ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში 2017 წელს 7 თვის განმავლობაში 301 650 ლარის სტიპენდია გაიცემა
FaceBook
2017 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით წერეთლის უნივერსიტეტში 301 650 ლარის სახელმწიფო სტიპენდია გაიცემა.

ამ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქვეყნებს, რომელიც პროგრამა "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" ახორციელებს.

უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში სახელმწიფო სტიპენდია აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის 303 სტუდენტზე გაიცა. რისთვისაც 90 900 ლარი დაიხარჯა.

2017 წლის მარტში, აპრილში, მაისში, ივნისსა და ივლისში კი, სტიპენდიას აწსუ-ს 281 სტუდენტი მიიღებს, რაც 5 თვის განმავლობაში 210 750 ლარს შეადგენს.
ერთი სტუდენტის ყოველთვიური სტიპენდია 150 ლარია.

სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, პროგრამის "სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს" ფარგლებში, სულ 4 100 000 ლარის სახელმწიფო სტიპენდია გაიცემა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016-2017 სასწავლო წლის პირველ და მეორე სემესტრში თანხას ქვეყნის მასშტაბით 2685 სტუნდენტი მიიღებს.

სტიპენდიანტთა შერჩევას სახელმწიფო პროგრამაში ჩართული 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი სტუდენტთა აკადემიური მოსწრება და მათი კონფერენციებში მონაწილეობაა.

დაფინანსების უფლების მქონე პირებს ყოველი სემესტრის დასწყისში, გასული სემესტრის მონაცემების საფუძველზე არჩევენ. თუ ასეთ პირს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა, სტიპენდიის გაცემაც შეწყდება.

Print