მულტიმედია
პირბადით დახშული კომუნიკაცია და დისტანცია სიბნელეში
FaceBook
– რა შეცვალა პანდემიამ ჩემთვის? შეხების მეშინია. მე უსინათლო ვარ და შეხებით "ვხედავ". ასე აღვიქვამ საგნებს. ადამიანებს, შეხებასთან ერთად, ხმით.

რით მეხმარება მთავრობა? როცა საქართველოში ვიყავი, 50 ლარით. ეს ფული ისე მალე ილეოდა, როგორც ჩემი მხედველობა მიილია. გლაუკომა მქონდა. სულ ვმკურნალობდი. ერთხელაც, ექიმს შეეშალა. ჯერ ერთი თვალი დავკარგე. შემდეგ მეორე. ჯოხით არ დავდივარ. არ მიყვარს. წინ, სივრცეში კომპასივით გაჭრილი მარცხენა ხელია ჩემი გზამკვლევი. მოსალოდნელ წინაღობებს ასე უკეთესად ვიგერიებ.

– ორ შვილს ვზრდი და ბედნიერი ვარ. მაქაურ ამბებს ვერ ვიგებ და რომ მეუბნებიან, ასობით უსინათლოსთვის ერთი გამცილებელი ჰყავთო, მეტირება. მე, როცა მინდა მაშინ გავიჭრები აქ მილანის მოედნებზე ჩემს იტალიელ გამცილებელთან ერთად და ვგრძნობ, რომ ვარსებობ. მანდ რომ დახმარებაა იმაზე ათჯერ მეტი თანხითაც მეხმარებიან". (სახელმწიფო, რედ.)

ეს იტალიაში მცხოვრები ნანა ჯანდიერის "უსინათლობის ისტორიაა".

"უსინათლობის ისტორია" საქართველოში

ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ შეხებით ხედავენ და პანდემია მათ დისტანციას აიძულებთ.

ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მოსაუბრის პირის მოძრაობით იგებენ სათქმელს და პირბადე მათი კომუნიკაციის ერთადერთ წყაროს ფარავს.

COVID-პანდემია სმენისა და მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის წინააღმდეგობრივი პერიოდია, რომლის დაძლევასაც ისინი ყოველდღე ცდილობენ და რაშიც მათ არ ეხმარება სახელმწფო.

თუ სრულ სიბნელეში ცხოვრობ, ნაცნობ საგნებს უცვლელი ადგილით აგნებ, უცნობს შეხებით აღიქვამ და ქუჩაში გასასვლელადაც ვინმეს უნდა ჩაკიდო ხელი, რთულია დაიცვა პანდემიის აუცილებელი პირობა – დისტანცია.

49 წლის უსინათლო აზა ჭუმბურიძე ამიტომაც შეიკეტა ერთ პატარა, მუქფარდებიან ოთახში ქუთაისში.

აზა ჭუმბურიძე


,,პანდემია რაც დაიწყო, გარეთ საერთოდ აღარ გავდივარ. პირბადე უნდა ვიყიდო, გამცილებელი შევაწუხო. სულ ვფიქრობ, ჩემზე მეტად სხვას რომ სჭირდებოდეს, როგორ დავაკავო - მეთქი".

აზას, ისევე, როგორც სხვა უსინათლოებს, გამცილებლით სარგებლობა მხოლოდ კვირაში ორჯერ შეუძლია. ეს იმიტომ, რომ ქუთაისში 210 მცირედმხედველისა და უსინათლო პირისთვის მხოლოდ ერთი გამცილებელია გამოყოფილი.

,,ინვალიდობის პენსიაზე და სოციალურ დახმარებაზე, ორივეზე სესხი მაქვს გაკეთებული, ამიტომ, ჩემი ყოველი თვის შემოსავალი 270 ლარია. წამლებისთვისაც არაა საკმარისი. რამდენჯერ გამცილებელს მოუცია ფული, საკვებიც მოუტანია ".

