მულტიმედია
"მზეჭაბუკი" - ქუთაისის მერიის პრიორიტეტი პანდემიისას და ადამიანი ბიუჯეტს მიღმა
FaceBook
ქუთაისის მერიამ, 2021 წელს, 270 000 ლარი საბჭოთა დიდების მემორიალის ერთ ფიგურაზე, დახარჯა.

2009 წელს აფეთქებული ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალიდან მხოლოდ "მზეჭაბუკი" გადარჩა. ქუთაისის მერიამ ავტორის, მერაბ ბერძენიშვილის ოჯახისგან მონუმენტის გამოსყიდვა 11 წლის შემდეგ, პანდემიის დროს გადაწყვიტა. ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი ამტკიცებს, რომ "მზეჭაბუკის" დაბრუნებას ხალხი ითხოვდა. ხალხი დახმარებასაც ითხოვდა, თუმცა 83 მილიონიან ბიუჯეტში, პანდემიით დაზარალებული ადამიანებისთვის თანხა ვერ გამოინახა.

2021 წელს, ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო, ათეულობით ბიზნესი დაიხურა და ათასობით ადამიანმა სამსახური დაკარგა. ქალაქის ხელისუფლებამ მათ დახმარებას "მზეჭაბუკის" დაბრუნება არჩია.
ძეგლი ახლა ირაკლი აბაშიძის გამზირზე დგას

ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, არც ერთი სამსახურის უფროსს, მათ შორის, არც სოციალური სამსახურის ხელმძღვანელს არ მოუთხოვია ახალი პროგრამის გათვალისწინება, რომელიც ბენეფიციარებს კორონავირუსის მძიმე ეკონომიკური შედეგების დაძლევაში დაეხმარებოდა. მერიას ამაზე არც მაშინ უფიქრია, როცა სოციალური სამსახურის ერთ-ერთი ქვეპროგრამის,

"მრავალშვილიანი დედების მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის" ბიუჯეტს ადგენდა. სამსახურში ახლა იმედოვნებენ, რომ თუ რომელიმე მრავალშვილიანი დედის ბიზნესი კორონავირუსის გამო დაზარალდა, დახმარების თხოვნით მათ მიმართავენ. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ მერიას მათთვის ფული ბიუჯეტში არ გაუთვალისწინებია.

როგორ დაგეგმა ქუთაისის მერიამ პანდემიის პერიოდის ბიუჯეტი და რა პრინციპით ანაწილებს ქალაქის ხელისუფლება შემოსავლებს ? მივყვეთ ფაქტებს.

200 000 ლარი ქოლ -ცენტრისთვის

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტში სიტყვა პანდემია მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები. "ქვეყანაში არსებული პანდემიის მართვის ხელშეწყობა", - ასე ჰქვია პროგრამას, რომელიც მერიამ 200 000 ლარით დააფინანსა. სინამდვილეში, ეს ქოლ-ცენტრია, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს დამატებით რგოლს წარმოადგენს. თანხა სრულად ხმარდება იმ თანამშრომლების შრომის ანაზღაურებას, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების შესახებ მონაცემებს აგროვებენ და შესაბამის უწყებებს აწვდიან. ამით ქუთაისის ბიუჯეტში კორონავირუსის პანდემიის არსებობა ამოწურულია.

სოციალურად დაუცველები ქუთაისის ბიუჯეტში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქუთაისში სულ 135 200 ადამიანი ცხოვრობს. მათი 15% (20 419 ადამიანი) სოციალური დახმარების მიმღებთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ამჟამად შემწეობას 2752 ოჯახი იღებს. 94 განმცხადებელი კი სოციალური მუშაკის მიერ საცხოვრებელი პირობების გადამოწმებას და სიაში ჩასმას ელოდება.

