გამჭვირვალე თვითმმართველობა
20 000 ლარიანი ფიქტიური ხელშეკრულება - ქუთაისის მერიის კვებისა და სასტუმროს ხარჯები
FaceBook
ქუთაისის მერიამ ბოლო 9 თვის განმავლობაში სასტურმო, სარესტორნე და კვებითი პროდუქტებით მომსახურებისთვის 224 410 ლარის ღირებულების 50 ხელშეკრულება, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გააფორმა.
გამარტივებული წესით გაფორმებული ხელშეკრულებების უმრავლესობა, ადგილობრივ თვითმმართველობაში გამართული ოფიციალური შეხვედრების, უცხოური დელეგაციების ვიზიტისა და დღესასწაულებზე მოწვეული სტუმრების გამასპინძლებისთვის საჭირო ხარჯებს ეხება.

როგორც ირკვევა, ასეთი მომსახურების მისაღებად, ქუთაისის მერია გამარტივებულ შესყიდვას, როგორც კონკრეტული მომსახურების დაუყოვნებლივ მიღების საშუალებას, უფრო ხშირად მიმართავს, ვიდრე ტენდერი. მათ შორის, მაშინაც, როცა საქმე ეხება ყოველწლიურ, ტრადიციულ ღონისძიებებს, რომელთა ორგანიზების საჭიროების შესახებაც, როგორც წესი, მერიამ ყოველთვის ერთი წლით ადრე იცის.

ზოგ შემთხვევაში კი, მერიას წლის დასაწყისში გაფორმებული ერთწლიანი ხელშეკრულება 9 თვის შემდეგაც არ აქვს ათვისებული.

მაგალითად, ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება ადგილობრივმა თვითმმართველობამ შპს "რიქსთან" მიმდინარე წლის 20 იანვარს გააფორმა. სახელშეკრულებო პირობების მიხედვით, შპს "რიქსს" 20 000 ლარის სანაცვლოდ, მერიაში მიწვეული სტუმრებისთვის სასტუმროთი მომსახურება ერთი წლის განმავლობაში უნდა გაეწია, თუმცა, როგორც ირკვევა, 9 თვის შემდეგაც შპს-ს მერიის არც ერთი სტუმრისთვის არ უმასპინძლია.

შპს "რიქსის" დირექტორი, ნატო დანელია ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მერიამ სინამდვილეში მისი გული მოიგო, საბოლოოდ კი ხელშეკრულების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა.

"მერიამ გაგვაჩოჩა და არც ერთი თეთრის მოხმარების საშუალება არ მოგვცა. ეს იყო ფიქტიური ხელშეკრულება და თავიდანვე ჰქონდათ გააზრებული. ეტყობა ჩემი გული მოიგეს. ვიცი, რომ წლის დასაწყისში დიდი რაოდენობით სტუმრებს ელოდნენ, მეც ველოდი, რომ მომცემდნენ საშუალებას შემესრულებინა ხელშეკრულება, მაგრამ ბოლოს ხელი ჩავიქნიე", -ამბობს ნატო დანელია.

შპს "რიქსის" დირექტორი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით იბრძოდა, დამარცხების შემდეგ მან მეორე ტურში "ქართულ ოცნებას" გამოუცხადა მხარდაჭერა. ორი კვირის წინ კი "ნაციონალური მოძრობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის წარდგენას ესწრებოდა.

ნატო დანელია არ საუბრობს იმაზე, მოხდა თუ არა მასსა და მმართველ გუნდს შორის უკმაყოფილება, რასაც, შესაძლოა, ხელშეკრულების შესრულებაზე ჰქონოდა გავლენა.

"ჭორაობას ვერ დავიწყებ, მაგრამ ვიცი, რომ ბევრს არ მოვწონვარ, რადგან რანგის და თანამდებობის მიუხედავად პირდაპირ ვეუბნები ყველას სათქმელს", -ამბობს ნატო დანელია.


შპს "რიქსთან" გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც არ ახლავს მიღება-ჩაბარების აქტი

როგორც ირკვევა, დანელიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე 8 დღით ადრე, ქუთაისის მერიას გამარტივებული წესით უკვე 6 შესყიდვა ჰქონდა განხორციელებული, რომლებიც სწორედ სასტუმროსა და კვებით მომსახურებას ითვალისწინებდა.
ამავე ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, წლის დასაწყისში ადგილობრივმა თვითმმართველობამ რამდენიმე დელეგაციას უმასპინძლა. მათ შორის, დიდი ბრიტანეთის ელჩს და ოფიციალურ დელეგაციებს ქალაქებიდან: ჟიტომირი, ნიუპორტი და პოზნანი.

2017 წლის 12 იანვარს შპს "Argo Investment"-თან გაფორმებულ 10 000 ლარიან ხელშეკრულებას შესყიდვების გვერდზე მიღება-ჩაბარების აქტები არ ახლავს, თუმცა, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ სწორედ მათ უმასპინძლეს გაერთიანებული სამეფოს ელჩს და მერიასთან დამეგობრებული ქალაქ ნიუპორტის დელეგაციას.

"ალბათ დაავიწყდათ ატვირთვა. ჩვენ სრულად გვაქვს მომსახურება გაწეული და სახელშეკრულებო თანხაც ამოწურულია", - აცხადებენ კომპანიაში.

