განათლება
სკოლა - სახლში - მასწავლებლების და მოსწავლეების ახალი გამოწვევა და პრობლემები (ვიდეო)
FaceBook
"შექმნილი ვითარების გამო აღმოვჩნდი სოფელში, ხელთ მაქვს მხოლოდ მობილური ინტერნეტი და პლანშეტი. ვერ ვახერხებ კლასთან ვიდეოზარის განხორციელებას თიმსში.
საშუალებას მაძლევს მხოლოდ თითოეულთან დავრეკო, კლასთან ვერ ვრეკავ, შეგიძლიათ დამეხმაროთ?"

"ვერ ვრეგისტრირდები და როგორ მოვიქცე?"

"გამომიგზავნა მასწავლებლემა პაროლი და მეილი, მაგრამ არასწორია პაროლიო და ვერ ვარეგისტრირებ, ვერ დამეხმარებით?

"დავალებებს ვერ ვტვირთავ და რა გავაკეთო? დამეხმარეთ".

ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რასაც მასწავლებლები დისტანციური სწავლებისთვის შექმნილ ჯგუფში წერენ და კოლეგებს დახმარებას სთხოვენ.

დისტანციური სწავლებისთვის განათლების სამინისტრო პედაგოგებს Microsoft Teams-ის პროგრამის გამოყენებას სთავაზობს, თუმცა მასწავლებელთა ნაწილი პროგრამაში ვერ ჩაერთო. არადა, კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების გამო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე 16 მარტიდან, ანუ ერთი კვირაა რაც გადავიდნენ.

გაკვეთილების ონლაინ სივრცეში გადატანა რთული აღმოჩნდა მოსწავლეეებისთვისაც. მთავარი პრობლემა ინტერნეტის ცუდი ხარისხი, ზოგ შემთხვევაში კი მისი არარსებობაა. პრობლემაა ისიც, რომ მოსწავლეების ნაწილს არ აქვს კომპიუტერი, პლანშეტი ან სმარტფონი.




ბაღდათის მუნიციპალიტეტის წითელხევის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებს თეონა მენაფირე ისტორიის გაკვეთილს ონლაინ რეჟიმში მეოთხედ უტარებს. ექვსიდან ერთი მოსწავლე ვერ "ესწრება". მას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

"ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ მოსწავლეების ნაწილს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. ჩემს სადამრიგებლო კლასში გვყავს ერთი ბავშვი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახიდან და არ აქვს ინტერნეტზე წვდომა. სახლში აქვთ სახელმწიფოს მიერ ნაჩუქარი ბუკები, თუმცა არ აქვთ ინტერნეტი და არც ისეთი ტელეფონი, რომლითაც ინტერნეტში ჩართვას მოახერხებდნენ".

პრობლემები აქვთ იმ ბავშვებს, რომლებიც ონლაინ გაკვეთილში ერთვებიან. მერვეკლასელი ხვიჩა ცინცაძე ამბობს, რომ ინტერნეტის ცუდი ხარისხის გამო, მას და მის კლასელებს მასწავლებლის ხმა ხშირად არ ესმით და გაკვეთილს კარგად ვერ იგებენ.

"მასწავლებლის ხმა კარგად არ მოდის ჩვენამდე. მერე მასწავლებელს უწევს გამეორება. დაფაზე უფრო კარგად ვიგებდით ახსნილს".

თეონა მენაფირე თავის მოსწავლეებს ჯერ მხოლოდ Facebook-ის "მესენჯერით" უკავშირდება. პროგრამა Microsoft Teams, რომელიც პედაგოგებს განათლების სამინისტრომ შესთავაზა, ონლაინ გაკვეთილებისთვის ბევრად მოსახერხებელია, იძლევა ვიდეო გაკვეთილების ჩატარების, მათი ჩაწერის, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებობას. თუმცა, როგორ უნდა ისარგებლონ პროგრამით ჯერ თავად პედაგოგებმაც არ იციან.

საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის განათლების პროგრამების ხელმძღვანელი, თამარ მოსიაშვილი "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ამბობს, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლის პროცესი სტრესის გარეშე უნდა წარიმართოს და მასწავლებლებმა ის პლატფორმა უნდა გამოიყენონ მოსწავლეებთან კომუნიკაციისთვის, რომელიც მათთვის მოსახერხებელია. მიზეზი, თუ რატომ ვერ ახერხებენ დისტანციურ სწავლებაში ჩართვას მასწავლებლები და მოსწავლეები, სხვადასხვაა.

"მიზეზი შეიძლება იყოს სოციო-ეკონომიკური სტატუსი, სასკოლო თემის დამოკიდებულება, ტექნიკურთან ერთად ცოდნის დეფიციტი, რა მეთოდებით ასწავლონ მოსწავლეებს დისტანციურად. მასწავლებლებმა, რომლებიც ადრე იყენებდნენ ონლაინ პლატფორმებს, ტრადიციულიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ადვილად მოახერხეს", - ამბობს თამარ მოსიაშვილი.

იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიურ უნარებს არ ფლობენ, შეიქმნა ვიდეო სახელმძღვანელოები (ტუტორიალები). მათ ონლაინ გაკვეთილებიც ჩაუტარეს, რათა პროცესში ჩართვა გამარტივებოდათ. ამ დროისთვის პრობლემა დაძლეული არ არის, თუმცა სპეციალისტების აზრით, არა მხოლოდ საქართველოს, ბევრ მეტად განვითარებულ ქვეყანას გაუჭირდა ონლაინ სწავლებაზე გადასვლა.

განათლების სამინისტროში განგვიმარტეს, რომ სკოლებისთვის ბევრი პროგრამა შეუმუშავეს და პროცესი ახლაც გრძელდება.
მათთვის, ვისაც არ აქვს წვდომა ინტერნეტზე ან კომპიუტერსა თუ პლანშეტებზე, სატელევიზიო პროგრამა იქმნება, რაც სპეციალურ ონლაინ პლატფორმებთან ერთად 30 მარტიდან ამოქმედდება.

"პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მოსწავლისთვის, რისთვისაც გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის ყველა მედიაპლატფორმა - მეორე არხი, ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის YouTube და ფეისბუქგვერდები. განათლების სამინისტრომ უზრუნველყო მასწავლებლების ჩართულობა, მომზადდა სასწავლო პროგრამები, საგნობრივი რეკომენდაციები და ინსტრუქციები", - ამბობენ სამინისტროში.

კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების გამო, საქართველოს სკოლებში სავალდებულო არდადეგები ორი მარტიდან დაიწყო. 24 მარტის მონაცემებით სწავლა, 21 აპრილამდე არ განახლდება. ონლაინ გაკვეთილები 16 მარტიდან დაიწყო, თუმცა სასწავლო პროცესის სრულყოფილად წარმართვა ფაქტობრივად ვერ ხერხდება.

Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება
კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა.
18:40 / 27.11.2020
საქართველოში ყოველდღიურად იზრდება კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა.
ქუთაისის მერს სოსო ხახალეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
18:00 / 27.11.2020
ქუთაისის მერს სოსო ხახალეიშვილს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.