მულტიმედია
მილიონ-ნახევარი ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისთვის და უჩინარი შედეგები
FaceBook
ქუთაისში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც მერია შვიდ წელზე მეტია ახორციელებს, 2021 წელსაც გაზრდილი ბიუჯეტითა და ძველი აქტივობით დაიგეგმა.

პროექტში არ ასახულა ის საჭიროებები, რაც კოვიდ პანდემიის გამო ჩამოშლილ ეკონომიკას დაეხმარებოდა. გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის მიზეზით კი ქუთაისში არაერთი ბიზნესობიექტი იხურება.
ცუდ დღეში მყოფი მეწარმეები დახმარებას მერიას სთხოვენ. თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობაში ისევ  „განახლებული“ ძველი პროექტების „განხორციელებით“ არიან დაკავებულები, რომლის შედეგად განვითარებული, ან ხელშეწყობილი ეკონომიკა ქალაქში ჯერ არავის უნახავს.


***
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე-ბარი “სავანე“ ქალაქის ისტორიის ნაწილად იქცა. წლებია სტუმრებს მასპინძლობს, მაგრამ პანდემიის დაწყების დღიდან - დღემდე ერთი საათიც არ უმუშავია.

„ომის დროს არ დავკეტილვართ და ახლა, ერთ წელზე მეტია არ გვიმუშავია. ყველაზე ცუდი ის არის, ისიც არ ვიცით, როდის გავიხსნებით“, - ამბობს „სავანეს“ ერთ-ერთი მეპატრონე გიორგი ტურაბელიძე.

ცენტრალურ ბაღში მდებარე  დაკეტილი "სავანე"

„ობიექტში 10-15 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა უკან ოჯახები დგანან და ცხადია, შემოსავლის გარეშე დარჩნენ ის ადამიანები, ვინც ჩვენთან მუშაობდა. დავზარალდით იმის გამო, რომ მთავრობას არათანმიმდევრული მიდგომა აქვს ჩვენს მიმართ. ვთქვათ, სესხი ავიღე და გავხსენი კაფე, ისევ რომ დაგვკეტონ, ხომ უფრო უარეს დღეში ჩავვარდებით?!“
- ამბობს გიორგი ტურაბელიძე.

,,სავანეს“ ადმინისტრაციას დახმარების, ან სუბსიდირების მისაღებად ადგილობრივი თვითმმართველობისთვის არ მიუმართავს. ამბობენ, რომ დახმარების იმედი არ აქვთ.

„სავანესგან“ გასხვავებით, თანადგომა მერიას სხვა ბიზნესობიექტების მეპატრონეებმა სთხოვეს. მეორე თვეა მათ თვითმმართველობისგან პასუხი არ მიუღიათ.

„დები“, „პაოლო“; „აგერ არი“, „ალმანო“, „აურა“ და „გარდენია“ - ქუთაისში არსებული ბარ-რესტორნებია, რომლის მეპატრონეებიც, პანდემიით მიღებული ზარალის გამო, თვითმმართველობისგან ფინანსურ მხარდაჭერას ელიან.

„თბილისის მერიამ უკვე ჩაურიცხა ბარ-რესტორნების წარმომდგენელებს 5 000 ლარიანი დახმარება. ჩვენც შევიტენეთ განაცხადი და ველოდებით პასუხს“, - ამბობს კაფე-ბარ „დების“ ერთ-ერთი მეპატრონე, ეკა შალამბერიძე.

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა. მხარდაჭერა რესტორნის მეპატრონეების ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს.

ობიექტები, რომლებზეც პანდემიის კრიზისის დასაძლევად თბილისის მერიამ ერთჯერადად 5 000 ლარი გასცა, კონკრეტული კრიტერიუმებით შეირჩა.

თბილისისგან განსხვავებით, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა არ დაინტერესებულა ქალაქში არსებული სარესტორნო ობიეტების, ან რომელიმე სხვა ბიზნესის ბედით, რომლებიც პანდემიის გამო, განსაკუთრებით დაზარალდნენ.

