რა გადაარჩენს ტურიზმს – ტურისტული კომპანიების ზარალი და მოლოდინი
FaceBook

პამდემიის გამო იმერეთს კიდევ რამდენი ხანი ვეღარ მოინახულებს ტურისტი ზუსტად არავინ იცის.


ალბათ, მაშინ, როცა სახლიდან უშიშრად გამოვალთ? ანდა როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც დააღწევენ თავს კარანტინს?   – რა თქმა უნდა, არა.

სპეციალისტების ვარაუდით, პანდემიის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების განცდის დაბრუნებას დრო დასჭირდება. ზუსტად ისე, როგორც ჭრილობებს მოშუშება. ტურიზმს კი  ,,გაცოცხლება". მით უფრო მაშინ, როცა მისი გადარჩენა ჯაჭვური რეაქციის მსგავსად, ბევრ სხვა სფეროს გადაარჩენს. მათ შორის სამომხმარებლო ბიზნესს, კვების ობიექტებს, კაფე–ბარებს, სასტუმროებს, ჰოსტელებს და სხვა.

პოსტკორონულ პერიოდამდე ტურისტულმა კომპანიებმა თვითგადარჩენა უნდა შეძლონ. მათ შორის შემოსავლის გარეშე დარჩენილმა გიდებმა.

პანდემიურ პერიოდში დაზარალებულთაგან ერთ-ერთი ქუთაისში მოქმედი ტურისტული კომპანია "თრეველ ჯორჯიაა." კომპანია, რომელიც მასპინძელ ტურებთან ერთად გამყვან ტურიზმზეც მუშაობდა, მესამე თვეა გაჩერებულია. გაუქმებულია ყველა დაგეგმილი ტური. ნულს უტოლდება კომპანიის ბიუჯეტი, რომლის წლიური ბრუნვაც მილიონი ლარი გახლდათ.

,,გაცილებით დიდ ზარალში არიან დიდი ტურისტული კომპანიები. ამ ყველაფერს ითვლიდა ჩვენი ტურისტული ცენტრი, თუმცა, მათ ჯერ ეს შედეგები არ დაუდიათ. მათგან ველოდებით მოვისმინოთ თუ  როგორ აპირებენ ტურისტული სექტორის დახმარებას პანდემიის გადავლის მერე. ამიტომ მოვუწოდებ წარმოადგინონ თავიანთი გეგმები," – ამბობს ტურისტული კომპანია ,,თრეველ ჯორჯია,“ – ს დამფუძნებელი ლაშა ბერეკაშვილი, რომელიც ამავდროულად ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელიცაა.

ლაშას მსგავსად ზარალს ითვლის გიგაც. გიგა ფაღავას ტურისტული კომპანია ,,ბაჯეთ ჯორჯია“  4 წელია ქუთაისში წარმატებულად ოპერირებს. ახლა სხვების მსგავსად, რთულ პერიოდთან გამკლავება საკუთარი დანაზოგით უწევს.

,,ასეთ ვითარებაში არასდროს არ ვყოფილვართ. უკვე  200 – მდე ტური გაუქმდა კომპანიაში. ველოდებით როდის დალაგდება ყველაფერი, მოიხსნება შეზღუდვები და გაცოცხლდება ტურიზმის სფერო,“ – ამბობს ფაღავა.

კომპანიების მეპატრონეების გარდა, ფინანსური პობლემები გიდებსაც აქვთ. განსაკუთრებით რთული ეს პერიოდი თვითდასაქმებულებისთვისაა, რომელთა ერთადერთი შემოსავალი სწორედ ტურიზმთან იყო მიბმული.   

,,ცოტა წვლილი ჩვენც მიგვიძღვის იმ მილიონობით ტურისტში რაც ჩამოდის საქართველოში. ჩემსავით უამრავი გიდი რომლებსაც პირდაპირ ეკონტაქტებიან ტურისტები და არა კომპანიების გავლით დარჩენილია უხელფასოდ, მათ არც ოფიციალურად უჩანთ შემოსავალი. რა ქნას ამ ხალხმა, თუ მთავრობა არ დაეხმარება, მომავალ წლამდე განწირულები იყვნენ შიმშილისთვის?“ – ამბობს ერთ–ერთი თვითდასაქმებული გიდი დავით ცაბაძე, რომელიც იმერეთში შიდა ტურებზე მუშაობდა.

უმუშევრად დარჩენილი გიდების დახმარებისა და ტურიზმის ხელახლა ამუშავებისთვის პრობლემის გადაწყვეტის საკუთარი ხედვები აქვთ ამავე სფეროში დასაქმებულებს. 

