ხარჯების დაზოგვის ქუთაისური პოლიტიკა - "საქმე რომ აკეთო, ფული უნდა დახარჯო"
FaceBook
2016 წელს თითქმის ყველა ადმინისტრაციული ხარჯია გაზრდილი


ქუთაისის მერიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ადმინისტრაციული რესურსების დაზოგვის პოლიტიკა გამოაცხადა. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, ხელისუფლებამ, ბოლო წლებში ხარჯების ნაწილობრივი შემცირებით უპასუხა, თუმცა, ფინანსების დაზოგვის დინამიკა წლების მიხედვით არასტაბილურია.

2013 წელთან შედარებით, რომლის დაგეგმვაშიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია, 2014 წლის ბიუჯეტში ახალმა ხელისუფლებამ ადმინისტრაციული ხარჯებისთვის მილიონ 188 100 ლარით ნაკლები გაითვალისწინა.

ხარჯვითი ნაწილის მკვეთრად შემცირების ტენდენცია მომდევნო წლებში აღარ გაგრძელდა.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ გასულ წელს, 2014 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები მხოლოდ 986 500 ლარით შეამცირა. პარალელურად, იმავე წლის მონაცემებში 43 ათას 700 ლარით გაზარდა შრომის ანაზღაურება, თითქმის 60 ათასით სამივლინებო ხარჯები და 5 600 ლარით სხვა მომსახურების თანხა.

ამასთანავე, 2015 წლის ბიუჯეტში პირველად გამოჩნდა სხვა ხარჯები, რომელიც წინა წლების ბიუჯეტში ამ კლასიფიკაციით არ გვხვდებოდა. სხვა ხარჯებისთვის აღმასრულებლმა ხელისუფლებამ გასულ წელს 14 000 ლარი დახარჯა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ბუნდოვანია რას მიიჩნევს ხელისუფლება ადმინისტრაციულ ხარჯად.

"ძნელი სათქმელია, რა არის ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული ხარჯი და საერთოდ, ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა პროცესი მიდის ძალიან ბუნდოვნად, მათ შორის კონტროლიც, რომელსაც მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს",- ამბობს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე.

ბუნდოვანია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ქუთაისის საკრებულოს კიდევ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის. სამსონ გუგავა მიიჩნევს, რომ ხარჯების შემცირების პოლიტიკა მაშინ იქნება ეფექტური, თუ დაზოგილი თანხა გამჭვირვალედ დაიხარჯება.

"სად მიაქვთ ეს დაზოგილი თანხა? თუ ვამცირებთ ხარჯებს, მაშინ უნდა ვიცოდეთ რისთვის და რატომ ვამცირებთ. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ სფეროს, რომელსაც ხარჯების შემცირებით დაზოგილი თანხა მოხმარდა",- ამბობს სამსონ გუგავა.

ოპოზიციისგან განსხვავებით, ადმინისტარციული ხარჯების დაზოგვის პოლიტიკა ეფექტურია ქუთაისის მერისთვის. შოთა მურღულია ამბობს, რომ ქუთაისის ხელისუფლება სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ყველაზე მცირე თანხას ხარჯავს.

"საქმე რომ აკეთო, მის მართვაში ფული უნდა დახარჯო. ქუთაისის მერია ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ბიუჯეტის მხოლოდ 10%-ს ხარჯავს, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი. ის სოციალური პროექტები, რომელიც ხორციელდება, სწორედ ამ ხარჯების დაზოგვის შედეგად გამოთავისუფლებული თანხებით დაფინანსდა",- ამბობს შოთა მურღულია.

ქალაქის მერის ოპტიმიზმის მიუხედავად, ხარჯების დაზოგვის პოლიტიკა არ გაგრძელდა 2016 წელს. ქუთაისის მერიამ მიმიდნარე წლის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა. თუმცა, 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, თითქმის ყველა ადმინისტრაციული ხარჯია გაზრდილი. მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე მერია წელს 344 700 ლარით მეტს ხარჯავს. 400 ათას ლარიანი მატებაა საქონელსა და სხვა მომსახურებაზე. 90 ათასი ლარითაა გაზრდილი წარმომადგენლობითი ხარჯები, ასევე, ჯამში 80 ათასი ლარით მეტის გათვალისწინება მოუწია მერიას საშტატო ერთეულის, მივლინებისა და ტრანსპორტის გაზრდილი ხარჯების დასაფინანსებლად.

ამასთანავე, კლებადი დინამიკაა ადმინისტრაციული ხარჯების გეგმასა და შესრულებას შორის ნაშთში.

ქუთაისის მერიამ, გასულ წელს ამ ნაწილში ყველაზე მცირე თანხა დაზოგა. 2015 წლის მაჩვენებლები 5-ჯერ უფრო ნაკლებია (269 100 ლარი) წინა წლის მონაცემებზე  და 3 ჯერ უფრო მცირე, ვიდრე 2013 წლის ნაშთი (988200 ლარი). 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.