რა იქნება კორონას შემდეგ?!– ეკონომისტების შეფასებები
FaceBook

კორონავირუსის მასშტაბების ზრდის პარალელურად, მსოფლიო ეკონომიკა ყოველდღიურად უდიდეს ზარალს განიცდის.


ეკონომისტები დღეს არსებულ ვითარებას,  სულ უფრო ხშირად ადარებენ 2007–2008 წლების გლობალურ ფინანსურ კრიზისს, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ყველაზე ღმა კრიზისად არის შეფასებული. კორონავირუსის გამო დაკეტილი საწარმოები და გაჩერებული ეკონომიკა მძიმე ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს განვითარებულ ქვეყნებსაც კი. პესიმიზმს ამყარებს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების კვლევებიც. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში ივარაუდა გლობალური ეკონომიკური ზრდის განახევრება  “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ“ (OECD]). Bloomberg-ის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით კი 2020 წელს ეს მაჩვენებელი ნულს გაუტოლდება, ხოლო ეკონომიკური დანაკარგი 2,7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს.

კიდევ უფრო მძიმე პროგნოზებს აკეთებენ ქართველი ფინანსისტები ჩვენი ქვეყნისთვის. დარგის სპეციალისტები კორონავირუსის დასრულების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის განახევრებას ვარაუდობენ და ერთადერთ გამოსავლად, კარანტინის მოკლე ვადებში დასრულებას მიიჩნევენ.

ფინანსისტი, გიგი ბედინეიშვილი თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკურმა გაღარიბებამ, გრძელვადიან პროცესში, შესაძლოა, უფრო მეტი მსხვერპლი გამოიწვიოს, ვიდრე კორონავირუსმა.


„იმ ტემპით, როგორც ახლა ჩვენი ეკონომიკა  მოძრაობს, მისი განახევრება ფაქტობრივად გარდაუვალია.  ამიტომ,  რაც უფრო მალე გამოვალთ კარანტინის რეჟიმიდან, მით უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ ღრმა უფსკრულში გადავჩეხავთ ეკონომიკას, რომ იქედან ამოსვლა ძალიან რთული იქნება. თუ ახლა 200 000 უმუშევარი გვყავს, ამის შემდეგ მივიღებთ 500 000–ს. კიდევ უფრო ტრაგიკული იქნება ეს პროცესები მოსახლეობისთვის, რადგან შიმშილით, დეპრესიის ფონზე თვითმკვლელობისა და ძალადობით გარდაცვალების შემთხვევები შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ვიდრე კორონავირუსის მსხვერპლი. მთავარია, ვიპოვოთ ჭკვიანური გზა, როგორ დავასრულოთ კარანტინი. რისკ–ჯგუფები უნდა დარჩნენ მკაცრ კარანტინში, შრომისუნარიანი ადამიანები კი უნდა დავუბრუნოთ სამსახურს“,–მიაჩნია გიგი ბედინეიშვილს.


ფინანსისტი ცალსახად პოზიტიურ მოვლენად არ მიიჩნევს ადგილობრივი წარმოების გააქტიურებას, რისკენაც კორონავირუსმა ქართულ ბიზნესს უბიძგა, მაგალითად „აგარის შაქრის“ ქარხნის ამუშავება, სამედიცინო ნიღბების ადგილობრივი დამზადება. იგი თვლის, რომ ეს ფაქტი, პირიქით, ქვეყნის გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნაზე  მიუთითებს.


„აგარის შაქარი“ იმიტომ გაჩერდა, რომ არაკონკურენტიანი იყო. მისი ახლა ამუშავება კი იმას ნიშნავს, რომ შაქრის  იმპორტსაც ვერ ვახერხებთ ისე გაუფასურდა ლარი. ეს სულაც არ მიმაჩნია  კარგ მომენტად. პირიქით, კატასტროფული მდგომარეობის მაჩვენებელია. გარდა ამისა,  არ მაქვს ოპტიმიზი, რომ ეს საწარმოები კორონავირუსის დასრულების შემდეგაც განაგრძობენ მუშაობას, რადგან ამ ყველაფრის შედეგად, კაპიტალი დატოვებს ახალ ბაზრებს და ისევ დაბრუნდება დიდ და განვითარებულ ბაზრებში“,–მიაჩნია გიგი ბედინეიშვილს.


