განათლება
იდეოლოგიზებული ბავშვები და სასკოლო ღონისძიებები რელიგიურ-პატრიოტულ მოტივებზე
FaceBook
სასწავლო პროცესის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს სასკოლო ღონისძიებები წარმოადგენს, აღნიშნული ივენთები ზოგჯერ სცდება სკოლის ფარგლებს და საქალაქო ბიბლიოთეკების, ან თეატრების სივრცეს იკავებს, უფრო ფართო პუბლიკისთვის (მათ შორის მედიისთის) თავის გასაცნობად.
ამ დაწინაურებული ღონისძიებების უმეტესობა ერთმანეთს გავს, თემატიკით – ეროვნულ-რელიგიური, სულისკვეთებით – პატრიოტულ-მიწიწებითი და პათოსი – ზეაწეულ-პათეტიკური.
აღნიშნული ღონისძიებები, როგორც წესი, იმ საკითხების კვინტესენციას წარმოადგენენ, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ სკოლაში და არაოფიციალურ იდეოლოგიად გვევლინებიან. თუმცა, აღნიშნული იდეოლოგია მარტო ღონისძიებებში არ იჩენს თავს, მათ სასწავლო პროცესშიც არაუკანასკნელი ადგილი უკავიათ.
"არამხოლოდ ღონისძიებები, სწავლების პროცესიც ამ თემატიკითაა დატვირთული. ეს, პირველ რიგში, საპროგრამო მასალის "დამსახურებაა" და მეორე – პედაგოგების, რომლებიც ძველი, საბჭოთა ინერციით აგრძელებენ სტერეოტიპულ სწავლებას", – აღნიშნავს ლიტერატორი და მწერალი ლელა კოდალაშვილი.
ამ ინერციას ამჩნევს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილიც და მას სტალინური ისტორიციზმის "დამსახურებად" მიიჩნევს. "სამწუხაროდ საქართველოს განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანების დიდი რაოდენობა არის წარმომადგენელი ცნობიერებისა, რომელსაც პირობითად სტალინისტური ისტორიციზმი შეგვიძლია ვუწოდოთ. ესაა საბჭოთა დროს ლეგიტიმურად მიჩნეული აგრესიული და ქსენოფობიური პატრიოტიზმის ნაზავი, ნაზავი ასევე საბჭოური ხასიათის რელიგიურობასთან",- ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
უახლესი წარსულის გამოცდილებით ეს ნაზავი ხელოვნურად იქმნებოდა და როგორც ყველაზე მისაღები, ზუსტი და სასურველი, ისე მიეწოდებოდა სასწავლო დაწესებულებებს და არა მარტო მათ. "სტალინის პირდაპირი მითითებით, ქართველმა ისტორიკოსებმა და ფილოლოგებმა ჩამოაყალიბეს პარადიგმები, რომლებიც მიმართული იყო ქართველების ცრუ ეთნორჩეულობაზე, თავისებურ მესიანიზმსა თუ სხვა უამრავი ამ ტიპის იზოლაციონისტური საზრისების დანერგვაზე. ანუ შეიქმნა გარკვეული კოდი, რომელზედაც დღემდეა მომართული დიდი წილი ჰუმანიტარული მეცნიერებისა საქართველოში", – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.
აღნიშნული კოდი დღემდე მუშაობს და მას ბევრი მიმდევარი ყავს. უფრო მეტიც, ეთნო-პატრიოტიზმი რელიგიურობით უხვად გამდიდრდა ქართულ დე იურე სეკულარულ სკოლებში. რელიგიურობით, რომელიც რიგი სპეციალისტების აზით, იგივე იზოლაციონისტურ საწყისებზე დაიმყნა. იმ სიმაღლედ იქცა, რომელიც სასწავლო პროცესში საერთოდ გამორიცხავს კითხვების დასმას, მითუმეტეს კრიტიკას.