აზასთვის ბედნიერი დღეები წარსულშია, -  როცა გარეთ გასვლის არ ეშინოდა და უსინათლოთა საწარმოში ქილის თავსახურისთვის რეზინებს ამზადებდა.

,,ავანგარდის" დასახლებაში არსებული წარმოება, რომელიც, აზას მსგავსად, 300 უსინათლოს აქტიურ ცხოვრების მიზეზი იყო, 90–იანი წლებში გაიძარცვა. შემდეგ ხელმძღვანელობამ დანადგარები ჩამოწერა და შენობები გააქირავა.

უსინათლოთა საწარმო დღეს




დღეს, მცირედმხედველ და უსინათლო ადამიანებს ვერც ქუთაისის უსინათლოთა კავშირი სთავაზობს რაიმე ახალს.

კავშირის თავმჯდომარის მანონი გოლეთიანის ინფორმაციით, ორგანიზაციას 250 ბენეფიციარი ჰყავს, თუმცა წლიდან წლამდე ამ ადამიანთა საასპარეზო არეალი მცირდება.

"შშმ პირთა შორის, ყველაზე მძიმედ არის უსინათლო. წყალი რომ უნდოდეს და იქვე იდგეს, შეიძლება ვერ დალიოს, რადგან არ იცის, რომ იქ დგას. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათი აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობა. ბრაილის შრიფტით კითხვაც არ იცის ბევრმა. ისინი უჩინარებივით არიან გამხდარი და სახლში სხედან ძირითადად".

მანანა გოლეთიანის თქმით, უსინათლოებზე განსაკუთრებული მზრუნველობა მთავრობას არც პანდემიის პირობებში გამოუჩენია.

,,არავითარი დამატებითი დახმარება, თუ ადაპტაციისთვის საჭირო სერვისები არ აუმოქმედებია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას. უსინათლოთა კავშირიდან მხოლოდ ახალ წელსა და აღდგომას 50 ლარი იყო საჩუქარი უსინათლოებისათვის, მეტი არაფერი".

პანდემიის პერიოდში, უსინათლოები ქუთაისის მერიასაც მხოლოდ ახალ წელს გაახსენდა და სასურსათო ნობათით მოიკითხა.

ადგილობრივი თვითმარველობის ინფორმაციით, 3-დან 18-წლამდე შშმ პირების  (როგორც მხედველობის, ასევე სმენის დარღვევის მქონეთა) ადაპტაციისთვის ქუთაისის მერიას აქვს საქართველოს კურორტებზე სარეაბილიტაციო მომსახურების პროგრამა. მერიამ, სრულად უსინათლოებისთვის ასევე შეიძინა წნევისა და შაქრის ხმოვანი აპარატები.

მამუკა ახვლედიანი უსინათლო მუსიკოსია. მას მეორე შვილი საყოველთაო კარანტინის დროს შეეძინა და ზუსტად ამ ფონზე მოუხდა არაერთი გამოწვევის დაძლევა.

,,ბავშვი ფილტვის პრობლემით დაიბადა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. მხოლოდ მეზობლების დახმარებით ვაკითხავდი შვილს და მეუღლეს საავადმყოფოში. ზოგჯერ ჩემს გარეშეც მიდიოდნენ მეზობლები და მათთვის საჭმელი მიჰქონდათ".

პანდემიამ მამუკა სამსახურის გარეშე დატოვა. რესტორანი, სადაც ის მეგობართან ერთად უკრავდა და ცოტაოდენი თანხის შეგროვებასაც ახერხებდა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც დაკეტილი რჩება.

,,სრულიად უსახსროდ დავრჩით. ამ დროს მხოლოდ რამდენიმე ორგანიზაცია დაგვეხმარა ერთჯერადად პროდუქტით, პირბადით და ცოტა თანხით. მცირედმხედველია ჩემი მეუღლეც და ახლა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა. ამიტომ, თუ ადრე ასი ლარის პროდუქტს ვყიდულობდით, ახლა კვირის ბიუჯეტი 50 ლარამდე დავიყვანეთ".

