ბლოგები
რა გვასწავლა კარანტინმა?
FaceBook

კარანტინმა გვასწავლა, რომ კარანტინსაც შეიძლება ჰქონდეს „ნათელი მხარეები“.


იზოლაციას ბევრი რამ მიაქვს, მაგრამ სამაგიეროსაც იძლევა - სწავლის და აღმოჩენების შესაძლებლობას.


მაგალითად, იზოლაციის პირობებში ადამიანებმა თავიდან დაინახეს და აღმოაჩინეს საკუთარი ოჯახის წევრები.

ბევრი რამ ისწავლეს შვილებმა მშობლებისგან, და უფრო მეტი მშობლებმა  - შვილებისგან, მაგალითად, შეიტყვეს tik-tok- ის არსებობის შესახებ.

tik-tok -ის ძლევამოსილებაში განსაკუთრებით მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც ამ პროგრამამ შუშის სასახლეშიც შეაღწია, უფრო სწორად სასახლიდან გამოაღწია, მისი მობინადრეებიდან განსხვავებით.


ადამიანებმა კარანტინში აღმოაჩინეს ჩვეულებრივი შესაძლებლობები - თმის შეჭრის უნარი.

ასევე, უჩვეულოც - მარცხენა ხელით წერა, როცა ცაცია არა ხარ.

იპოვეს კორონავირუსის წამალიც - იუმორი.


თითქმის ყველამ აღმოაჩინა, რომ შესანიშნავი მზარეულია, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამდელი ერა მათ ამის საწინააღმდეგოს უმტკიცებდა.


„ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში“ აღმოაჩინეს, რომ მშვენივრად შეუძლათ პანდემიის ერასთან ადაპტირება.

„პირბადეებს კერავს და ყიდის „ახალგაზრდული ცენტრი“, - ამბობს „ახალგაზრდული ცენტრის“ დირექტორი ნატალი პატარიძე.


კარანტინში შეიძლება თავიდან აღმოაჩინო და პრაქტიკაში დაინახო ფუნდამენტური ღირებულებების მნიშვნელობა.


„მიუხედავად იმისა, რომ რთულია ამ შეზღუდვებს ნათელი მხარე მოუძებნო და ფაქტონრივად არც არსებობს ეს მხარეები, უბრალოდ გამოჩნდა  რომ კარანტინს აქვს გვერდითი მოვლენები, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, სხვა რამით დავკავდეთ, ჩვენში სხვა რამე აღმოვაჩინოთ და თუნდაც ვისწავლოთ ისეთი რაღაცეების კეთება, რაც ალბათ, აქამდე არ მოგვიწევდა, მაგალითად, კარამტინდე თითქმის სამი თვე თბილისში მომიწია ყოფნა და აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვილი, რომელიც ერთი წლისაა, თითქმის არ მიცნობდა.



ბაბუს მეძახის ახლაც, რადგან აქ ბაბუას ხედავდა ამ დროის განმავლობაში. დავრწმუნდი, რომ აუცილებელია დროის რაღაც მონაკვეთი დაუთმო შვილებს, ასევე დავრწმუნდი იმაში, რომ იუმორი გეხმარება შენც და სხვა ადამიანებსაც ნებისმიერი პრობლემის დაძლევაში“, - ამბობს რუსთავი-2-ის სცენარისტი თემურ ცამციშვილი.


პანდემიამ გაააქტიურა მოწოდება memento mori , რამაც ცხოვრების გადააზრების, მოცემული დროის უფრო ნაყოფიერად გამოყენების სურვილი გააჩინა.

„სულით მეამბოხე ვარ და შეძლებისდაგვარად წესებს არ ვემორჩილები , არ მიყვარს წესები, ჰოდა აღმოვაჩინე რომ თუ კარანტინს დავარღვევდი არათუ რისკ ჯგუფში მყოფ მშობლებს დავაზიანებდი არამედ, ცხოვრებაში ალბათ, პირველად ძალიან შემეშინდა საკუთარი სიცოცხლის გამოც. ჰოდა აი, აქ მივხვდი - ასაკი,


მივხვდი - იმ ასაკში ვარ, როდესაც ადამიანი კარგავ იმის ილუზიას, რომ უკვდავი ხარ. მივხვდი რომ შესაძლებლობები უსასრულო არ არის და დრო შეზღუდული მაქვს. რამდენიმე ომი გამოვიარე, ბევრი სიკვდილი ვნახე, უახლოესი ადამიანებისაც კი და ეს გრძნობა არ მქონია“,
- ამბობს პოლიტიკოსი  კოტე რატიანი.


სამაგიეროდ, კარანტინში ყოფნის პირობებში დაასრულა დიდი ხნის წინ დაწყებული მოთხრობების წერა.


