კულტურა
ფილმი „ნამე“ - პრემიერა სიჩუმეში
FaceBook
"ხმოვანი კინოს მთავარი გამოგონება ეს არის სიჩუმე", -ამბობდა ანრი ბრესონი. 

ხმოვანი კინოს ამ დიდ უნარს ნაკლებად მისდევენ თანამედროვე კინოში. ხმაური და მძვინვარება უმეტესად ძალავს სიჩუმის პოეტიკას. თუმცა, არტჰაუზში ჯერ კიდევ ახსოვთ მისი ფასი.

რეჟისორი ზაზა ხალვაში გვახსენებს კინოს ამ უნიკალურ შესაძლებლობას ისაუბროს სიჩუმით და როგორც თავად ამბობს იღებს "ჩუმ ფილმს" – "ნამეს".

ფილმში მოქმედება აჭარის ერთ მაღალმთიან სოფელში ხდება. აქ ცხოვრობს გოგონა სახელად ცისნამე, იგივე ნამე. მას მაგიური უნარი გააჩნია წყლით განკურნოს ადამიანები. ეს უნარი მემკვდირეობით მამიდან ერგო. ნამეს სამი ძმა ყავს. მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ და საკუთარ სამყაროს აშენებენ - ერთი ქრისტიანი მოძღვარია, მეორე მუსლიმი სასულირო პირი და მესამე მასწავლებელი.

ნამე მათგანაც გამოირჩევა მას ბუნების ესმის. ამ სიჩუმის წაკითხვა შეუძლია. ესმის თევზის "ენისაც", რომელიც "ნამეს წყალში" ბინადრობს და წყალს, მრავალთა რწმენით, სამკურნალო თვისებებს სძენს. ამიტომ ნამეს ყველა არწმუნებს რომ იგი "სხვანაირია".

ნამე და მისი ძმები ერთმანეთს არაფერში გვანან. თუმცა, ეს არასდროს ხდება კონფლიქტის მიზეზი.

ამ სამყაროში მაგია და რეალობა თანაარსებობს და ხელს არ უშლის ერთმანეთს. ისევე როგორც ათეისტი, მუსლიმი და ქრისტიანი ძმები ცხოვრობენ ჰარმონიაში და საკონფლიქტო არაფერი აქვთ.

და ზოგადად ხალვაშის ფილმი არაა კონფლიქტებზე. იგი სიჩუმესა და მოლოდინზეა.

ინფორმაცია იმაზე, რომ ამ სიჩუმეს რაღაც დაარღვევს პირველივე კადრში ჩანს. კამკამა მდინარეში საწარმოდან წამოსული ნაგავი ერევა. ნგრევას იმაზე ადრე ვხედავთ, ვიდრე გვესმის. ამიტომ მოლოდინის რეჟიმი გვერთვება, რომ მალე ბუნებაში ცივილიზაციის შეჭრის, ანუ განადგურების ხმასაც გავიგონებთ. რეჟისორი ამ ხმასაც გაგვაგონებს ფილმის ბოლო კადრში.

მაგრამ მანამდე ვუყურებთ და ვუსმენთ ნამეს. იგი მამასთან ცხოვრობს და მამასთან ერთად აგრძელებს ადამიანების განკურნებას. ეს მოვალეობა, რომელიც  მემკვიდრეობით ერგო, ბოლომდე არ ესმის, მუდმივად კითხვებს სვამს, რომლებზეც პასუხი არ არის.

თევზის, წყლისა და ადამიანის ურთიერთობა რაღაც აუხსნელ წონასწორობაზეა დამყარებული. სადაც უცხო არაფერი უნდა შეიჭრეს. ამ ნეტარ მარადისობაში დრო არ უნდა "გაჩნდეს". რადგან დრო ხმაურია, დრო ნგრევა და ცვლილებაა. მაყურებელს ეს სამყარო ენანება ცვლილებისთვის. თუმცა ხვდება, რომ ცვლილება გარდაუვალია.

დროს ვერ შეაჩერებ. თუმცა, ფილმში ჩნდება დროზე მთავარი დესტრუქცია - სიყვარული. იგი არღვევს წონასწორობას ნამეს სულიერ სამყაროში. მას ბიჭი შეუყვარდება, რომელიც ცხოვრებას დაანახვებს. ცხოვრებას, რომელსაც სხვა მაგია აქვს.
სიყვარული ანგრევს ნამეს ძველ ცხოვრებას, იგი არღვევს გოგონას ვიწრო სივრცესაც. ასე ჰარმონიულს და ლამაზს. იგი ჰორიზონტებს და მასშტაბებს შლის და გოგონას ათავისუფლებს.

ნამესგან მარტოობას და შეწირულობას ითხოვენ. მამა გოგონას არწმუნებს რომ იგი სხვანაირია, იგი მარტო უნდა ცხოვრობდეს. "თავიდან გაგიჭირდება, თევზიც მარტოა ამდენი ხანია და ძლებს, ასეა ადამიანიც, შეეგუები", ნამეს ჯაჭვი" წმინდა" და "სუფთაა" "კეთილშობილური" მიზნები გააჩნია, მაგრამ იგი მაინც ჯაჭვია. ჯაჭვი კი ადრე თუ გვიან უნდა გაწყდეს.

ნამეს თავისუფლების გზაზე თევზიც მიყავს. ვიწრო აუზიდან ამოყავს და დიდ ტბაში უშვებს. ნამეს უყვარს თევზი და ვერ დაუშვებს მის მარადიულ ტყვეობას, თუნდაც ყველაზე კეთილშობილური მიზნით.

"ნამე" დიდ დანაკარგებსა და დიდ შენაძენებზე გვიყვება. ყოფნა -არყოფნის, თავისუფლება-ტყვეობის, სიყვარული და მოვალეობის ამბავი სიჩუმეშია გაბნეული. დუმილის ენა მდიდარია და მრავლისმეტყველი.

სიჩუმეს სხვა ტემპი შემოაქვს ფილმში, გვთავაზობს თხრობის მდორე რიტმს. ხანგრძლივ კადრებს, რომელთა დიდხანს თვალიერების შესაძლებლობა ეძლევა მაყურებელს. ეს კი სერიოზულ საქმეს უჩენს ოპერატორს, რომელიც ამოცანას თავს შესანიშნავად ართმევს. ამიტომ ფილმში შესული ყველა კადრი გიპყრობს.

ხალვაშის ჩუმი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ქუთაისელ მაყურებელსაც მიეცა.

მაყურებელს შეეძლო სიჩუმისთვის დაეგდო ყური, დაენახა როგორი მშვენიერი შეიძლება იყოს გარინდებული და მომლოდინე სამყარო და მშვენიერთან ერთად როგორი ტრაგიკულიც. 

რამდენად გამოიყენა მაყურებელმა ეს შესაძლებლობა არ ვიცი, რადგან „ნამეს“ 2 მაისის კინოჩვენების ერთადერთი მაყურებელი ვიყავი.

აღმოჩნდა რომ „ნამეს“ ცარიელი დარბაზის სიჩუმეში ყურება ცალკე პოეზიაა. რაც გარწმუნებს რომ ანრი ბრესონი არ სცდებოდა. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.