საყოველთაო პესიმიზმის ფონზე,  მოსალოდნელ ეკონომიკურ პრობლემებს, როგორც  ახალ  შესაძლებლობას ხედავს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. მისი აზრით, ამ დიდ მსოფლიო კრიზისში საქართველოს აქვს შანსი არათუ საკუთარი ადგილი იპოვოს, არამედ, ეკონიკურად გაძლიერდეს კიდეც.


„უკვე უდავოა, რომ მსოფლიო სავაჭრო წესრიგი იცვლება. განვითარებული ქვეყნები ეცდებიან მაქსიმალურ დივერსიფიკაციას ჩინეთისგან, საწარმოთა ძირითადი ნაწილის საკუთარ ქვეყნებში გადატანა, იქ არსებული მაღალი დანახარჯების გამო არაეფექტიანი იქნება. ამ ლოგისტიკურ ჯაჭვში, სადაც ტრილიონობით დოლარის მოცულობის თანხებზეა საუბარი, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა (სტრატეგიული მდებარეობა, გადასახადების სიმცირე და ა.შ.) თავისი ადგილი იპოვოს. ხალხურად რომ ვთქვა, რეგიონულ ქალაქებში შესაძლებელი გახდება ფაბრიკა/ქარხნების გადმოტანა და აწყობა, რომელიც მანამდე ჩინეთიდან ოპერირებდა. ეს კი, დასაქმების დიდი წყარო გახდებოდა რეგიონებში“,–წერს გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.


ფინანსისტი მიიჩნევს, რომ დისტანციური მუშაობის  ახალი პრაქტიკა, რომლისკენაც საზოგადოებას ვირუსმა უბიძგა,  კიდევ უფრო გაზრდის სერვისების ონლაინ მიწოდებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სერვისის მიმწოდებლი კომპანიისთვის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა სულ უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება. ეს კი ათასობით სამუშაო ადგილის შექმნის წინაპირობა შეიძლება გახდეს.


„თუ ამ კრიზისს კარგად გავუმკლავდით, შეგვიძლია მსოფლიო ბიზნეს საზოგადოებას შევთავაზოთ საქართველო, როგორც დაცული და უსაფრთხო ქვეყანა. სამოთხე საცხოვრებლად და საქმის საკეთებლად. ნებისმიერი ასეთი დონის კრიზისს ყავს გამარჯვებულები და დამარცხებულები. ჩვენ შეგვიძლია ყურები ჩამოვყაროთ და დავმარცხდეთ ან გამოვიყენოთ ეს ყველაფერი და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიოთ“,–წერს გიორგი ქადაგიძე.

 

როგორი იქნება ვირუსის საბოლოო ეკონომიკური შედეგები, ამაზე ზუსტი დასკვნების გაკეთება ნაადრევად მიაჩნიათ დარგის სპეციალისტებს. ექსპერტები თანხმდებიან,  რომ 2020 წელი მსოფლიოსთვის  ფინანსურად უმძიმესი იქნება, თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების მასშტაბებზე  და  რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვირუსის შეკავების ზომები, მით უფრო ღრმა იქნება კრიზისი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში
რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
13:20 / 18.10.2023
ქუთაისში, ბოლო ერთ წელში, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამ მოიმატა.
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი -
3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური
მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).
12:22 / 23.01.2023
2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლის რეკორდული მაჩვენებელი - 3,516,634,479 აშშ. დოლარი დაფიქსირდა, რაც 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებლის 107.6% აღდგენაა (+247,980,410 აშშ დოლარი).

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.