საწირე - "იმერეთის გული" ევროპული მომავლით (ვიდეო)
12:24 / 03.01.2018
საწირე იმერეთში ერთადერთი ადგილია, სადაც უნიკალური ჰავის გამო,
წარსულში ბავშვთა სამკურნალო ცენტრი ფუნქციონირებდა და კურორტის
ფუნქცია ჰქონდა.
ახლა სოფელში საბჭოთა ინფრასტრუქტურა აღარ არსებობს. მათ თანდათან
ახალი ობიექტები ანაცვლებენ და საწირეს ევროპული სოფლის პერსპექტივას
უჩენენ.
***
სოფელ საწირეში განაპირა, შემაღლებულ ადგილზე, მიტოვებული,
ერთსართულიანი შენობა დგას. მასთან მისასველელი ბილიკი საკმაოდ
გრძელია. შენობას კარი და ფანჯარა არ აქვს. რაც უფრო უახლოვდები, მით
უფრო იგრძნობა მძაფრი, არასასიამოვნო სუნი. ჩანს, რომ სოფლის ნახირი
ავდარსა და დარში თავს აქ აფარებს. პირველი ოთახი დიდი დარბაზია,
მომდევნო კი ალბათ სამზარეულო იყო, რადგან ნიჟარა ჯერ კიდევ
შემორჩენილია. აქაურები გვიამბობენ, რომ მიტოვებული შენობა ყოფილი
სანატორიუმის სასადილო იყო. მას ირგვლივ აივანი აკრავს, საიდანაც
ცხრაჯვარის და ტყიბულის წყალსაცავის ულამაზესი ხედი იშლება. ორივე
მხრიდან მოტანილი ჰაერი, სწორედ აქ ერწყმის ერთმანეთს და უნიკალურ
კლიმატს ქმნის.
ამ თვისების გამო საწირეში 1976 წელს დასასვენებელი სახლი ააშენეს და
გარშემო შესაფერისი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. სოფელს ბავშვთა
სამკურნალო კურტორტის ფუნქცია მიანიჭეს. აქვე ფუნქციონირებდა
მეშახტეების შვილებისთვის დასასვენებელი სასტუმრო. კურორტს წლების
განმავლობაში დამსვენებლი არ აკლდა. 80-ანი წლებიდან ინფრასტრექტურამ
ნელ-ნელა მოშლა დაიწყო, რამდენიმე წლის შემდეგ კი მთალიანად
განადგურდა. კურორტზე თანდათან ხალხის ნაკადმაც მოიკლო. წლების
განმავლობაში დასასვენებელ სახლს სტუმარი არ მიუღია. თუმცა, კურორტის
მიმართ ინტერესი თანდათან იმატებს. დამსვენებელი კერძო სექტორს
მიმართავს. ამის გამო, საწირეში მიტოვებულ სახლებს ინვესტორები
საოჯახო სასტუმროების მოსაწყობად იძენე. ეს ბიზნესი აქვს ზოგიერთ
ადგილობრივსაც.
საწირის სანატორიუმისკენ მიმავალ გზაზე, რამდენიმე სახლში
მშენებლობა მიმდინარეობს. მესაკუთრეები მომავალი წლის სეზონისთვის
ემზადებიან. სულ ბოლო სახლზე კი უკვე არის წარწერა: "საოჯახო
სასტუმრო". ის ლელა ზარნაძეს ეკუთვნის. სამი წელია მან სახლში საოჯახო
სასტუმრო მოაწყო. ლელა ამბობს, რომ ბოლო წლებში დამსვენებელთა რიცხვმა
იმატა, განსაკუთრებით კი ზაფხულში.
ადგილობრივმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ კურორტის რეაბილიტაციაზე
ზრუნვა მიმდინარე წელს დაიწყო. ტყიბულის მერის წარმომადგენელი
საწირეში, თენგიზ ლომთაძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე გაზიფიკაცია
მოხდა. ამჟამად, ბუნებრივი აირი სოფლის 250-მდე მოსახლეს მიეწოდება.
2018 წლის თებერვლიდან წყლის სისტემა მოეწყობა, რაზეც ცენტრალური
ბუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯება. თენგიზ ლომთაძე გვიხსნის, რომ
პროექტები ამით არ სრულდება და ჯამში საწირეში სახელმწიფო
დაფინანსებით 700 000 ლარის ოდენობის სხვადასხვა სამუშაოები
განხორციელდება, რომელთა ნაწილი უკვე დაწყებულია.