მათი აზრით, პირველი მთავრობის მიერ ამოქმედებულ სოციალურ პაკეტში გიდების გათვალისწინებაა. 

"იმ სოციალურ პაკეტში, რომელიც გულისხმობს ექვსი თვის მანძილზე ორას ლარიან დახმარებას, აუცილებელია ჩართონ გიდებიც. ეს იქნებოდა ადეკვატური დახმარება მთავრობის მხრიდან ,“ – ამბობს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულები მუშაობის განახლებას მომავალი წლის მარტიდან ელოდებიან. თუმცა, იქამდე სხვა ისეთი ღონისძიებების დაგეგმვის აუცილებლობაზე საუბრობენ, რომელიც ტურისტულად უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოს შექმნის. 

,,სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან ერთად უნდა დაიგეგმოს საგანმანათებლო ღონისძიებები, გავრცელდეს ვიდეო გაკევთილები გიდებისთვის, სასტუმროებისთვის, კვების ობიექტებისთვის, ვიზიტორთა ცენტრებისთვის, თუ როგორ დაიცვან სწორად ჰიგიენური და ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ასევე, დაიწყოს საქართველოს პოზიცირება მე 4 დონის ქვეყნების სიაში მოსახვედრად, სადაც არიან ვირუსით ნაკლებად დაზარალებული ტურისტული ქვეყნები, მაგალითად  საბერძნეთი, ეგვიპტე და ხორვატია,” – ამბობს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი.

ტურიზმის სფეროში ჩართული ადამიანების აზრითვე, კარგი იქნება,  თუ  შიდა ტურიზმის განვითარებასაც მიექცევა ყურადღება. ამ მიზნით კი ადგილობრივ ტურისტულ სანახაობებზე (მღვიმეები,კანიონები/ მუზეუმები) მოხდება საშეღავათო ტარიფების შემოღება. ასევე, გაუმჯობესდება არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრში აცხადებენ, რომ კომპანიებთან  თანამშრომლობენ და მათი გუნდი  ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რეაბილიტაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური იყოს.

,,უახლოეს დღეებში ჩვენ ვგეგმავთ ონლაინ კონფერენციების გამართვას მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით, რომლებიც დაეხმარებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, მიაწვდიან მათ საჭირო ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა  ახალი წესებით მოუწევთ ფუნქციონირება ახალ რეალობაში. შეზღუდვების მოხსნისთანავე, ძალაში შევა წლის დასაწყისში დაგეგმილი ყველა პროექტი: საგანმანათლებლო, მარკეტინგული, ასევე ტურისტული პროდუქტების შექმნის მიმართულებით არსებული პროექტები. ჩვენი მიზანი და სურვილია რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ 2020 წლის დასაწყისის ნიშნულს,"- ამბობს ქუთაისის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი.

მისივე თქმით, რეგიონალურ დონეზე ზარალის დათვლის მზა ალგოროთმი  არ არსებობს, თუმცა გამომდინარე იმ მოცემულობიდან,  რომლის მიხედვითაც 2019 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენდა 3.3 მილიარდ დოლარს, ზარალი უზარმაზარია.

,,ტურისტული შემოსავლები საქართველოში 2019 წელს 47 მილიონით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენდა 217  მილიონ დოლარს,"– ამბობს ლილუაშვილი. 

მისივე თქმით, იმერეთში ტურიზმიდან შემოსული შემოსავლების შესახებ, ცენტრს ინფორმაცია ახლახანს მიაწოდა  ამერიკულმა პორტალმა airbnb- მ. ინფორმაციის მიხედვით, იმერეთში ტურისტული შემოსავლები 2019 წელს   2 120 205 ლარი იყო. 

"თუმცა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი პორტალის მონაცემებია და კიდევ ერთხელ ადასტურებს ზარალის მაშტაბურობას,"- აცხადებს ლილუაშვილი.

ტურიზმის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის პროგრამას საქართველოს მთავრობაც ამზადებს. 

ამის შესახებ განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გასულ კვირას გააკეთა. 

,,ჩვენ ტურიზმისთვის ცალკე დახმარების პაკეტს ვამზადებთ, ცალკე ღონისძიებებს, ეს ნაწილობრივ იქნება პოსტკრიზისული გეგმის შემადგენელი ნაწილი და ამაზე ძალიან მალე ვისაუბრებთ," – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებითვე, საქართველო აქტიურად მუშაობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად, მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო. ასევე ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობითვე, შეხვედრები ტურიზმის სექტორთან სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები სწრაფად იქნეს აღმოფხვრილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.