საზოგადოება
მუშაობა საგანგებო რეჟიმში #დარჩისახლში მოწოდების ფონზე
FaceBook

მაშინ, როცა მოსახლეობის ნაწილი სახლიდან დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, ნაწილი კი დროებით უმუშევრად დარჩა, ექიმებს ყველაზე რთული დღეები დაუდგათ.


ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები, მედდები დღეში რამდენიმე საათით თუ ახერხებენ დაძინებას. მათ მუშაობა 24 საათიან რეჟიმში უწევთ და ამის მიუხედავად გვეუბნებიან,  "#დარჩითსახლში, ჩვენ ვიმუშავებთ თქვენთვის".

ია კოხრეიძე ეპიდემიოლოგია. ის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია. უკვე ერთი თვეა სამუშაო საათები განსაზღვრული არ აქვს და დღე და ღამე აერია. მისი მუშაობის რიტმი COVID-19-მა შეცვალა. მარტიდან ხონის მუციპალიტეტში არსებულ ამ დაწესებულებაში შეზღუდვების მკაცრი წესები ამოქმედდა. შეიცვალა პაციენტთა მიღების წესიც. მათ 14 დღით იზოლირებულ პალატაში ათავსებენ, სადაც მედ პერსონალი სპეციალური ეკიპირებით შედის.

"ძალიან საპასუხისმგებლოა ასეთ დროს მუშაობა. ჩვენს გადაწყვეტილებაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. პაციენტებიც და თანამშრომლებიც ბევრია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. დღესდღებით, აკრძალულია მნახველების მოსვლა, შევიძინეთ სადეზინფექციო ხსნარები, ხდება თანამშრომლების თერმოსკრინინგი, ხელების დამუშავება და მრავალი სხვა პროცედურა".

ია კოხრეიძე ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშიც მუშაობს. იქ სხვა საქმეები და ვალდებულებები აქვს. კოლეგებთან ერთად აკონტროლებს, თუ როგორ იცავენ გაცემულ რეკომენდაციებს კომპანიები, რომლებიც საგანგებო რეჟიმის პირობებში მუშაობენ, რამდენად სწორად სრულდება თვითიზოლაციის წესები, ეძებს იმ ადამიანებს, ვისაც უცხოეთიდან ჩამოსულ ნათესავებთან ჰქონდათ კონტაქტი. საქმეების სია გრძელია. ოჯახისთვის იას დრო, ფაქტობრივად, აღარ რჩება.

ექიმ-კარდიოლოგის ზაზა ლომინაძე ქუთაისში იმ კლინიკის ხელმძღვანელია, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები გადაჰყავთ და მკურნალობენ. ინფექციურ საავადმყოფოში, 30 მარტის მონაცემებით, 10 ადამიანი მკურნალობს, მათგან სამს COVID-19 დაუდასტურდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმები სპეციალური ფორმის გახდას დღეები ვერ ახერხებენ.

"თითოეულ პაციენტს ცალკე პალატაში ვათავსებთ. პაციენტის განთავსება შეგვიძლია იზოლირებულად. მოვუწოდებ მოსახლეობას იყონ მშვიდად, მაგრამ მზადყოფნაში. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის".

ზაზა ლომინაძე ამბობს, რომ მათი მუშაობის ეფექტურობა მოსახლეობის სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ლომინაძის თქმით, მედპერსონალი მაქსიმალურად მობილიზებულია და უწყვეტ რეჟიმში ებრძვის ვირუსს.

ასეთივე ენთუზმიაზმით მუშაობენ დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში. ქეთევან ჭაავა ინტერვენციული ცენტრის ერთ-ერთი მედდაა. ერთი წუთითაც არ უფიქრია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო, სახლში დაჯდებოდა. პაციენტების ჯანმრთელობაზე ამ პირობებში ზრუნვა მისთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა.

"სხვა სფეროში რომ ვმუშაობდე კიდევ ჰო, მაგრამ თეთრი ხალათი მაცვია. სახლში დარჩენაზე არც მიფიქრია",  – ამბობს ქეთი.

სულიკო სახამბერიძე არც ექიმია და არც მედდა, თუმცა მისი სამუშაო დღე ისევ დილის 6 საათზე იწყება. დილიდან დაცარიელებულ ქუჩებს დაუყვება და ქარის მოტანილი, თუ სახლებიდან გადმოყრილი ნაგვისგან ასუფთავებს. ფიქრობს, რომ მისი საქმე ასეთ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია. სჯერა, რომ შექმნილი ვითარებიდან ქვეყანა მალე გამოვა და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩადგება.

სულიკო სახამბერიძე

"ერთადერთი შეიცვალა ის, რომ საღამოს რომ გავდიოდით, ახლა აღარ გავდივართ. დილის ექვსიდან ცხრის ნახევრამდე ვმუშაობთ. არის ნაგავი მაინც, რადგან ქარია ქუთაისში და მანქანებიდანაც ყრიან და რომ არ გადახვეტო, არ შეიძლება. პირბადეებსაც გვირიგებენ და ხელშეწყობაც გვაქვს".

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ფონზე რისკის ქვეშ მუშაობენ სასურსათო მაღაზიების თანამშრომლები. მათ უწევთ ზრუნვა საკუთარ და მომხმარებლის ჯანმრთელობაზე. მაგდა ჯღამაია ქუთაისში ერთერთი მარკეტის კონსულტანტია. ამბობს, რომ კლიენტები, ასე თუ ისე, გაგებით ეკიდებიანთ დაწესებულ შეზღუდვებს და წესებს იცავენ. საგანგებო მდგომარეობაში მუშაობა მის ხელფასზე არ ასახულა. შეიცვალა მხოლოდ სამუშაო გრაფიკი. სამსახურს ის საათნახევრით ადრე ასრულებს. სამეგრელოს მუნიციპალიტეტიდანაა, თუმცა სახლში დაბრუნებას ქუთაისში დარჩენა და მუშაობა არჩია.

გაფრთხილება მაღაზიის კარზე

"დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ დავიცვა ყველა გაცემული რეკომენდაცია. მომხმარებლებს როცა ვეუბნები გარეთ დაელოდონ, თუ ორზე მეტი კლიენტი იმყოფება მაღაზიაში, გაგებით ეკიდებიან. თუმცა, სამწუხაროდ, ვინც ჩვენთან მოდის, ძირითადად, არ უკეთიათ პირბადეები და ხელთათმანები".

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 30 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა აიკრძალა სამ ადამიანზე მეტის შეკრება.

31 მარტიდან, 21 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს კომენდანტის საათი, რა დროსაც აიკრძალება ფეხით და მანქანით გადაადგილება. 70 წელს გადაცილებული პირებისთვის არ შეიძლება შინიდან გამოსვლა, თუ არ მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან სამედიცინო პუნქტში.

აღარ იმოძრავებს საქალაქო თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. მაგრამ ეს შეზღუდვები არ იმოქმედებს მედ პერსონალზე, მეხანძრეებზე, პოლიციელებზე, მეეზოვეებზე, მაღაზიის თანამშრომლებსა თუ ფარმაცევტებზე, რომლებსაც კორონარეჟიმში პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუორმაგდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.