კაფე-ბარმა „დები“ პანდემიის პირობებში მხოლოდ ოთხი თვე იმუშავა. შეზღუდვებისა და სტუმრების შემცირებული რაოდენობის გამო, ბიზნესი მოგების ნაცვლად, წაგებაზე წავიდა.

,,5000 ლარიანი იჯარის გადახდას ვეღარ ვახერხებდით. ამის გამო, იძულებული გავხდით დაგვეკეტა ობიექტი. ხელი არც ფართის მეპატრონემ შეგვიწყო“, - ამბობს ეკა შალამბერიძე.

კაფე-ბარების მეპატრონეების მსგავსად, იჯარის გადახდა უჭირთ ე.წ. ქუთაისის მწავნე ბაზარში დასაქმებულ მცირე მეწარმეებსაც.

ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მწვანე ბაზარში დაახლოებით 300-მდე მოიჯარეა, რომელთა ნაწილს დახლები, ნაწილს მაღაზიის ფართები აქვს ნაქირავები. ბაზრის ადმინისტრაცია 1.20 კვ. მ. ფართობის დახლში მეწარმეს დღეში 5 ლარს ახდევინებს, რაც თვეში საშუალოდ 250-300 ლარი გამოდის.

ე.წ. მწვანე  ბაზარი

„მყიდველი აღარ დადის ბაზარში და ამის გამო დახლის ქირის გადახდაც ჭირს. მაგალითად, კარტოფილის რამდენიმე მოვაჭრე სახლში წავიდა. როცა გვიჭირს, მაშინ ავიწყდებათ მერიაში ბაზრის კარები. ამიტომ, ვერც საარჩევნოდ ვერ უნდა მოვიდნენ ხმების სათხოვნელად“,
- ამბობს ბაზარში დასაქმებული ინეზა ცხომაია.

ე.წ. მწავნე ბაზრის ადმინისტრაციაში გვიდასტურებენ, რომ 10-მდე მცირე მეწარმემ ვერ შეძლო იჯარის გადახდა და მუშაობას თავი დაანება. ხელისუფლება მათ არანაირი ფორმით არ დახმარებია.

„ადრე გვყავდა 350-400-მდე მოიჯარე, ახლა მათი რაოდენობა საკმაოდ შემცირებულია. იჯარის გადახდა უჭირთ. ჩვენ შევეცადეთ ხელი შეგვეწყო მათთვის, გადაგვევადებინა გადასახადები, მაგრამ მაინც ვერ იმუშავეს“, - ამბობს ბაზრის დირექტორი ოლეგ არღვნიანი.

ქუთაისის მერიაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ბიზნესს სათანადოდ დაეხმარა.

„მთავრობამ ხომ გასცა ერთჯერადი დახმარებები?! ამის გარდაც, ჩვენ რა რესურსიც გვქონდა, კაფე-ბარებს ღია სივრცეში მუშაობის უფლება მივეცით“, - ამბობს მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი მირზა მამასახლისი.

სამსახურის უფროსი კვების ობიექტებისთვის „მუშაობის უფლებაში“ იმ რეგულაციების შემსუბუქებას გულისხმობს, რომელსაც მთავრობის საკოორდინაციო საბჭო ეტაპობრივად იღებდა.

როგორც ცდილობს მერია ეკონომიკის ხელშეწყობას

შვიდ წელზე მეტია, მერიას ტრადიციად ექცა ბიუჯეტში ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის გაწერა. მისი ბიუჯეტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, წელს ყველაზე მეტი, ორ მილიონამდე ლარია.

„ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ რეალურ და კორონაკრიზისულ მოთხოვნებს რომ აცდენილია, ნათლად გამოჩნდა 2021 წლის ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. ამ პროგრამის ოთხ ქვეპროგრამაში არც ერთი სიტყვაა არ არის ნახსენები პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ხელშეწყობაზე.