ისწავლა ნალექიანი ყავის მომზადების რამდენიმე მეთოდი  აღმოაჩინა, რომ ჩვეულებრივად შეუძლია უკუღმა საუბარი და რატომღაც იაპონურმა ლიტერატურამაც გაიტაცა, რა გატაცებაც მანამდე არ შეუმჩნევია.


მისი ძირითადი საქმისა და გატაცებების გარდა კარანტინმა სხვა უნარები  შესძინა და აუმოქმედა მხატვარ ქრისტინე რობაქიძესაც.

„ამ კარანტინში აღმოვაჩინე, რომ ვიცი მებაღეობა. დავთესე მწვანილი, ბოსტნეული და ველი მოსავალს. საკუთარი და შვილის თმები შევალამაზე, ისტერიულად ვაცხობ და ვაკეთებ ყველაფერს ( ამით ადრეც ვიყავი გატაცებული, მაგრამ ახლა ისტერიულად). დამემართა "გამოჯგუფება", ფბ-ზე გავწევრიანდი ათას რაღაც ჯგუფში, ყველგან რაღაცას ვპოსტავ ან ვკითხულობ.  და მთავარი - tik-tok- ზეც დავრეგისტრირდი“.

პანდემიამ „დედამიწის დაპაუზებასთან“ ერთად შეაჩერა და დროებით გაყინა თანამედროვე ცხოვრების რიტმი.


„თითქმის 20 წელია რაც ვმუშაობ და ამ ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო, რაც დამისვენია შეიძლება ერთი კვირა ყოფილიყო. თან თითქმის არ ყოფილა, რომ მხოლოდ ერთი სამუშაო ადგილი მქონოდა. ამიტომ მუდმივ გადარბენაზე ვიყავი და ისეთ რიტმში ვცხოვრობდი, რომ ბოლოს საკუთარი სურვილების ხმა საერთოდ აღარ მესმოდა, ჩემი სირბილი უმიზნო ხდებოდა და ყველაფერს ტოტალური დაღლილობა ფარავდა. ამ იძულებითმა უმოქმედობამ კი გაჩერების, მიმოხედვის და დაფიქრების საშუალება მომცა. მთავარისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან დაცალკავების. მშობლებთან ერთად უფრო მეტი დროის გატარების“
, - ამბობს კინომცოდნე თამთა თურმანიძე.


ამ იძულებითი მოცალეობის ჟამს თამთამ კულინარიული ჯგუფიც გააკეთა  „კორონას ჟამის კულინარია",  რომელშიც დებდა სურათებსა და რეცეპტებს.

„უცნაურია, მაგრამ საჭმლის კეთებამ ის ადამიანებიც კი გაიტაცა, ვინც მანამდე სამზარეულოში არც შესულა. ალბათ, ცხოვრების გემოს დაკარგვის გვეშინია“, - ამბობს თამთა.

ადამიანებს ცხოვრების გემოს დაკარგვის გარდა ბევრი სხვა რამის დაკარგვის ეშინიათ, ალბათ, ამიტომ ჟამიანობის დროსაც, ძნელად იცვლებიან, ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჟურნალისტი ზეკო ხაჩიძე.


„აღმოვაჩინე, რომ ჩემში ახალი უნარები არ მიძებნია. აღმოვაჩინე, რომ ზუსტად იგივეზე ვფიქრობდი, ოღონდ მომავლის გარეშე საყოველთაო შიშიდან გამომდინარე, რაზეც პანდემიამდე. აღმოვაჩინე, რომ ჟამიანობა არ ცვლის ფუნდამენტურად ადამიანებს. ვინც ფიქრობდა სიტყვის ამოთქმამდე, ისევ ისინი ფიქრობენ შემთხვევით ვინმეს არ ატკინონ. აღმოვაჩინე "ქალი თამადების" (მამაკაცები ნანახი მყავდა) უცნაური ჯიში სოციალურ სივრცეში  მომწოდებლური, თავდაჯერებული, მასობრივი შემოძახილის და ზოგადი განსჯების ვნებით. აღმოვაჩინე, რომ ამ ყველაფერზე რეფლექსია დილიდან დილამდე შემეძლო ერთ "პუფში" ჩატენილს.“


რადგან კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა ჯერ კიდევ ძალაშია იქნებ ვინმე პანდემიმადე სხვა პროფესიით დაკავებულმა, მაგრამ მოწოდებით ეკონომისტმა,  ისიც დაწეროს როგორ ვუშველოთ ქართულ ეკონომიკას.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოში კორონავირუსის 
შემთხვევები სამით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა ასევე სამი
პაციენტი.
10:14 / 04.08.2020
საქართველოში კორონავირუსის  შემთხვევები სამით გაიზარდა, გამოჯანმრთელდა ასევე სამი პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში,
ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა.
10:15 / 03.08.2020
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1179-მდე გაიზარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.