ასევე 12 იანვარს, 15 000 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა ქუთაისის მერიამ შპს "ქუთაისთან", რომელმაც 17 იანვარს დასავლეთ საქართველოს გუბერნატორების, გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების საქმიან შეხვედრაზე 3130 ლარიანი კვებითი მომსახურება გასწია.

ჟიტომირის დელეგაციას კი დოკუმენტების მიხედვით შპს "ბაგრატი 1003"-მმა უმასპინძლა, რაშიც 1160 ლარი დაიხარჯა.

12 იანვარს, ერთ დღეში, ქუთაისის მერიამ სასტუმროსა და კვებითი მომსახურებისთვის ჯამში 57 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა. მხოლოდ იანვრის თვეში კი, ამავე მიზნით 105 500 ლარის 14 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, რაც მთელი 9 თვის განმავლობაში ამავე სფეროს მომსახურების შესყიდვისთვის გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულების თითქმის ნახევარია.

ქუთაისის მერიას, მომსახურების დაუყოვნებლივ მიღების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების უმრავლესობა, სრულად ამ დრომდე არ აქვს ათვისებული. მაგალითად, თვითმმართველობამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ჯამში 35 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა შპს "ქუთაისს", საიდანაც, ჯერჯერობით მხოლოდ 13 699 ლარის მომსახურება გამოიყენა.

შპს -ს ხელმძღვანელი იოსებ იობიძე ამბობს, რომ მომსახურების მიწოდება ეტაპობრივად ხდება.

"რაღაც დრო უნდა როგორც ვიცი, როცა ხელშეკრულება ფორმდება. ორზე უკვე გავწიეთ მომსახურება, რაც შეეხება მესამეს, რომელიც აგვისტოში დავდეთ, ჯერჯერობით არ შესრულებულა",-ამბობს იოსებ იობიძე.

შესყიდვების გვერდზე ატვირთული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, ასევე ირკვევა, რომ ხშირ შემთხვევაში მერია შპს-ეებთან იმაზე გაცილებით დიდი რაოდენობის ღირებულების ხელშეკრულებას აფორმებს, ვიდრე, იმ კონკრეტულ მომენტში გასაწევი მომსახურების ღირებულებაა. დარჩნილ თანხას კი შპს-ეები ეტაპობრივად, წლის განმავლობაში ანაზღაურებენ.

მაგალითად, შპს "დოვლათმა", რომელმაც მერიასთან 7 000 ლარიანი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 12 იანვარს გააფორმა, 1460 ლარის ღირებულების სასტუმროს მომსახურება გაუწია ტელეკომპანია "იმედის" გია ჯაჯანიძის შოუს გადამღებ ჯგუფს, რომელიც ქუთაისში სამუშაო ვიზიტით 1-4 მაისს იმყოფებოდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" მიიჩნევენ, რომ გამარტივებული შესყიდვის გზით მომსახურების მიღება უნდა ამართლებდეს მიზნობრიობას, ანუ მომსახურების დაუყოვნებლივ განხორციელებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კონკრეტულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში არაეფექტურ მენეჯმენტსა და დაგეგმვის პრობლემის არსებობაზე მიუთითებს.

"გამარტივებულ შესყიდებში ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკები, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული შესყიდვით მიზანი იქნას მიღწეული. თუ გამარტივებული შესყიდვა გამოცხადადა, ესეიგი საჭირო იყო მომსახურების მოკლე ვადებში მიღება ანუ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, მაგრამ თუ ხდება ისე, რომ ეს მომსახურება არ არის მიწოდებული, აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიდგომოდა საბიუჯეტო ორგანიზაცია კონკრეტულ შესყიდვას. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული ღონისძიებების შესახებ ყოველთვის წინასწარაა ცნობილი, საბიუჯეტო ორგანიზაციები მაინც ყოველ წელს ერთი და იგივე ღონისძიების ორგანიზებისთვის გამარტივებულ შესყიდვებს მიმართავენ. ნაცვალდ იმისა, რომ დაგეგმილად გამოაცხადონ ტენდერი, შექმნან კონკურენცია და გააკეთონ საბიუჯეტო თანხების ეკონომია", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანალიტიკოსი, ლაშა სენაშვილი.

რატომ იყენებს ქუთაისის მერია გამარტივებულ შესყიდვებს მაშინ, როცა კონკრეტული მომსახურების დაუყოვნებლივ ვადებში მიღების აუცილებლობა არ არსებობს და რატომ აქვს შპს-ებთან გაფორმებული ხელშეკრულებების დიდი ნაწილი წლის მიწურვამდე სამი თვით ადრე ჯერ კიდევ აუთვისებელი? ამაზე ადგილობრივი თვითმმართველობისგან ორდღიანი მცდელობის მიუხედავად პასუხი არ მიგვიღია.

რაც შეეხება, ტენდერებს, როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიამ ტენდერის გზით მიმდინარე წელს 117 810 ლარი კვებისა და სასტუმროს მომსახურება შეისყიდა, რაც, ამავე მიზნით, გამარტივებული გზით გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულების თითქმის ნახევარია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:20 / 16.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.