მაგალითად, 2021 წლის „ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“, ბიუჯეტი 1 620 000 ლარია და მისი ქვეპროგრამები ასეთია:

თვითმმართველობის ქონების რეგისტრაცია, დაცვა და ბალანსზე აყვანა - ბიუჯეტი 20 000 ლარი;

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - ბიუჯეტი 900 000 ლარი;

ეკონომიკის სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობა - ბიუჯეტი 100 000 ლარი;

ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შედგენა - ბიუჯეტი 600 000 ლარი;

ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ ოთხივე კომპონენტი ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას ემსახურება. თუმცა, უჭირთ დააკონკრეტონ, გასულ წლებში, რა დახმარება აღმოუჩინა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილობრივ ბიზნესს ამავე პროექტის ფარგლებში ან რა თვალსაჩინო შედეგი აქვს ქალაქის ეკონომიკის განვითარების კუთხით.

ოთხი მიმართულებიდან ერთ-ერთია ქონების პრივატიზების პროგრამა, რომლის ფარგლებში მერია ქონებას ჯერ თვითმმართველობის ბალანსზე არეგისტრირებს, შემდეგ კი გასაყიდად გააქვს.

მერიიდან მიღებული ოფიციალური წერილის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქონების გაყიდვიდან 2019 წელს - 3 375 200 ლარი, 2020 წელს - 4 589 900 ლარი მიიღო. ხოლო, 2021 წლის გეგმით 4 200 000 ლარია განსაზღვრული.

ამ დრომდე საპრივატიზაციო ნუსხაში არ შესულა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ყოფილი შენობები. მათი შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს აწევს, თუმცა ობიექტები მოუვლელია.

"ბიუჯეტზე და ქალაქის ეკონომიკაზე რაც მოქმედებს არის ჩვენი საპრივატიზაციო გეგმა და ნუსხა, რომელსაც საკრებულოს თითქმის ყველაზე სხდომაზე ვამატებთ. ზოგადად, შემოსული თანხა ქალაქის ეკონომიკასაც ხმარდება“, - ამბობს ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი მირზა მამასახლისი.

ქუთაისის ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად „ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ კიდევ ერთი პუნქტი - ქალაქის გენერალური გეგმა. ბოლო ათი წელია, ადგილობრივ თვითმმართველობაში ამაზე მხოლოდ საუბრობენ. ჯერ კიდევ 2016 წელს, მერიაში გვარწუმენებდნენ, რომ სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით, 2020 წელს ქალაქი დასავლეთ საქართველოს ლიდერი უნდა გამხდარიყო.

2016 წელს, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ამ პროგნოზს ქუთაისის განვითარების საშუალოვადიან გეგმაზე დაყრდნობით ახმოვანებდა. თუმცა, ქალაქს ამ დრომდე არც დასავლეთ საქართველოს ლიდერობა და არც საშუალოვადიანი გეგმა ერგო.

გამოდის, ჯერ კიდევ ექვსი წლის წინ გაწეული შრომა წყალში ჩაიყარა. თუმცა, მერიაში გადაყრილად არ მიიჩნევენ გენერალური გეგმის მომზადებისთვის დახარჯულ თანხას, 100 000 ლარს 2016 წელს, კიდევ 100 000 – 2017-ში და 100 000 ლარს 2018 წელს. ჯამში, საქმეში, რომლის შედეგი არავის უნახავს, 300 000 ლარი დაიხარჯა. მერიაში აღიარებენ, რომ დოკუმენტი ,,რატომღაც ვერ შეადგინეს“.

"ქუთაისს 1984 წლის შემდეგ არ ჰქონია გენერალური გეგმა. მცდელობა იყო ორჯერ და არც თუ ისე ურიგო დოკუმენტები იქნა მიღებული. მაგრამ, რატომღაც, ჩანასახშივე შეწყდა ამ თემაზე მუშაობა“, - ამბობს ა(ა)იპ ,,ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს" უფროსი რუსუდან ჩინჩალაძე.