"ალბათ მეტისმეტი არ მომივა, თუ ვიტყვი, რომ ამ პედაგოგთა უმრავლესობას არც სამშობლოს ცნება აქვს გააზრებული და არც, მითუმეტეს, ღმერთის. ისინი არიან ბრმა მორჩილებაში სამშობლოს ტრადიციულ მოდელთან, რომელიც გულზე მჯიღის ბრაგუნის ფილოსოფიასთან აქვთ გატოლებული. სწორედ ამიტომ, მათ მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე ბავშვები სწორედაც რომ გულზე მუშტს ირტყამენ, ყვირიან და მომხდურ მტერს სისხლისღვრით, აკუწვით, საიქიოს გასტუმრებით ემუქრებიან", – ამბობს ლელა კოდალაშვილი.
სამაგიეროდ, აღნიშნულ ტრადიციულ მოდელში საკამათოს ვერაფერს ხედავს პედაგოგი ნათელა სიხარულიძე.
"პატრიოტებსა და სულიერებს უნდა ზრდიდეს სკოლა. ბისმარკი ამბობდა, რომ ომი საფრანგეთთან სწორედ გერმანელმა მასწავლებელმა მოიგო. რადგან იგი პატრიოტიზმს უნერგავდა მოსწავლეებსო", – მიაჩნია ნათელა სიხარულიძეს.
ომის მოგების საწინააღმდეგო არა აქვს ლელა კოდალაშვილს, თუმცა ნებისმიერი ომის მოგების წინაპირობად სხვადასხვა ცნებების, მათ შორის სამშობლოს ცნებების, გააზრებას მიიჩნევს.
"მასწავლებლებს როგორ წარმოუდგენიათ სამშობლოს ცნება, მისი სიყვარული – ეს ის კითხვებია, რომლებზე პასუხსაც მოაზროვნე ადამიანი ხანდახან მთელ ცხოვრებას ანდომებს. ისევე, როგორც ღმერთის ძიებას ამ სამყაროში ასე იოლად, სკოლაში ნასწავლი ლოცვებით და მშობლის ჩიჩინით, ვერ შეძლებ. სამწუხაროდ, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას ეს არ ესმის და სწორედ ამიტომ საპროგრამო მასალასაც და პედაგოგებსაც ამ საშინლად ყალბ კლიშე მოდელზე მორგებულს არჩევს", – აღნიშნავს ლელა კოდალაშვილი.
აღნიშნული კლიშე მხოლოდ ღონისძიებებს არ აქცევს ყალბად და არაიშვიათად თავად ბავშვების მხრიდან სასაცილო მოვლენად, კლიშე უფრო შორს მიდის, ამ მსვლელობაში თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საშიშ მოვლენას ხედავს.
"ბავშვების იდეოლოგიზება არის ყველაზე სახიფათო რამ, რაც შეიძლება ქვეყანაში მოხდეს. შედეგად, ვიღებთ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ, მკაცრად იდეოლოგიზებულ საზოგადოებას, რომელიც საკუთარ თავს, გარესამყაროს და საერთოდ ყველაფერს აღიქვამს წინასწარი კოდების, მატრიცების მიხედვით. ასეთი საზოგადოება განწირულია ტრავმებისთვის და ვერასოდეს იქნება ვერც მრავალფეროვანი და ვერც ჰარმონიული", – ამბობს თეოლოგი.
ამიტომ ლანა ღოღობერიძის საბჭოთა პერიოდში გადაღებულ ცნობილ ფილმში "როცა აყვავდა ნუში" დასმული კითხვა, დღმდე პასუხგაუცემელი რჩება. კითხვა, რომელიც თითქმის 35 წლის წინ დასვა ფილმის მთავარმა გმირმა. "რატომ უნდა ვიგულისხმოთ ვაჟა- ფშაველას ლექსის პერსონაჟ დაჭრილ არწივში მაინცადამაინც საქართველო?!"

ეკა კუხალაშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.