მულტიმედია
მივლინება და წვეულებები – ქუთაისის მერიის პანდემიური ხარჯი
FaceBook

საერთაშორისო კონფერენციები, სემინარები, სამიტები, წვეულებები, შეხვედრები - ამ ყველაფრის ონლაინ სივრცეში გადატანას თანდათან ეჩვევა მსოფლიო, მაგრამ არა ქუთაისი.


პანდემიამ გვაჩვენა, რომ ოფიციალური ვიზიტებისა და კონფერენციებისთვის არ არის აუცილებელი დროისა და ფულის ხარჯვა. ამის მიუხედავად, ქუთაისის მერიამ ათასობით ლარი მხოლოდ სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში სწორედ შეზღუდვების პირობებში დახარჯა.

როგორ გამოიყურება ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში დაგეგმილი და უკვე ათვისებული ადმინისტრაციული ხარჯები პანდემიურ და არაპანდემიურ წელს – ამის გარკვევა ,,ქუთაისიპოსტმა“ სცადა.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში პანდემიურ წელს ადმინსტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის ბიუჯეტში ზუსტად იმდენი თანხა გაწერეს, რამდენიც არაპანდემიურ პერიოდში.

საუბარია ქუთაისის ბიუჯეტის პროექტში განსაზღვრულ მივლინების, საწვავის, წარმომადგენლობითი და თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტოპარკის მოვლა-პატრონობის ხარჯებზე.

ჩამოთვლილი მომსახურებისთვის ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტი 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცეს) 1 122 316 ლარი განსაზღვრეს. მართალია, ამ თანხის სრულად ათვისება კორონავირუსის გამო ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ, პანდემიურ, 2021 წელსაც უცვლელია თანხის ოდენობაც და მიმართულებებიც.

წარმომადგენლობითი ხარჯები

2020 წელს პანდემიით გამოწვეული ჩაკეტილობის მიუხედავად,  წარმომადგენლობით ღონისძიებებში: ქალაქში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული სტუმრების გამასპინძლებაში, დასაჩუქრებაში, თანამშრომლებისთვის სიმბოლური საჩუქრების გადაცემასა და სხვა წინასწარ გაუთვალისწინებელ ღონისძიებებში, ქუთაისის საკრებულომ და მერიამ ერთობლივად,  97 510 ლარი დახარჯეს ბიუჯეტიდან.



მაგალითად, ამ ხარჯში შედიოდა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავასა და თანმხლები პირების გამასპინძლება. ასევე, რესტორან „საწნახელის“ მიერ ქუთაისში სამუშაო ვიზიტად ჩამოსული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და თანმხლები პირების კვება. მაღაზია „მორიკაში“ მერიის სოციალური მუშაკებისთვის შეძენილი სასაჩუქრე ბარათები, ქუთაის-გაენათის ეპარქიისათვის შობის დღესასწაულის მისალოცად 32 ცალი სასაჩუქრე კალათის დამზადების ხარჯები და სხვა.საკრებულოსა და მერიაში ამ მიმართულებით ბიუჯეტში წელსაც 260 ათასი ლარია გაწერილი.


სამივლინებო ხარჯები

საჯარო მოხელის სამსახურეობრივი მივლინება ერთ–ერთი მუხლია ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომელიც ზედმიწევნით სრულდება.

2020 წელს საკრებულო/მერიის თანამშრომლების მივლინებისთვის 100 000 ლარი გაიწერა. თუმცა, პანდემიით გამოწვეული კარჩაკეტილობის გამო მხოლოდ 11 037 ლარი დაიხარჯა.

ამ თანხაში შედის ვიზიტი ყაზახეთსა და საფრანგეთში, რომელიც ქვეყნების ჩაკეტვამდე პანდემიამდე ,,მოასწრეს" ქუთაისის მერის მოადგილე დავით ერემეიშვილმა და მერიის მთავარმა სპეციალისტმა.

ამის გარდა, იყო ქვეყნის შიდა მივლინებები: ბათუმში, თბილისში, თელავსა და ბორჯომში.

სამივლინებო ხარჯებისთვის, ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტშიც კვლავ 100 ათასი ლარია განსაზღვრული.

ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში, განმარტავენ, რომ მათი ყველა მივლინება შედეგიანია. ამის მაგალითად, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს პეტრე ადამაძეს ერთ–ერთი ვიზიტი მოჰყავს.

"ერთ-ერთი მივლინებით ჩვენი დელეგაცია სტრასბურგში იყო წასული. შედეგი ისაა, რომ, თითქმის დასრულებულია მუშაობა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტზე. ეს დოკუმენტი საზოგადოებას მალე წარედგინება".


რა სარგებელს იღებს მერიის თანამშრომლების მივლინებებით ქუთაისი, ამას ვერც მოქალაქეები ამჩნევენ.