მამუკასთან ერთად, უსინათლოთა მუსიკალურ ჯგუფში უკრავდა თენგიზ ჯანელიძეც. მისი დილა ემიგრანტი მეუღლის ზარით იწყება, შემდეგ კი მთელ დღეს მუსიკალურ ინსტრუმენტს უთმობს.

თენგიზის ,,თვალები" და გამცილებელი მისი 12 წლის გოგონაა, რომელიც მეხსიერებაში ორი წლის ბავშვის სახით შემორჩა.

,,ახლა დიდია და იქეთ მეხმარება ყველაფერში".

თენგიზი ჰყვება, რომ კორონაპანდემიამდე სხვადასხვა ქალაქში კონცერტებს მართავდა, შემოსული თანხით კი უსინათლოებს, ანდა, სოციალურად დაუცველ პირებს ეხმარებოდა.

,,ბევრი კონცერტი მქონდა დაგეგმილი: ქუთაისში, ბაღდათში, ბათუმში, თბილისში, მაგრამ ყველაფერი ჩაიშალა. კონცერტებით შემოსული თანხით ბევრ რამეს ვაკეთებდი. მაგალითად, ჩემნაირი ადამიანებისთვის ხელჯოხები ვიყიდე. აბა, ხელისუფლებას მხოლოდ ერთხელ გავახსენდით პანდემიის დროს, როცა მერიიდან ორი კილო კარტოფილით და ტკბილეულით მოგვიკითხეს".




პანდემიის პირობებში, ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, უსინათლო და სმენის არ მქონე პირებისთვის პენსია 20 ლარით გაზარდა და ახლა ის 240 ლარს შეადგენს. თუმცა ამ ადამიანების თქმით, ხელისუფლებამ  მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და მათთვის ერთზე მეტი გამცილებელი გამოჰყონ.

პირბადეში დახშული კომუნიკაცია

უსინათლოების მსგავსად, გამოწვევების წინაშე არიან სმენის სირთულის მქონე ადამიანები.

საქართველოში 200 000, ქუთაისში კი 100 – ზე მეტი სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა კომუნიკაციის დროს, ძირითადად, სახის გამომეტყველებასა და ტუჩის მოძრაობიდან კითხულობს სათქმელს.

ბესო შალამბერიძე ქუთაისში ცნობილი სალონის სტილისტია და 25 წელია, დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.


ბესო შალამბერიძე

პანდემიური იზოლაციის დროს, როცა ბესოს ბიზნესი დაიხურა, მომხმარებლის მიღება მან სახლში გააგრძელა. არსებობისთვის საჭირო თანხის საშოვნელად ეს ერთადერთი გზა იყო.

,,ოთხი შვილი მყავს და ჩემი ხელებით უნდა ვარჩინო ისინი. მე, რომ გავჩერდე მათ ყველაფერი დააკლდებათ. ამიტომ, იზოლაციის დროსაც სახლში ვმუშაობდი. სახელმწიფო არც პანდემიის პერიოდში დამხმარებია არაფრით".

პანდემია ბესოსთვის კოვიდრეგულაციის მოხსნის და სალონის ხელახლა ამუშავების შემდეგაც რთულია. მთავარი პრობლემა პირბადეა.

,,ადამიანებს სულ ტუჩებზე ვაკვირდები, რომ მათი ნათქვამი გავიგო. ნიღაბი კი შეუძლებელს ხდის სახის გამომეტყველებისა და პირის მოძრაობის დანახვას. პირბადე ვირუსის გავრცელებისგან მიცავს, მაგრამ თან მართმევს კომუნიკაციის ერთადერთ წყაროს".

ბესო ფიქრობს, რომ სმენის სირთულის მქონე ადამიანებისთვის კომუნიკაციის გასამარტივებლად გამოსავალი ფარი, ან გამჭირვალე პირბადეა.

