გამჭვირვალე თვითმმართველობა
გელათის რეაბილიტაცია - აშშ-ის საელჩოს პროექტები კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

რომ არა დონორების ფინანსური დახმარება, შესაძლოა, დღეს ამ პროექტების დიდი ნაწილი არც განხორციელებულიყო.

ჩვენი მიზანია, მოქალაქეებს მოვუყვეთ და ვაჩვენოთ სინამდვილეში ის "უცხოური ძალა", რომელიც რუსულ კანონში წერია, რეალურად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან, რომლებიც გრანტებს როგორც მედიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ასევე მთავრობაზეც, ქვეყნის განვითარებისთვის გასცემენ.

გელათის სამონასტრო კომპლექსის რეკონსტრუქციის პროცესი დღემდე მიმდინარეობს, თუმცა, თავდაპირველად, აშშ-ის საელჩო იყო პირველი, რომელმაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის განკუთვნილი 5 პროექტი დააფინანსა.

კერძოდ, აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით, გელათის რეაბილიტაცია, 2003 წელს, გელათის მონასტრის მარიამის სახელობის ეკლესიის ფრესკების შესწავლით დაიწყო. პროექტის მიზანი იყო, დაედგინა ფრესკების გადარჩენისთვის რა ტიპის სამუშაოები იყო ჩასატარებელი, რის შედეგადაც განისაზღვრა შემდეგი აქტივობები: ფრესკების გამოსახულების გაუმჯობესება, ზედაპირიდან სოკოსა და მარილების მოცილება.

კვლევით დადგინდა, რომ გელათის ღვთისმშობლის ტაძრის წმ. მარინე ეგვტერის ფრესკა სრული განადგურების საფრთხის ქვეშ იყო. ამდენად, 2003 წელს დაწყებული რეაბილიტაცია 2012 წელს წმინდა მარინეს სამლოცველოს მოხატულობის აღდგენითა და კონსერვაციით გაგრძელდა.

2013 წელს კი „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდიდან პროექტისთვის - „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია“, 600 ათასი აშშ დოლარის გრანტი მიიღო.

საგრანტო დაფინანსება მოიცავდა გელათის მონასტრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციას, მათ შორის მოჭიქული კერამიკის სახურავის ფილების მონტაჟს, ქვის ფილების გაწმენდას, კარნიზების კონსერვაციას, ფანჯრების შემინვას, ქვის ზედაპირზე მცენარეული და ბიოლოგიური დაზიანებების აღმოფხვრას, ტაძრის შიდა სივრცეში არსებული ფრესკების მონიტორინგსა და გადაუდებელ კონსერვაციას.

2014 წელს, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათისა და გუმბათის ყელის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ დამატებით 50 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

2016 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების და ნართექსის ქვის კონვერსაციისთვის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ კიდევ 150 ათასი აშშ დოლარი მიიღო. ეს იყო 2013 წელს მიღებული საგრანტო დაფინანსების ერთგვარი გაგრძელება და ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ნაწილებში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 14 დეკემბერს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 349 075 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული 2018 წელს გამოვლინდა. ტენდერი ისევ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მოიგო. პრობლემები, სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსების შემდგომ გაჩნდა. 

2018 წელს, მას შემდეგ, რაც გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ქვედა იარუსების (ეკვდერების და იარუსების) გადახურვის სამუშაოების გასაგრძელებლად თანხა მიიღეს, შეცვალეს გადასახური მასალა – წითელი მოჭიქული კრამიტი, კერამიკული თეთრი კრამიტით, რომელიც დაბალი ხარისხის და კირის ხსნარის გადახურვისთვის არაშესაფერისი აღმოჩნდა. შედეგად, 2019 წელს გელათის სახურავი დაზიანდა. უფრო სწორად, კრამიტი დატყდა, მთავარი ტაძრის ინტერიერში წყალი ჩავიდა, დასველდა კედლის მხატვრობა, გამოშრობის შემდეგ კი უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოიყარა.

მას შემდეგ, რაც ხარვეზებმა თავი იჩინა და უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას დააბრალა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა.

გელათის რეაბილიტაციის პროცესის მართვა საქართველოს საპატრიარქომ კულტურულის სამინისტროსგან 2023 წლის 7 აპრილს გადაიბარა.

ამ დროისთვის გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამონასტრო კომპლექსში იტალიელი, ინგლისელი და გერმანელი სპეციალისტები იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, გამოვლენილია 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც განხორციელდება. სამუშაოების პარალელურად, შეისწავლიან მოზაიკას, დიაგნოსტიკის შემდეგ კი მოზაიკის საკონსერვაციო სამუშაოებიც დაიწყება. სპეციალისტების თქმით, ჯერჯერობით შეუძლებელია იმაზე საუბარი, დაზიანებული მხატვრობიდან და მოზაიკიდან რა ნაწილის გადარჩენა მოხდება. ამასთან, დროებითი გადახურვის თავზე დამატებითი გადახურვის მოწყობაა დაგეგმილი. 

"ქართულმა ოცნებამ" 3 აპრილს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი მეორედ დააინიციირა. კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსს მიანიჭებს.

კანონპროექტი, ერთი წლის წინ, ხალხის პროტესტის შედეგად "ოცნებამ" უკან გაიწვია. მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ ამ კანონს არასოდეს მიუბრუნდებოდნენ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:27 / 27.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში რამდენჯერმე შემოგთავაზებთ იმერეთის რეგიონში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:08 / 26.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.