფილი სიყვარულის ნიშანია.

ვერხვებიდან მობერილი ქარი დარბაზში ყველამ შეიგრძნო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.