განათლება
სპეცმასწავლებლებისა და მშობელთა აქტიურობის დეფიციტი - ინკლუზიური განათლების ახალი გამოწვევები
FaceBook
"ჩემი შვილი აუტისტია, 9 წლის არის და ამჟამად სკოლაში არ დადის. ქუთაისის რამდენიმე სკოლაში ვიყავით, მაგრამ ვერსად დაგვახვედრეს შესაფერისი სპეციალისტი, ადრე სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით და იქ შეუდარებლად უკეთესი მდგომარეობა იყო. ქუთაისში კი გადამზადებულ მასწავლებელს კვალიფიკაცია არ ყოფნიდა რომ საქმეს გაძღოლოდა, ახლა სკოლაში სპეცმასწავლებლის დამატებაზე საუბრობენ და ჩვენც მათ ველოდებით",  - აღნიშნავს 9 წლის დიმას დედა.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, ინკლუზიური განათლების ფარგლებში, სულ ორი წელია, რაც სამინისტრომ დაუშვა სპეციალური მასწავლებლის შტატი სკოლებში. თუმცა, აღმოჩნდა რომ ამ სპეციალობის სამაგისტრო პროგრამა მხოლოდ ილიას უნივერსიტეტში არსებობს. ხოლო რეგიონების უნივერსიტეტებისთვის ბაკალავრიატის პროგრამა ჯერ მზადების პროცესშია.
როგორც სამინისტროში ირწმუნებიან სკოლებიდან მომართვიანობა იზრდება, როგორც ინკლუზიური სწავლების პროგრამების დანერგვაზე, ასევე, სპეციალურ მასწავლებელზე.
"ინკლუზიური განათლებით უკვე ბევრი სკოლაა დაინტერესებული, რადგან სკოლა, რომელიც ახორციელებს ამ განათლებას,  არის მიმღებელი და ხარისხიანი განათლების გამავრცელებელი სკოლა", - აღნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იმერეთის რეგიონის მულტიდისციპლინარული გუნდის წევრი, აკადემიური დოქტორი ნატო ქობულაძე.
თუმცა დაინტერესებასთან ერთად არ მცირდება გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რომლებიც ინკლუზიური განათლების პროცესში იჩენენ თავს. "სირთულეები იმ მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება, რომ ინკლუზიური განათლების რეფორმა ზოგადად განათლების რეფორმის პარალელურად მიმდინარეობს, ბუნებრივია, რომ ჯერ კიდევ გაუმართავ განათლების სისტემაში ინკლუზიური სწავლების მოდელის დანერგვა ძნელია. მაშინ როდესაც მასწავლებლის ხელფასი ძალიან დაბალია, კვალიფიკაციის ამაღლების პრობლემაა და სკოლის ინფრასტრუქტურა ძალიან გაუმართავია", - ამბობს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის პროექტის მენეჯერი ანა არგანაშვილი.
ინკლუზიური სწავლების პრობლემებზე ლაპარაკობენ სკოლებშიც და განათლების სამინისტროშიც, მაგრამ ძირითადად მაინც წარსულ დროში. ისინი იმ პირველ წლებზე მიუთითებენ, როდესაც პროგრამას სერიოზული ბარიერების გადალახვა უწევდა.
"ბევრი აგრესიის გადალახვა მოგვიხდა. მათ შორის როგორც მასწავლებლებთან, ისე მშობლებთან, სკოლებთან, რადგან ზედმეტი შრომაა საჭირო. საკითხს შესაბამისი მგრძნობელობით მიდგომა უნდა. როცა ეს არ მოხდა, ვიღაცამ ტერმინი არასწორად გამოიყენა, რამაც აგრესია დაბადა. ერთი არასწორი ქმედება ძალიან ბევრ ნეგატიურ მოვლენას იწვევდა", - აღნიშნავს ნატო ქობულაძე.
როგორც ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები ირწმუნებიან, სადღეისოდ, მაგალითად, ქუთაისში ნაკლებია აგრესიისა და მიუღებლობის გამოვლინებები, თუმცა არსებობს ფორმალური ინკლუზიის საფრთხეები.
