კორონავირუსი
საკონცერტო დარბაზად ქცეული სოციალური ქსელი (ვიდეო)
FaceBook

შეხვედრის ადგილი- ფესბუქი, შემსრულებელი-ეკრანს მიღმა. მსმენელი- კომპიუტერთან, ან ტელეფონთან. დასწრება უფასოა, მთავარია, გინდოდეთ. ქუთაისში მომღერლები "ლაივ"-კონცერტებს სოციალურ ქსელებში მართავენ.



ნიკა ბიწაძე, იგივე PAJO, ქუთაისელი რეპერია. ის პირველი მომღერალია, ვინც მსმენელს დისტანციური კონცერტი შესთავაზა. იდეა ერთ-ერთი გულშემატკივრისგან წამოვიდა და PAJO-მაც გადაწყვიტა... საჭირო ნივთები ორსართულიანი კორპუსის სახურავზე აიტანა, მეზობლებს და ონლაინ მსმენელს ერთდროულად მიესალმა და გარეპა, იზოლირებულად, კანონის დაცვით. კონცერტი სპეციალურად შექმნილი პროგრამის მიხედვით წარიმართა.

კორონავირუსი აქაც მთავარი თემა იყო - " დარჩი სახლში" თვითიზოლაციაში დაწერა და პირველად, ონლაინ სოლო-კონცერტზე შეასრულა.

"კონცერტი სპეციალურად "დარჩი სახლშით" გავხსენი, ეს ჩემგან მოწოდება იყო, რადგან ყველაზე მთავარი ახლა ჯამრთელობაა".


ერთსაათიან კონცერტს ფანჯრებში გამოფენილი სამეზობლო და 2 000 ონლაინ მსმენელი ჰყავდა.





PAJO ბედნიერია. ის პირველია, ვინც ქუთაისში, პანდემიის დროს კონცერტი გამართა. გამეორებას აღარ გეგმავს. ეპიდემიის გადავლას დაელოდება და იზოლაციაში მასშტაბური კონცერტისთვის მოემზადება.



სოციალურ ქსელში PAJO-ს - ZAPA მოჰყვა, რეპს - ელექტრონული მუსიკა. ღამის კლუბ "ბუდეს" DJ-მ კარანტინული ბუდე გორაზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ტერასაზე მოიწყო. ზაზა ფანჩულიძემ იქ საჭირო ტექნიკა განათავსა, კამერა დააყენა და მხოლოდ ოპერატორი დაიხმარა. ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს, ქუთაისობას საჩუქარი გაუკეთა და ფეისბუკის პირდაპირ "ეთერში" დაუკრა.


ერთსაათიანმა შესრულებამ აჩვენა, რომ ელექტრონულ მუსიკას ქუთაისში ბევრი მიმდევარი ჰყავს. ვიდეოს 21 000-ზე მეტი ნახვა და 20 ათასამდე გაზიარე ჰქონდა.


"დიდი სხვაობაა კლუბში ცოცხალ პუბლიკასთან დაკვრა და ონლაინ, სადაც მხოლოდ კამერა და ოპერატორია, ეკრანებს უკან კი მსმენელი სახლში. ძალიან მენატრება საცეკვაო დარბაზი და იმედი მაქვს, მალე დავუბრუნდებით
მას".




ZAPA მსმენელს სოციალური დისტანცირების გარეშე, კლუბში, ბოლოს 6 მარტს შეხვდა. საცეკვაო დარბაზში კონცერტის პერსპექტივა ახლა მისთვის ბუნდოვანია, სამაგიეროდ უკვე იცის, რომ მისი მუსიკის დამფასებლებს ონლაინ საჩუქარს, ახლო მომავალში, ისევ გაუკეთებს.

რეპი, ელექტრონული და კლასიკური მუსიკა. დიახ, შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ საოპერო ხელოვნებამაც დღეს დარბაზიდან სოციალურ ქსელებში გადაინაცვლა.

ქუთაისელი ტენორი, ნიკოლოზ გორგოძე შვიდი წელია იტალიაში ცხოვრობს. ამჟამად ფლორენციაში, ლუიჯი ქერუბინის სახელობის კონსერვატორიაში სწავლობს. კორონავირუსის გამო მისი კონცერტი, რომელიც ფლორენციაში უნდა გაემართა, გაურკვევლი ვადით გადაიდო.

ჩაშლილ კონცერტში მონაწილე ტენორებმა გადაწყვიტეს, კონცერტი დისტანციურად, ინსტაგრამის მეშვეობით გაემართათ.

"გადავწყვიტეთ, დადუმებული იტალია ცოტათი მაინც გაგვემხნევებინა".

დისტანციური კონცერტი ნიკოლოზისთვის მოუხერხებელი აღმოჩნდა, თუმცა კარგად დაგეგმილმა პროგრამამ ინსტაგრზეც იმუშავა. იტალიელ ტენორებთან ერთად, იტალიური საოპერო რეპერტუარი შეასრულა. მსმენელი ბევრი ჰყავდათ, ოვაცია და ტაში - ქათინაურებმა და სასიამოვნო კომენტარებმა ჩაანაცვლა.





"დისტანციურ კონცერტს მაინც არ აქვს ის ეფექტი, როგორიც დიდი და ოვაციებით სავსე დარბაზში, მსმენელით გამხნევებულ, აპლოდისმენტებით სიმღერას. მას თავისი ეშხი და ეფექტი აქვს".


მომღერლისგან განსხვავებით, კმაყოფილია მსენელი, თან იმდენად, რომ მისი მოთხოვნით, 10 მაისს კვლავ დაიგეგმა ტენორების დისტანციური კონცერტი.

ნიკოლოზს არც ქუთაისელები დავიწყებია და ორმაისობა მათ ფეისბუქ "ლაივში", სიმღერით მიულოცა. ვირტუალური ტაში არც ამ შესრულებას დაკლებია.



კორონა-აფიშა კიდევ დიდხანს არ ჩამოვა სოციალური ქსელების გვერდებიდან. ეს პანდემიის ეპოქის ახალი რეალობაა - გამოწვევა მუსიკოსებისთვის და ახალი "საკონცერტო დარბაზი" ხელოვნების დამფასებლებისთვის.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.