ქალაქის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე „მუშაობა“ მერიას ამით არ დაუსრულებია. 2019/2020 წლებში, ასევე მიმდინარე წელს, კვლავ გაიწერა გენერალური გეგმის მზარდი ბიუჯეტი: 2019 წელს - 100 000 ლარი, 2020-ში - 200 000 და ყველაზე მეტი, 600 000 ლარი - 2021 წელს.

მერიაში გვითხრეს, რომ წლევანდელ ბიუჯეტში წინა ორი წლის გაუხარჯავი 300 000 ლარი გადმოვიდა და თანხა ამიტომ გაიზარდა.

„ფული შეიძლება მუდმივად იყოს გათვალისწინებული. რამდენი წელია სურვილი აქვთ, ქალაქს ჰქონდეს გენერალური გეგმა, მაგრამ პროცედურები არ განხორციელებულა. შესაბამისად, არც თანხები გახარჯულა. წლიდან-წლამდე გადადის ეს თანხა ბიუჯეტში“.

ეკონომისტი ალეკო ოყრეშიძე ამბობს, რომ ქალაქს ეკონომიკური გაძლიერებისთვის სჭირდება გეგმა, თუმცა 20 წელიწადზე გათვლა, შესაძლოა, გამართლებური არ იყოს.

„ცხადია, ქალაქის განვითარების გეგმა ვერ იქნება მხოლოდ 5 წელზე გათვლილი. მაგრამ საკითხავია ის, რისი პოტენციალი აქვს ამ მომენტში ქუთაისს და კიდევ მომდევნო 20 წელი რამდენად მომგებიანი იქნება ეს“.

სტრატეგიული განვითარების გეგმის შექმნის იდეის დაბადებიდან ხუთ წელზე მეტი  გავიდა. ამ პერიოდში პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა და ბევრი ახალი გამოწვევაც გააჩინა. რას და როგორ უპასუხებს მერია, რთული სათქმელია, რადგან ფაქტია, აქამდე მხოლოდ ბიუჯეტი იზრდება - შედეგი კი ნულოვანია.

ეკონომიკის სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მუხლით, წლების განმავლობაში, ასობით ათასი ლარი იხარჯებოდა. პროგრამის ფარგლებში, მერია თავისივე რჩეულ ბიზნესმენებს აჯილდოვებს . სიგელები წელსაც გადასცეს, თუმცა არასაზეიმო ვითარებაში.

აქამდე კი ამ მუხლით გათვალისწინებული 100 000 ლარის დიდი ნაწილი არა ბიზნესის რაიმე ფორმით წახალისება-მხარდაჭერაზე, არამედ დაჯილდოებასთან დაკავშირებულ წვეულებებზე იხარჯებოდა. 

მერიის ეკონომიკის სამსახურში ვერ გვპასუხობენ, 87 მილიონიან ბიუჯეტში რატომ არ გამოიძებნა სახსრები კორონავირუსით დაზარალებული ბიზნესობიექტების ხელშესაწყობად.

"ამაზე მე ვერ გაგცემთ პასუხს. ეს უფრო მასშტაბური თემაა და ჩემს კომპეტენციას სცდება“
, - ამბობს მერიის ეკონომიკის განვითარების უფროსი მირზა მამასახლისი.

ადგილობრივ თვითმმართველობაში არც იმაზე აქვთ პასუხი, თუ რა შედეგები მოჰყვა, წლების განმავლობაში, ეკონომიკური განვითარების პროგრამას.

ვის როგორ დაეხმარა ცენტრალური ხელისუფლება კრიზისის დროს

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველო 2020 წლის მარტში ჩაიკეტა. ვირუსის გავრცელების პრვენციის მიზნით, დაიხურა ბარ-რესტორენები, ბაზრები, სილამაზის სალონები, კინოთეატრები, საბანკეტო დარბაზები, შეწყდა საქალაქო, თუ საქალაქთაშორისო მიმოსვლა.