"ინკლუზიურ განათლებას ბევრი გამოწვევა აქვს, მათ შორისაა ცენტრსა და რეგიონებში არათანაბრად გადანაწილებული რესურსები, ბავშვების ფორმალური ინკლუზია, როდესაც რეალურად არ ხდება მათი ჩართვა სასწავლო აქტივობებში", - აღნიშნავს ანა არგანაშვილი.
ფორმალური ინკლუზიის მავნებლობაზე მიუთითებს ნატო ქობულაძეც. "კლასში ყავთ ბავშვი, წინ დასვეს, გეგმაც შეუდგინეს, მაგრამ შემდეგ თაროზე შემოდეს. ის რომ მასწავლებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვს თავზე გადაუსვამ ხელს, ეს საკმარისი არაა. უნდა განვავითაროთ მიზანმიმართულად და შედეგებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული", - აღნიშნავს ნატო ქობულაძე.
შედეგებზე ორიენტირების მნიშვნელობაზე და სასწავლო პროცესში გუნდურ მუშაობაზე საუბრობენ ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლაშიც. აღნიშნული სკოლა ერთ- ერთი პირველი ჩაერთო ინკლუზიურ განათლებაში. სადღეისოდ სკოლაში სსსმ მოსწავლეების რაოდენობა 6 -დან 27 მოსწავლემდე გაიზარდა. ყავთ სამი სპეცმასწავლებელი და ერთი კოორდინატორი. "ყველა ბავშვთან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით ვმუშაობთ, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლების აქტიურობა, რომ სახლშიც იმ პროგრამით იმუშაოს ბავშვმა. ამ შემთხვევაში შედეგი შეუდარებლად უკეთესია", - ამბობს მე-12 სკოლის ინკლუზიური სწავლების კოორდინატორი.
სასწავლო პროცესში ჩართვასთან ერთად, ინკლუზიური განათლების ეფექტურობაში მშობლების როლს სხვაგვარად ხედავს პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი. "ინკლუზიურ განათლებას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და აუთვისებელი რესურსი, რომლის ათვისების შემთხვევაშიც მისი დანერგვა გაცილებით ეფექტურად მოხდებოდა. ეს არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა მშობლების სოციალური აქტივიზმი და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში ჩართვა", - ამბობს ანა არგანაშვილი.
ანა არგანაშვილი საუბრობს იმ კონკრეტულ შედეგებზეც, რაც მშობელთა აქტიურობამ მოიტანა. "სსსმ ბავშვის მშობლებმა სოციალური ქსელის საშუალებით გააპროტესტეს ინკლუზიური განათლების გარდამავალი საფეხურის ინტეგრირებული კლასების არარსებობა, რასაც მოყვა განათლების სამინისტროს მხრიდან რეაგირება", - ამბობს ანა არგანაშვილი.
მისი ინფორმაციით, ერთ თვეში ყველა დაინტერესებულ მშობელთათვის სამინისტრომ ჩაატარა საგანმანათლებლო სემინარი ინკლუზიური განათლების თემაზე დ ა მშობლებთან შეხვედრიდან ერთ თვეში თავად განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე ჩაერთო სწორედ ამ მშობლების მიერ მოთხოვნილი ინტეგრირებული კლასების გახსნაში.
"აი ეს, სამოქალაქო აქტივიზმი არის ჩემი აზრით გზა, ინკლუზიური განათლებისა და ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვისათვის საქართველოში", - მიაჩნაი ანა არგანაშვილს.
საქართველოში სულ ათი წელია რაც ინკლუზიური განათლება ხორციელდება, ხოლო საქართველოს ათივე რეგიონის სკოლების ინკლუზიურ განათლებაში ჩართვა მხოლოდ 2009 წლიდნ მიმდინარეობს. სადღეისოდ ინკლუზიური სწავლება ქუთაისის თითქმის ყველა სკოლაში ხორციელდება, ხოლო იმერეთის რეგიონიდან 150-მდე სკოლაა ჩართული.
ეკა კუხალაშვილი



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.