,,მაგალითად, აფთიაქში, როცა მეც და ფარმაცევტსაც პირბადე გვიკეთია, იძულებული ვხდები დავუწერო რაც მჭირდება. ეს უხერხულია, რადგან რიგში სხვა ადამიანებიც იცდიან. თუ აუცილებელ დაწესებულებებში, მაღაზიაში, ბაზარში და სხვა ასეთ ობიექტებში ჩვენთან საუბრის დროს გამჭირვალე პირბადეს გაიკეთებდნენ, ეს ძალიან დიდი სიკეთე იქნებოდა ჩვენთვის".

სმენის სირთულეების მქონეთა სოციალური ინტეგრაციისკენ მოუწოდებს საზოგადოებას ფონდი ,,აურესი" პროექტით – ,,გამჭვირვალეფარიანი პირბადე ადამიანის უფლებებისთვის". თუმცა ამ მოწოდებას, მაგალითად, არ ითვალისწინებენ ქუთაისის არცერთ სავაჭრო, აგრარულ, სასურსათო, თუ სამედიცინო ობიექტში.

,,ჯანდაცვის და განათლების სამინისტროსთან გვქონდა შეხვედრა, უკუკავშირი იყო პოზიტიური. შეხვედრის შემდეგ, გამჭირვალე ქართული წარმოების ფარები დამზადდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ შეხვედრამ ყველაფერი შეცვალა, პრობლემა, პრობლემად რჩება", - განმარტავს ფონდ ,,აურესის" დამფუძნებელი ეკატერინე თორთლაძე.

სმენის სირთულის მქონე ადამიანების უფლებების დასაცავად ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR). ორგანიზაცია სამინისტროსგან მოითხოვს, რომ საქართვლოს მთავრობის დადგენილებაში პირბადის ტარების წესის შესახებ ცვლილებები შევიდეს, რათა ის შესაბამისობაში მოვიდეს სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული პირების სპეციალურ საჭიროებებთან.

"სამედიცინო პერსონალის მიერ, ნაჭრის (რეზისტენტული ქსოვილის) სამედიცინო პირბადის სარგებლობის პირობებში, სმენადაქვეითებული და სმენის არმქონე პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სრულფასოვნად ისარგებლონ სამედიცინო სერვისებით, მიიღონ ექიმის კონსულტაცია, ან ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ," - ნათქვამია მიმართვაში.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ გამჭირვალე პირბადე/ფარი წარმოებაშია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს.

,,ვისაც სურვილი აქვს შეიძენს, მთავარია მოქალაქემ ატაროს პირბადე, ეს იქნება გამჭირვალე , რეზისტენტური ქსოვილისგან დამზადებული, თუ ფილტრის შრით, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი დამცავობაა. რომელ პირბადეს შეიძენს ეს მისი არჩევანია და ვერ შევუზღუდავთ ", - განმარტავს ჯანდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელია ნათია თევდორაშვილი.

სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ თავად სმენის სირთულის მქონე ადამიანები. მათი აზრით, მთავრობას გამჭირვალე პირბადეები მათთვის უფასოდ უნდა დაერიგებინა და მოქალაქეებისთვისაც მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ ვის, რატომ და როდის სჭირდება მისი გამოყენება.

,,ვინმე გინახავთ მაგალითად მაღაზიაში გამჭირვალე პირბადით? საქართველოს მთავრობა რომ ვერასდროს გვამჩნევდა ჩვენ, ეს ვიცით, მაგრამ როცა პანდემიაა და ასეთ დროს სმენის პრობლემით ცხოვრება უნდა შეძლო, ნუთუ ძნელი იქნებოდა მათთვის ერთი ვიდეომოწოდების გაკეთება?", – ამბობს სმენის არ მქონე ნანა ხარებავა

მთავრობას მიმართავს თეიმურაზ ბათიაშვილიც.

,,სახელმწიფომ უნდა უზრუნველოს მოგვამარაგოს ასეთი ფარებით და მოუწოდოს ყველას გაგვითვალისწინონ. რთულია მიდიოდე რომელიმე დაწესებულებაში და იმის გამო რომ პრობლემა გაქვს, განსხვავებულად აღგიქვამდნენ, არ ესმოდეთ შენი".