ერთ-ერთი მათგანი სოფლის რკინიგზის სადგურის რეაბილიტაციაა. პროექტი,
რომელსაც სააქციო საზოგადოება "საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს,
წლის ბოლომდე დასრულდება. რეაბილიტირებულ რკინიგზის სადგურში
სილამაზის სალონი, კინოდარბაზი და ინტერნეტ კაფე განთავსდება.
მომავალი წლისთვის აშენდება მედიათეკა და საზოგადოებრივი ცენტრიც.
საწირის ევროპული ტიპის კურორტად მოსაწყობად, საჯარო სტრუქტურებთან
ერთად, კერძო სექტორიც ზრუნავს. ამ მიზნით ადგილობრივმა
ბიზნესმენებმა, გელა და გია ბუბაშვილებმა ორი წლის წინ "საწირის
განვითარების ფონდი" დააფუძნეს. გელა ბუბაშვილი გვიხსნის, რომ ფონდის
შექმნის მიზანი საწირეში საქალაქო ტიპის ინფრასტრუქტურის შექმნაა.
"საწირეს, ისევე როგორც საქართველოს სოფლების უმრავლესობას, გააჩნია
თავისი კონკურენტული უპირატესობანი. საწირისთვის ესაა კურორტის
სტატუსი, თავისი ისტორიით და მდებარეობა, როგორც ტურისტული ადგილის.
საწირეში არის ტბა, მთის მდინარე, საუკუნოვანი ისტორიის სკოლა.
ზუსტად, ამ უპირატესობების რეალიზაციაზე მუშაობს "საწირის
განვითარების ფონდი". ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულება სახელმწიფო
და კერძო ინვესტიციების მოზიდვაა, რადგან მხოლოდ ინვესტიციების
მოზიდვით შეიძლება განვითარდეს ქართული სოფელი, დასაქმდეს ადგილობრივი
მოსახლეობა," - გვიხსნის გელა ბუბაშვილი.
ტურისმისა და მცირე ბიზნესის ხელშესაწყობად "საწირეს განვითარების
ფონდში" უკვე პროექტიც აქვთ, რომლის მიხედვით საკურორტო ზონაში
თანამედროვე, ევროპული ტიპის ინფრასტრუქტურა მოეწყობა. შენობა,
რომელიც მეშატხეების შვილების დასასვენებელი იყო, 25 ნომრიანი
სპორტული ბაზა იქნება, აქვე 2 სასტუმრო, კოტეჯები და საცურაო აუზი
აშენდება. მიტოვებული სასადილოს ადგილზე კი ტბაზე გადასახედი ატრაქცია
მოეწყობა.
საწირეს საკურორტო ზონიდან გზა წყალსაცავისკენ მიდის.
აქაურები მას ტბას ეძახიან. 3 კილომეტრიანი გზა რთულად გასავლელია,
უამინდობაში მანქანასაც უჭირს. თუმცა, ინტერესი იმდენად დიდია, რომ
უკან დაბრუნების სურვილი არ გაქვს. გზა ჯერ ბუჩქნარში გადის. ადრე ის
ჩაის პლანტაცია ყოფილა, ახლა კი ველურ ბალახადაა ქცეული. ბუჩქნარი
მალე მთავრდება. აქედან მაღლობზე შეფენილი დიდი, მწვანე მინდორი ჩანს.
დაღმართის ქვემოთ ტბა და კუნძულებია. ორივე ნისლშია დამალული, ისევე
როგორც ცხრაჯვარი. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ ტბაზე დილით და
საღამოს სულ ნისლია, მნიშვნელობა არ აქვს წლის რომელი
დროა.
საწირეს ადგილობრივები "იმერეთის გულს" უწოდებენ. მათი თქმით,
სოფლიდან იმერეთის ნებისმიერი მხარის მიმართულებით წასვლას ერთნაირი
დრო სჭირდება. გარდა, ამისა ის ახლოა დასავლეთ საქართველოს სხვა
რეგიონებთანაც.
სტატია მომზადებულია ქუთაისიპოსტის რუბრიკის "სოფლის
ცხოვრების ევროპული პერსპექტივა" ფარგლებში. მისი მიზანია აჩვენოს
ევროპული ღირებულებები სოფლის ცხოვრებაში, მულტიმედია
ფორმატით.
იხილეთ ამ რუბრიკის ფარგლებში მომზადებული სხვა
სტატია:
მასალის გამოყენების პირობები