განათლება
გამოცდაზე საკუთარი კალმით - აბიტურიენტების დასამშვიდებლად დანერგილი სიახლე
FaceBook
ანი ასათიანს ეროვნულ გამოცდებზე საწერკალამი ორჯერ გაუფუჭდა, რის გამოც საგამოცდო ფურცლის გამოცვლა დასჭირდა.

ის გვიყვება, რომ გამოცდაზე შექმნილმა პრობლემამ მას დრო დააკარგვინა რამაც, მისი შედეგზეც უარყოფითად იმოქმედა. ანი თვლის, რომ კალმის პრობლემა რომ არ ყოფილიყო უფრო მეტ ქულას აიღებდა.

"არ წერდა კარგად, წყდებოდა ხოლმე მელანი. ძალიან ვინერვიულე, რომ ვერაფერს ვახერხებდი. გამოცდიდან რომ გამოვედი ხელები სულ მელანით მქონდა გაშავებული" , - გვიყვება ანი ასათიანი.

საგამოცდო ფურცლის გამოცვლა დასჭირდა მერი კოჩაძესაც, რომელიც გამოცდებს ასევე, 2017 წელს აბარებდა. მისი თქმით, გასულ წელს მსგავსი პრობლემები მის მეგობრებსაც შეექმნათ.

"ფურცელზე გადამესხა მელანი, პასუხის წაკითხვა ვეღარ ხერხდებოდა და მითხრეს, რომ უნდა გამომეცვალა. მეც გამოვცვალე პასუხების ფურცელიც და კალამიც. ჩემი მეგობარი გამოცდაზე გააფრთხილეს კიდეც, ეცადეთ დიდი ხანი ხელში არ დაიკავოთ კალამი არ აგიფეთქდეთო", - ამბობს მერი კოჩაძე.

ანის და მერის მსგავსად, 2017 წელს გელიან კალმებზე უკმაყოფილება ათასობით აბიტურიენტმა გამოთქვა.

გამოცდების ეროვნული ცენტრში აცხადებენ, რომ სწორედ აპლიკანტების მიერ გამოთქმული მოსაზრებები გახდა მთავარი მიზეზი ამ კუთხით ცვლილება შეეტანათ, რომლის საფუძველზე სტუდენტებს საკუთარი კალმით მისვლა შეუძლიათ.


"ეს გაკეთდა აბიტურიენტების დასამშვიდებლად. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავახვედრებთ ჩვენს გელიან კალმებს და ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ, ან თუ სურვილი ექნებათ საკუთარი კალმისტარით დაწერონ ყველა გამოცდა", - ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე.

მისი თქმით, სიახლეზე მუშაობის დროს განისაზღვრა რისკებიც, რომელიც აბიტურინტების მიერ მოტანილი გელიანი კალმის გამოყენებას შესაძლოა მოყვეს.
ივა მინდაძის თქმით, არსებობს გარკვეული სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კალამი.

"იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი გადაწყვეტს საკუთარი კალმით მოვიდეს გამოცდაზე, ეს აუცილებლად უნდა იყოს შავი ფერის, გელიანი, იგივე ტუშაინსაც ეძახიან და მისი წერის სისქე უნდა იყოს 5-დან 8 მილიმეტრამდე. ყველაზე სასურველია თუ იქნება 6 ან 7 მილიმეტრის, რადგან გამოცდების ეროვნული ცენტრი სწორედ ამ მახასიათებლების მქონე კალმებს ახვედრებს აბიტურიენტებს გამოცდაზე" , - გვიხსნის ივა მინდაძე.

გიორგი ჟორჟოლიანი აბიტურიენტია და 2018 წლის გამოცდებისთვის აქტიურად ემზადება, ჯერ მომავალი პროფესია არ აურჩევია. სამაგიეროდ, იცის რომ გამოცდებზე საკუთარი კალმით მივა.

"აუცილებლად მივიტან საკუთარ კალამს, თუ ჩემით ვერ მოვახერხებ დაწერას ამ შემთხვევაში გამოვიყენებ გამოცდების ეროვნული ცენტრის კალმებს", - ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი.

მისი თქმით, მას და მის მეგობრებს მხოლოდ ის აშინებთ, რომ შესაძლოა მათ მიერ მიტანილი კალამი გამოცდების ეროვნული ცენტრის სკანერმა ვერ აღიქვას.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში არსებულ რისკებთან დაკავშირებით განმარტავენ, რომ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის დარიგებული კალმისტრები, რაიმე სპეციალური შეკვეთით არ მზადდება.

"კალამი, რომელსაც ჩვენ აბიტურიენტებს ვახვედრებთ გამოცდაზე, შესაძლოა, ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში იქნას შეძენილი, გარდა ამისა, ჩვენ სიახლის დამტკიცებამდე შევამოწმეთ არაერთი კალამი და აღმოჩნდა, რომ ჩვენი სკანერი ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების მქონე გელიან კალმის ნაწერს უპრობლემოდ კითხულობს, ამიტომ თუ შესაბამისი სტანდარტების გელიან კალამს მოიტანენ აბიტურიენტებს ვფიქრობ პრობლემა არ შეექმნებათ", - ამბობს ივა მინდაძე.

2018 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს საკუთარი ე.წ. ტუშიანი კალმის მიტანის უფლება მიეცემათ.

აღნიშნული ცვლილება "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ერთ-ერთი ნაწილია.

"აბიტურიენტს შეუძლია გამოცდაზე შეიტანოს შეფასებისსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული სპეციფიკაციების შესაბამისი გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომლის გამოყენება შეუძლია ტესტირების დროს, ცენტრის მიერ გადაცემული კალმის ნაცვლად", - ნათქვამია დოკუმენტში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.