თეიმურაზი ქუთაისის N45 (სპეციალიზირებული) სკოლის სპორტის მასწავლებელია. იზოლაცია ურთულესი პერიოდი იყო მის ცხოვრებაში, რადგან სახლში გამოკეტვასთან ერთად, ხელი არ მიუწვდებოდა ყველა საჭირო და აუცილებელ ინფორმაციაზე.

,,საინფორმაციოში თარჯიმანი სმენის არმქონეებისთვის მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელშია. ამ მხრივ არ გვაქვს არჩევანი. სრულ ინფორმაციას ისეთ დროსაც ვერ ვიღებთ, როგორიც პანდემიაა".

ახალი ამბების გაგებაში, ბანკში, თუ ექიმთან ვიზიტის დროს, სმენის სირთულის მქონე ადამიანებს თარჯიმანი უნდა ეხმარებოდეს. ქუთაისში სმენის არმქონე 100 ბენეფიციარს კი მხოლოდ ორი თარჯიმანი ჰყავს.

,,იზოლაციის დროს, ვისაც ინტერნეტი ჰქონდა ონლაინ ვურთიერთობდით, ვისაც არა ვერ ვახერხებდით. ვიყავი მესამე პირი ექიმსა და ბენეფიციარს შორის, ვუხსნიდი მის პრობლემებს. ახლა, როცა იზოლაცია დასრულდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათთან კომუნიკაცია გამჭირვალე პირბადით. ეს მათ ბევრად გაუმარტივებთ ცხოვრებას", - ამბობს თარჯიმანი მარი ასათიანი.

პანდემიის დაწყებამდე, სმენის სირთულის მქონე ბენეფიციარები, რომელთაგან ყველაზე პატარა ბაღის აღსაზრდელია, ყოველკვირეულად იკრიბებოდნენ ,,ყრუთა კავშირის" ქუთაისის ფილიალში. ამავე შეხვედრებზე იგეგმებოდა სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებიც. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, მათ სოციალური აქტივობები არ განუახლებიათ.

სმენის არმქონე პირებს ქუთაისის მერია პანდემიის პერიოდში, მხოლოდ ახალ წელს ერთჯერადი სასურსათო ნობათებით დაეხმარა. ცენტრალურმა ხელისუფლებამ კი მათ პენსია 20 ლარით გაუზარდა.

ადგილობრივი თვითმარველობის ინფორმაციით, სმენის სირთულეების მქონეთათვის ქუთაისის მერია ასევე ინპლატის (სპეციალური სასმენი აპარატის) შეუფერხებლად ფუნქციონირებისათვის საჭირო ნაწილებს იძენს.

ამ პროგრამით, რომლის წლევანდელი ბიუჯეტიც 22 000 ლარია, ქუთაიში მხოლოდ 10 სმენის სირთულის მქონე ბენეფიციარი სარგებლობს. შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენეფიციართა რაოდებობამ 4-ით დაიკლო, ბიუჯეტი კი იგივე 22 000 ლარი დარჩა.

საქართველოსგან განსხვავებით, მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის პანდემიის გარეშეც პრიორიტეტია სმენის, მხედველობისა, თუ სხვა სირთულეების მქონე ბავშვებზე, ახალგაზრდებსა და მოხუცებზე ზრუნვა.

,,პანდემიის დაწყებიდან ძალიან მალე უსინათლოთა დახმარება მოგვიმატეს და გააორმაგეს გამცილებლით უზრუნველჰყოფაც. ხშირად მიფიქრია იმაზე, რატომ არ შეიძლება იგივე ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში?", – ამბობს იტალიაში მცხოვრები ქართველი უსინათლო ნანა ჯანდიერი.

საქართველოში მხედველობისა, თუ სმენის სირთულის მქონე ადამიანები ბევრს პანდემიის დროსაც არ ითხოვენ.

მათი სურვილი გამჭირვალე პირბადე, გამცილებელი და ცოტა მეტი ყურადღებაა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.