ქუთაისში, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაში ჩართვის
სურვილი მხოლოდ 30-მა ადამიანმა გამოთქვა.
პროგრამის ამოქმედებიდან სამი დღის
განმავლობაში, სწორედ ამდენმა მოქალაქემ მიმართა იმერეთის
მომსახურების სააგენტოს. სააგენტო დასაქმების მსურველებს კონსულტაციას
უწევს.
"ჩვენ მოგვმართავენ და
კონსულტაციას ვუწევთ, მათ დასაქმებას კი დასაქმების სააგენტო
ხელმძღვანელობს. უკვე გავუწიეთ კონსულტაცია 30-მდე პირს'',-
ამბობს სოციალური სააგენტოს იმერეთის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო
ჭიღლაძე.
სოციალურად დაუცველების დასაქმება
რამდენიმე სფეროს მიხედვით ხდება: საზოგადოებრივ სფეროში, ღია ბაზარზე
პროფესიული მომზადება/გადამზადება, ასევე, თუ პირი მუშაობს კერძოდ,
მას ოფიციალურად დაარეგისტრირებენ.
იმერეთში სოციალურად დაუცველთა
ბაზაში 56 417 ადამიანია რეგისტრირებული, აქედან ფულად შემწეობას
მხოლოდ 22 730 ოჯახი იღებს.
დასაქმების პროგრამაში ჩასართავად,
ბენეფიციარებმა უნდა მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს ან დარეკონ
ჯანდაცვის ცხელ ხაზზე: 15 05
პროგრამის ბენეფიციარები 18 წლის და
უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო
ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ
დახმარებას.
დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს,
4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდება. ამ
პერიოდში მათი სტატუსის გადამოწმება არ მოხდება.
სოციალურად დაუცველი პირის გაწეული
სამსახური 300 ლარით ანაზღაურდება.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო
სააგენტოში ამ ეტაპზე 14 382 ვაკანსიაა. პრემიერ-მინისტრმა პროგრამაში
20 000 სოციალურად დაუცველის ჩართვა დააანონსა.
პროგრამის ბიუჯეტი 770 000
ლარია.
მასალის გამოყენების პირობები