ცხადია, ამ ყველფერმა ქვეყანაში არც ისე სახარბიელო ეკონომიკური ვითარება საბოლოოდ ჩამოშალა.

2020 წლის 24 აპრილს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისთან გამკლავების ეკონომიკური გეგმა გააცნო.

ანტიკრიზისული გეგმა ფინანსურ დახმარებას მოიცავდა იმ პირებისთვის, რომლებმაც შექმნილი ვითარების გამო, სამუშაო დაკარგეს. მაგალითად, ვინც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა ან უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, ექვსი თვის განმავლობაში, მთავრობისგან 200 ლარიანი დახმარებას იღებდა.

ანტიკრიზისული გეგმა, ასევე, ითვალისწინებდა სხვადასხვა სახით ბიზნესის ხელშეწყობას და შეზღუდვების მოხსნის ექვს ეტაპს.

საბოლოო ჯამში, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, 3,5 მილიარდი ლარი დახარჯა. ამ დახმარებებმა ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს მაინც ვერ გადაარჩინა. მეწარმეები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვებით მიღებულ ზარალს დღემდე ვერ აუდიან.

ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ამბობენ, რომ ბიზნესი იმდენად ძლიერი უნდა იყოს, პანდემიით თუ სხვა გარემოებებით გამოწვეულ პრობლემებს თავად უმკლავდებოდეს. ფინანსისტი და ექსპერტი ბიზნესის საკითხებში, გიგა ბედინეიშვილი საქართველოში ბიზნესის სისუსტეს ხელისუფლების არაეფექტური მიდგომით ხსნის.

"სწორედ ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის არაეფექტურმა მუშაობამ დაასუსტა ბიზნესი და ჩააგდო იმ დღეში, რა დღეშიც დღეს არიან. პანდემის პირობებში მთავრობა ბიზნესს, მინიმუმ, გადასახადების შემცირებით უნდა დახმარებოდა. რაც შეეხება ქუთაისის ეკონომიკის განვითარებას, სწორედ, ამის გამო იყო თავის დროზე სამთავრობო უწყებები თბილისიდან ქუთაისში გადატანილი, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს. სწორედ ამგვარი დამოკიდებულება ასუსტებს ბიზნესს“.

გამოდის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა წლიდან-წლამდე ისე წერს ეკონომიკური განვითარების გეგმას და ისე ანაწილებს ბიუჯეტს, რეალურ საჭიროებებს და გამოწვევებს არ ითვალისწინებს. თანხა ისე იხარჯება, თვითმმართველობაში ელემენტარულად, ახსნა უჭირთ, - სად და რა სიკეთეს მოხმარდა ისევ ხალხის ჯიბიდან გადახდილი ფული.

„ერთია გენგეგმაზე მუშაობა და ქალაქის შესწავლით, მის საჭიროებაზე მორგება, და მეორე, რომ თაროზე კი არ უნდა შემოდო, არამედ ამის მიხედვით ეტაპობრივად უნდა განახორციელო ანუ განვითარების გენერალური გეგმა მხოლოდ დოკუმენტად არ უნდა მიიღო, ის უნდა აქციო საქმედ და მას მოჰყვეს რეალური სიკეთეები“, - ამბობს  ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან ოყრეშიძე. 

საბიუჯეტო სახსრებით ბიზნესმენების თუნდაც კრიზისის დროს დახმარება ექსპერტებს მართებულად არ მიაჩნიათ, თუმცა ამბობენ, რომ ხელისუფლებას სხვა უამრავი ბერკეტი აქვს მათ ხელშესაწყობად. ქუთაისის თვითმმართველობა ადგილობრივ ეკონომიკას არც თანხით ეხმარება, არც სხვა ფორმით და არც გეგმის დროულად შედგენით.

შეიძლება ითქვას, რომ წლებია, ფული იხარჯება მხოლოდ ბიუჯეტში გაწერილ სათაურზე. შედეგიც ყველასთვის უხილავია, მათთვისაც კი, ვინც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.