გამჭვირვალე თვითმმართველობა
მამის კომპანია და კონკურენციის გარეშე მოგებული ტენდერები ზესტაფონის მერიაში
FaceBook
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, დავით მესხიშვილის მამის კომპანია, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს რეგულარულად იგებს.

შპს "ზესტაფონპროექტმა", რომლის დირექტორი და 30%-იან წილის მფლობელი ნოდარ მესხიშვილია, ბოლო ტენდერი თვენახევრის წინ მოიგო. 40 ობიექტის რეაბილიტაციისთვის პროექტის მომზადების უფლება მან 9000 ლარად, კონკურენციის გარეშე მოიპოვა.

კონკურენციის გარეშე აქვს მოგებული "ზესტაფონპროექტს" კიდევ 16 ტენდერი. მათ შორის, სამ შემთხვევაში ფასთა კლება ნული ლარი იყო, ანუ ზესტაფონის მერიამ შესასრულებელი სამუშაოების ტენდერზე გატანით, ბიუჯეტში ეკონომია ვერ გააკეთა.  ამავე კომპანიის მიერ მოგებულ 13 ტენდერში კი,  მერიის მიერ დაზოგილი თანხა 50 ლარს არ აღემატება. ხოლო, 2015 წლის 20 ოქტომბერს გამოცხადებული 735 ლარიანი ტენდერი, "ზესტაფონპროექტმა" 730 ლარად, კონკურენტის გარეშე მოიგო.

ზესტაფონის მერიის ერთ-ერთი მსხვილი კონტრაქტორის დირექტორის შვილი, დავით მესხიშვილი, რომელიც იმ სამსახურს ხელმძღვანელობს, სადაც სატენდერო წინადადებებს ამზადებენ, ამბობს, რომ ინტერესთა კონფლიქტს ვერ ხედავს.

"რადგან მე ვმუშაობ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, ამ კომპანიამ აღარ უნდა მიიღოს ტენდერებში მონაწილეობა და გადაკეთდეს სასურსათო მაღაზიად? თუ მე უნდა წავიდე მუნიციპალიტეტიდან? დარღვევას ვერ ვხედავ იმაში, რომ მამაჩემი არის იმ კომპანიის ხელმძღვანელი, რომელსაც ტენდერები აქვს მოგებული. ის, რომ ჩემი სამსახური ამზადებს საპროექტო წინადადებებს, არ ნიშნავს იმას, რომ მე ვინმეს ლობირება შემიძლია. ვიდრე ტენდერი გამოცხადდება, ეს გადის სხვადასხვა ეტაპს. მათ შორის სატენდერო კომისიას, რომლის წევრიც მე არ ვარ", - ამბობს ზესტაფონის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მესხიშვილი.

სატენდერო კომისიის წევრია, თუმცა, კონკრეტული კომპანიის ლობირებას გამორიცხავს ამავე სამსახურის კიდევ ერთი  თანამშრომელი, თეიმურაზ წიწილაშვილი, რომელიც ამავე დროს, დავით მესხიშვილის მამის კომპანიის დამფუძნებელი და 40%-ის წილის მფლობელია.

თეიმურაზ წიწილაშვილი სწორედ იმ განყოფილებას ხელმძღვანელობს, სადაც შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მზადდება, ამასთანავე, მის განყოფილებას ევალება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლიც.

ამის მიუხედავად, თეიმურაზ წიწილაშვილი ამბობს, რომ მისი შპს ტენდერებს მხოლოდ იმიტომ იგებს, რომ ქალაქში ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიები ცოტაა.

"ქალაქში ძალიან ცოტა კომპანიაა, რომელიც საპროექტოზე მუშაობს, მაგრამ ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს. კომპანია,  ძირითადად, ისეთ ტენდერებს იგებს, სადაც პროექტის შედგენაა საჭირო და ზოგჯერ იმდენი პროექტია ერთად შესადგენი, ამას შეიძლება ერთი თვეც დასჭირდეს. ეს რომ ისეთმა შპს-მ მიგოს, რომელიც ადგილობრივი არაა, მის გასაკეთებლად მივლინებით მოუწევს აქ ჩამოსვლა. ამიტომ, ასეთ ტენდერებში კონკურენცია არაა. მსხვილ ტენდერებს, როგორიცაა მაგალითად, საგზაო ინფარსტრუქტურა, უფრო თბილისური კომპანიები იგებენ და იმათ კონკურენციას ვერ გაუწევ", - ამბობს ზესტაფონის მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, თეიმურაზ წიწილაშვილი.

მისივე თქმით, იგი ამ ეტაპზე კომპანიაში აღარ მუშაობს, თუმცა, 40%-იანი წილი კვლავ მას ეკუთვნის.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოც". ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ინფრასტრუქტურის სამსახურისა და განყოფილების ხელმძღვანელი პირების მუნიციპალიტეტის კონტრაქტორ კომპანიასთან კავშირი, კორუფციის რისკებს შეიცავს. ორგანიზაციის მიერ შესწავლილ ტენდერებში, ასევე,  გამოიკვეთა კონკურენციის შეზღუდვის შესაძლო ფაქტებიც.

შპს "ზესტაფონპროექტს" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ 2015-2018 წლებში გამოცხადებულ 40 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან, კომპანიამ 28 ტენდერი მოიგო, რაშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 123 274 ლარი მიიღო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:20 / 16.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.