გამჭვირვალე თვითმმართველობა
საკრებულოს სხდომები მერის გარეშე და არაოფიციალური ბოიკოტი დეპუტატებს
FaceBook
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მას შემდეგ რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, მე-6 მოწვევის საკრებულოს მიერ ჩატარებული 10 სხდომიდან 8-ს არ დასწრებია.
ქალაქის პირველი პირი წარმომადგენლობით ორგანოში მხოლოდ ორჯერ, 2017 წლის 27 დეკემბერს და მიმდინარე წლის 18 იანვარს მივიდა. მაშინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გიორგი ჭიღვარია მწვავედ გააკრიტიკეს, რის შემდეგაც იგი  საკრებულოში აღარ გამოჩენილა.

გიორგი ჭიღვარია არ დასწრებია არც იმ სხდომას, რომელიც მისთვის, როგორც ახლადარჩეული მერისთვის პირველი შეხვედრა უნდა ყოფილიყო დეპუტატებთან.

ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიუხედავად, იგი არ ესწრებოდა ისეთ მნიშვნელოვან სხდომებს, სადაც დეპუტატები ახლადმიღებული ბიუჯეტისა და საშტატო ნუსხის ცვლილებებს განიხილავდნენ. საკრებულომ მის გარეშე დაამტკიცა რეორგანიზაციის გეგმაც.

საკრებულოს ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ქალაქის პირველი პირი გაურბის დეპუტატებისგან მწვავე კრიტიკის მოსმენას და მათთან ურთიერთობას მედიის საშუალებით არჩევს.

"ქალაქის მერი გველაპარაკება მედიის საშუალებით. სხდომაზე ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც არის ქალაქში, ვსვამთ შეკითხვებს აღმასრულებლის მისამართით და ის მერე მედიით გვპასუხობს, რაც არასწორია. ვფიქრობ, გაურბის დისკუსიას და იმ რეალობის დანახვას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ", - ამბობს საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან", მერაბ მეშველიანი.

ქალაქის მერის სხდომებზე არდასწრების გამართლება რამდენჯერმე სცადა საკრებულოს უმრავლესობამ. დეპუტატებს მოჰყავდათ არგუმენტები, რომ მერს მნიშვნელოვანი შეხვედრები ჰქონდა, თუმცა, ამ არგუმენტების არ სჯერა ოპოზიციას და მიიჩნევს, რომ მერი დეპუტატების მიმართ უპატივცემულობას იჩენს.

"ეს არის უპატივცემულობა საკრებულოს, როგორც ზოგადად ინსტიტუტის მიმართ. მეორეს მხრივ, მერი გაურბის დისკუსიას ოპოზიციასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ იგი ზოგადად ერიდება საზოგადოებასთან ურთიერთობას და მხოლოდ ადამიანებისთვის  საჩუქრების გადაცემის დროს ჩნდება. მან თავისი 100 დღის მუშაობაც კი კლიპის სახით წარუდგინა საზოგადოებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ის არ არის მზად კრიტიკისთვის და კითხვებზე პასუხების გასაცემად", - ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია.

ოპოზიცია ქალაქის მერს მოუწოდებს დაესწროს საკრებულოს სხდომებს და გასცეს პასუხები დეპუტატების შეკითხვებს.

სხდომებზე ქალაქის მერის დასწრებას საჭიროდ არ მიიჩნევს უმრავლესობის დეპუტატი, მაია სიმონიძე. მისი თქმით, მას ამ დრომდე ქალაქის მერთან შეკითხვა არ გასჩენია.

"არ მქონია საკითხი, რომელზეც მიფიქრია, რომ ამას ალბათ,  ქალაქის მერი უნდა პასუხობდეს. შეკითხვები,  ძირითადად, სამსახურებთან მაქვს და რომ მქონდეს ეს კითხვები მერთან, ხმამაღლა დავაფიქსირებდი ამასაც. ის, რომ მანდამაინც ქალაქის მერმა უნდა მიპასუხოსო, ეს არის პოლიტიკური თემა. მე ისედაც მაქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია მერთან და ეს პრობლემა არ მქონია. საჭიროება როცა იქნება, ალბათ, დაესწრება კიდეც", - ამბობს მაია სიმონიძე.

იგივეს ამბობენ ქუთაისის მერიაშიც. ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ   გიორგი ჭიღვარია დაესწრო და დაესწრება  ყველა იმ სხდომას, სადაც ამის აუცილებლობა იქნება.

"ქუთაისის მერი კანონმდებლობით განსაზღვრულ ყველა ვალდებულებას ასრულებს. მათ შორის, დაესწრო და დაესწრება ყველა იმ საკრებულოს სხდომებს, სადაც ქალაქის მერის დასწრება აუცილებელი იქნება. საკრებულოს ყველა სხდომას ესწრებიან მერის მოადგილეები, სადაც საკრებულოს წევრებს საშუალება აქვთ მოისმინონ ყველა იმ კითხვაზე პასუხი, რომლითაც ისინი დაინტერესებულნი არიან", - განაცხადეს ქუთაისის მერიაში.

თუმცა, ქუთაისის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2017 წლის 7 დეკემბრის რიგგარეშე და 2018 წლის 31 იავრისა და 2018 წლის 28 მარტის სხდომებს მერის არც ერთი მოადგილე არ დასწრებია. 

წარმომადგენლობით ორგანოში ერთად იშვიათად მიდის მერის სამივე ან თუნდაც ორი მოადგილე. როგორც წესი, სხდომებს ძირითადად,  მერის ერთ-ერთი მოადგილე ესწრება.  

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულომ სულ 11 (8 რიგითი და 3 რიგგარეშე) სხდომა ჩაატარა. პირველ სხდომაზე, რომელიც 2017 წლის 20 ნოემბერს გაიმართა, ქალაქის ახლადარჩეულ მერს ჯერ კიდევ არ ჰქონდა უფლებამოსილება მინიჭებული. შესაბამისად, მისი მერად მუშაობის პერიოდში წარმომადგენლობითმა ორგანომ 10 სხდომა ჩატარდა, მათგან 8-ს კი ქალაქის მერი არ დასწრებია.


ამავე თემაზე:

"ქალაქის ახლადარჩეული მერი საკრებულოს ემალება" - "ნაციონალი" დეპუტატი გიორგი ჭიღვარიას

"სად იმალება ქუთაისის მერი?" - საკრებულოს ოპოზიცია

"უნდა მივცეთ დრო" - საკრებულოს თავმჯდომარე ქუთაისის მერზე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:20 / 16.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.