განათლება
საუნივერსიტეტო სპეციალობები, რომლებსაც გაუქმება ემუქრებათ
FaceBook
"თუ ბაზრის მოთხოვნა არ იქნა, გარკვეული სპეციალობები საინჟინრო მიმართულებით, შესაძლოა, გაქრეს."

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის ყოფილ ტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ამ დროისთვის წერეთლის უნივერსიტეტის შემადგენლობაშია, ფაკულტეტები და შესაბამისად, სტუდენტთა კონტინგენტიც შემცირდა. უნივერსიტეტში, საინჟინრო და ტექნიკურ მიმართულებებზე, რომელიც საბჭოთა პერიოდში ისწავლებოდა, დაინტერესება არ არსებობს, რის გამოც ამ მიმართულების სპეციალობები, შესაძლოა, გაქრეს.

დღეისათვის, ყოფილ ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო-ტექნიკური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტები ფუნქციონირებენ.

უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტში, რომელიც 3 დეპარტამენს აერთიანებს, აცხადებენ, რომ ტექნიკური მიმართულებები, რომელიც ადრე ისწავლებოდა, პრაქტიკულად შენარჩუნებულია. თუმცა, ზოგიერთ სპეციალობაზე, მსურველთა არ არსებობის გამო, გასულ წელს მიღება არ გამოცხადდა.

არსებული დაბალი კონტინგენტის მიზეზად, ფაკულტეტის დეკანს, მე-4 საგნად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის დამატება და ასევე, ქვეყნის მასშტაბით მრეწველობის არ არსებობა მიაჩნია.

"თუ ბაზრის მოთხოვნა არ იქნა, ჩვენი სურვილის მიუხედავად, გარკვეული სპეციალობები საინჟინრო მიმართულებით, შესაძლოა, გაქრეს," - აღნიშნავს საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი, ფრიდონ გოგიაშვილი.

გასული საუკუნის 1990-იან წლებამდე ყოფილ პოლიტტექნუკურ ინსტიტუტში მოქმედი სპეციალობები ორიენტირებული იყო იმ დიდ საწარმოებზე, რომლებიც ქუთაისში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და ყოფილ საბჭოთა კავშირში ფუნქციონირებდნენ.

ფრიდონ გოგიაშვილი განმარტავს, რომ პოლიტტექნუკურ ინსტიტუტში, ინდუსტრიულ საწარმოებზე გათვლილ სპეციფიკურ სპეციალობებზე, კადრები პირდაპირ საავტომობილო ქარხნებისთვის მზადდებოდა. თუმცა, ქვეყანაში მსხვილი სამრეწველო ობიექტების დაშლის შემდეგ, რიგი სპეციფიკური სპეციალობების თანამედროვეობაზე მოსარგებად, განსხვავევბული სტრატეგიის არჩევა მოუხდათ.

"ამიტომ, როცა ეს ქარხნები 1990-იან წლებში გაქრა, შესაბამისად, ზოგიერთმა სპეციალობამაც დაკარგა პრესტიჟი. ეს მაშინ სახელმწიფო დაკვეთებივით იყო და არც ერთი უმუშევარი არ რჩებოდა. ამ საწარმოების მოშლამ კი გამოიწვია ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს. მაგალითად, შედუღების სპეციალობასთან დაკავშირებით სხვა სტრატეგია ავირჩიეთ და მოკლე ტრენინგ კურსები გავაკეთეთ. დასაქმების თვალსაზრისით, ძალიან მოქნილი კურსებია და ვახდენთ დაინტერესებულთა გადამზადებას. ნელ-ნელა კონტინგენტი გაიზარდა და ბოლო 3 წლის განმავლობაში, სტაბილურად 160-170 სტუდენტს ვიღებთ,"- ამბობს ფრიდონ გოგიაშვილი.

არსებული ფონის მიუხედავად საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის დეკანი, ფრიდონ გოგიაშვილი აბიტურიენტებს ურჩევს, არჩევანი ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ფაკულტეტებზე გააკეთონ, რადგან ბაზრის ინტერესი ამ სფეროში მაღალია.

"ეს არის განათლება, რომელიც პირდაპირ ორიენტირებულია დასაქმებაზე, რადგან მოთხოვნა საინჟინრო კადრებზე დიდია. განსაკუთრებით, მშენებლობისა და ენერგეტიკის მიმართულებით კურსდამთავრებულებზე არის მოთხოვნა. დღესდღეობით, დაახლოებით 10-15% საქმდება ამ სფეროში. მშენებლობაში დღეს კადრების დეფიციტი არსებობს. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ფეროშენადნობთა ქარხანასთან და დაახლოებით 100-მდე, მათი უკვე დასაქმებული პერსონალი გადავამზადეთ, იმ ახალი ტექნოლოგიების და ტექნიკის შესაბამისად, რომელიც ფეროშენადნობთა ქარხნის წარმოებაში შემოვიდა,"- აღნიშნავს ფრიდონ გოგიაშვილი.

აბუტურიენტების მხრიდან იმ ფაკულტეტებით დაინტერესებაზე, რომლებიც დღეისათვის სახელმწიფოში პრიორიტეტულია, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაშიც მიუთითებენ.

"ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ისეთი სპეციალობების არსებობა, როგორიცაა: ენერგეტიკა, მექანიკური სპეციალობები, მშენებლობა, ხარისხის მართვა, სასურსათო ტექნოლოგია, ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია," - ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტიტის რექტორის მოადგილე, მერაბ ირემაძე.

ქუთაისში ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტს ოფიციალური სტატუსი 1973 წელს მიენიჭა. საბჭოთა პერიოდში ინსტიტუტში 13 ფაკულტეტი მოქმედებდა. თითოეული მათგანი 3-4 სპეციალობას აერთიანებდა.

2000-2004 წლებში, უკვე ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში, 11 სხვადასხვა სპეციალობა ისწავლებოდა.

2006 წელს ყოფილი ტექნიკური უნივერსიტეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეურთდა. დღეისათვის საინჟინრო-ტექნიკურ ფაკულტეტზე სტუდენტთა რაოდენობა 600-ს შეადგენს, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე 550-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.