თინა ბრეგვაძე ოჯახის 10 წევრთან ერთად ოთხი წელია სოციალურ საცხოვრისში ცხოვრობს. გასული წლის ბოლოს მან და მისმა ქალიშვილმა კორონავირუსის მძიმე ფორმა გადაიტანეს. ორივეს მკურნალობა ოჯახს 600 ლარამდე დაუჯდა. თინამ ვალით ნაყიდი მედიკამენტების საფასურის, 300 ლარის დაფარვის თხოვნით მერიას მიმართა. მუნიციპალიტეტმა მხოლოდ მოთხოვნილი თანხის ნახევარი მისცა.

"11 ადამიანი ვცხოვრობთ ერთად. მძიმე ფორმით გადავიტანეთ ვირუსი მე და ჩემმა შვილმა. ნისიად მქონდა წამლები აფთიაქიდან გამოტანილი, ახლაც მაქვს 80 ლარი ვალი. ყველას გადახდა ვერ შევძელი. მერიას ვთხოვე დახმარება და მხოლოდ 150 ლარი მომცა. მეორედ მიმართვას აზრი არ აქვს, ვიცი აღარ მომცემენ. ერთჯერადი იყო", - ამბობს თინა ბრეგვაძე.

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რომ სოციალურად დაუცველები და პანდემიის დროს, თუნდაც მათი ჯანმრთელობის საკითხები ნაკლებად პრიორიტეტულია, მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც კარგად ჩანს. წელს მერიამ სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 4 543 000 ლარი გაითვალისწინა, რაც მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ 5%-ია.

სამაგიეროდ სამჯერ მეტი, 14 993 000 ლარი, (ბიუჯეტის 18%) განსაზღვრა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის. ეს მაშინ, როცა პანდემიის გამო მსგავსი აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია.

პანდემიურ რეალობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, სპორტული მოედნების მოწყობა, ატრაქციონების და ძელსკამების მონტაჟი წარმოადგენს. მიმდინარე წელს, მხოლოდ ამ მიზნით ქუთაისში ორ მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

პანდემიის დროს გადაწყვიტა მერიამ მწვანეყვავილას პანთეონში დაკრძალულ რვა გამოჩენილ ქუთაისელზე დოკუმენტური ფილმების გადაღება. ამისთვის ბიუჯეტიდან 10 000 ლარი დახარჯეს.

მაშინ, როცა ქალაქის სახალხო დღესასწაული გვირილობა მინიმალისტური პროგრამით აღინიშნა, 20 000 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი. ფესტივალის ჟიურის 55 წევრის ორდღიან კვებას კი 7000 ლარი დასჭირდა.

მერიამ უარი არც სხვა სახის მომსახურებებზე თქვა. მაგალითად, წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, მხოლოდ სატელევიზიო მომსახურებას 87 000 ლარი მოახმარა და 7 800 ლარი დახარჯა ფარდა-ჟალუზების შეძენაზე.

სოლიდურ ხარჯს წევს მერია ავტოპარკის მომსახურებაზეც. წელს მუნიციპალიტეტს ავტომანქანების შეკეთება-ექსპლოატაციისთვის 400 000 ლარამდე ღირებულების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ბიუჯეტის დაგეგმვისას, რატომ არ გაითვალისწინა მერიამ ყველაზე გაჭირვებული ადამიანები, რომლებსაც პანდემია კიდევ უფრო მძიმედ დაარტყამდა? "ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის" წარმომადგენელის, ლევან ოყრეშიძეს თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ტრადიციულად არჩევანს ერთჯერადი ეფექტის მქონე პროექტებზე აკეთებს.

"თვითმმართველობას ისედაც ნაკლები რესურსი აქვს და შეზღუდულია ბიუჯეტი, მაგრამ ის 5%, რაც არის სოციალური მიმართულებით გათვალისწინებული, ისიც იხარჯება არაეფექტურად, რადგან ძირითადად, მიმართულია ერთჯერად დახმარებაზე, ან კონკრეტული საჭიროების დაკმაყოფილებაზე. ამიტომ, მერიამ უნდა დაგეგმოს ისეთი პროექტები, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ეფექტი და არ იქნება ორინტირებული ერთჯერადი პრობლემების მოგვარებაზე", - ამბობს ეკონომისტი.

ქუთაისში ოპოზიციის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ მერია არჩევნებისთვის ემზადება. ელექტორატის მოსაზიდად კი ინფრასტრუქტურული პროექტები საუკეთესო გზაა.

"ქუთაისის მერიამ თავიდანვე გამოგვიცხადა, რომ პანდემია მხოლოდ ეხება რიგით ადამიანებს და არა მათ. ისევ გრძელდება არაპრიორიტეტული ხარჯები, საკუთარი აქტივისტებისთვის ხელფასების გადახდა და მათი შენახვა, რაშიც ჯამში 38 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება. ბიუჯეტს რომ ჩახედავთ, მიხვდებით რამდენად არაადეკვატურები არიან. გადართული არიან ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების კეთებაზე, რომელიც წინასარჩევნოდ მომგებიანია. ეს თანხები მერე, ე.წ. ატკატების სახით, ისევ მერიას დაუბრუნდება და კომპანიები, რომლებიც მათთან არიან ასოცირებული, რეალურად მონაწილებას იღებენ საარჩევნო ბიუჯეტის მობილიზებაში", - ამბობს დეპუტატი გიგა შუშანია.

ბიუჯეტის დაგგემვის დროს პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის პრობლემას ვერ ხედავას ქალაქის ხელისუფლება და თანხის სიმცირეზე საუბრობს. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ამბობს, რომ პანდემიით დაზარალებულ ადამიანებზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ უკვე იზრუნა.

"ვერ ვიტყვი, რომ უყურადღებოდ არიან დატოვებული ეს ადამიანები. ცენტრალიზებულად იყო გათვალისწინებული შეღავათები იმათზე, ვინც სამსახური დაკარგა. იყო ერთჯერადი დახმარებებიც და ექვსთვიანი შეღავათებიც. ჩვენც გვაქვს პროგრამები, რომელიც ამ მიმართულებას ერგება, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი არ გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ამხელა თანხა გამოგვეყო. ეს მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მოგვიწევდა მათი დაფინანსების შეჩერება. შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ არ იყო სპორტული მოედნების და ძელსკამების მოწყობის დრო, მაგრამ ყველა ეს მოთხოვნა მოდის მოსახლეობისგან", - ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე.

პრიორიტეტების ამგვარად განაწილების მიზეზად ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებულ დახმარებას ასახელებს ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსიც. 31 ქვეპოგრამიდან არც ერთი არ ეხება პანდემიით დაზარალებულ სოციალურად დაუცველებს.

"ცალკე ქვეპროგრამა, რომელიც პანდემიით დაზარალებულთა დახმარებაზე იქნებოდა გათვლილი, არ გვაქვს. რადგან ერთიანი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ამიტომ არ გავითვალისწინეთ ადგილობრივ დონეზე . წელს ჩვენ გავზარდეთ სოციალური და ჯანდაცვის ბიუჯეტის პროგრამა, დავაფინანსეთ მოსწავლეებისთვის ინტერნეტით სარგებლობის ხარჯები, რომლებიც კორონავირუსის გამო სკოლაში ვერ დადიოდნენ. არის რამდენიმე ქვეპროგრამა, რომლებიც ეხმიანება ამ პრობლემას", - ამბობს ვარლამ გობეჯიშვილი.

ქუთაისის ბიუჯეტში პრიორიტეტები წლიდან წლამდე არ იცვლება. ადგილობრივი ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ სოციალურად დაუცველები მისთვის მნიშვნელოვანია. ფაქტი ერთია, პანდემიის პერიოდში, ქუთაისის მერიის ბიუჯეტში სრულად ვერ იძებნება წამლისთვის მოთხოვნილი 300 ლარი, მაგრამ 270 000 ლარის გაღება "მზეჭაბუკის" "დასაბრუნებლად" ეკონომიკურად ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, პრობლემას არ წარმოადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.