"სტანდარტების პრობლემების წინაშე ვართ მთელი ქვეყანა. საქმეს არ ვაკეთებთ და თუ ვაკეთებთ არც პროექტების ხარისხია მაღალი და არც ბიუჯეტია სწორად დაგეგმილი. ანალოგიური შემთხვევაა მერიები და მათი ბიუჯეტები, რომლებიც ძალიან ხშირად აცდენილია რეალურ საჭიროებებს. სანამ ხალხის ფულს გავხარჯავთ, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ეს თანხა მოგვიტანს თუ არა მეტ სარგებელს. ნამდვილად არ მინახავს მივლინებებით მოზიდული ინვესტიციები, თუმცა ზოგადად მესმის მათი აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საზღვრებს მიღმაც გვყავდეს წარმომადგენლები, მაგრამ რეალურ შედეგებს ჯერ მე ამ ქალაქში ვერ ვხედავ, ვერც ქუთაისის სხვა მცხოვრებლები და ისე არ უნდა ვქნათ, რომ საჯარო მოხელეთა კომფორტისა და გართობისთვის ისედაც გაღარიბებულ ხალხს ვძალავდეთ მეტ ფულს", - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი აკაკი საღინაძე.

შეფასება უჭირთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც.

"ადმინისტრაციული ხარჯის მნიშვნელოვანი ნაწილია მივლინებები და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ კონტროლის შედარებით მწირი მექანიზმები არსებობს. ყველა მივლინებას შესაბამისი წინასწარ განსაზღვრული მიზანი აქვს, თუმცა იმისათვის, რომ ვისაუბროთ თავად დანახარჯების მართლზომიერებაზე, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ საბოლოო ჯამში, მივლინების შედეგად მიღწეულ იქნა თუ არა დასახული მიზანი. ფლანგვის დეტექტორის გამოცდილებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითად შემთხვევაში მივლინებების შედეგის დანახვა შეუძლებელია, როგორც ცენტრალურ დონეზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების მივლინებების შემთხვევაში. თვალსაჩინოებისთვის, შეგვიძლია პარლამენტის მივლინებების მაგალითი გავიხსენოთ. 2018 წელს მდუმარე პარლამენტარების მივლინებებზე, რომელთაც მიკროფონი წლის განმავლობაში ერთხელაც არ ჩაურთავთ, 16,000 ლარი დაიხარჯა", – ამბობს კვლევითი ორგანიზაცია "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი სალომე კვირიკაშვილი.


მერიის ავტოპარკისა და საწვავის ხარჯი

2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისად, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ სამთავრობო უწყებებიც, მათ შორის, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობაც. ეს იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებულად გადაუდებელი საჭიროებების გარდა, საჯარო პირებს თუ საჯარო მოხელეებს გადაადგილება შეზღუდული ჰქონდათ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ბიუჯეტიდან საწვავს ძირითადად, საკრებულოს თავმჯდომარე, მერი, მათი მოადგილეები, სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები, ასევე, მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსები მოიხმარდნენ.


ადგილობრივ თვითმმართველობაში ყველზე მეტი საწვავი ადმინისტრაციულ სამსახურზეა გაწერილი, თვეში 200 ლიტრი. ამ ხარჯში შედის, მერისა და მისი მოადგილეებისთვის განსაზღვრული ლიმიტიც.

132 271,91 ლიტრი ბენზინი, 2 758,45 დიზელი და 3139,84 ბუნებრივი დაწნეხილი აირი დაწვეს მერიასა და საკრებულოში, რისთვისაც ჯამურად 249 316 ლარი დაიხარჯა. ამის გარდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვითმმართველობის ბალანსზე არსებული ავტოპარკის მოვლა-პატრონობისთვის ჯამში 151 002 ლარი არის დახარჯული.

ეს ხარჯი იმდენივეა, რამდენიც იყო არაპანდემიურ წლებში, ანუ მაშინ, როცა გადაადგილება ერთ დღესაც არ ყოფილა აკრძალული.

"როგორც 2019 წელს ასევე, 2020 წელს, მერიის თითოეული სტრუქტურული ერთეული მუშაობდა, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა პანდემია. 2020 წელს, პირიქით, ჩვენ უფრო მეტად გვიხდებოდა მოქალაქეებთან მისვლა, რადგან ტრანსპორტი არ მუშაობდა. სწორედ, ჩაკეტილობის დროს ჩვენი თანამშრომლები ემსახურებოდნენ მოქალაქეებს კონკრეტულ მისამართზე მიკითხვით. საწვავიც შესაბამისად დაიხარაჯა", - განმარტავს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი პეტრე ადამაძე.

მერიის ბალანსზე სულ 15 ერთეული ავტომანქანაა, ხოლო 48 ერთეულზე თხოვების ხელშეკრულებაა გაფორმებული. ორივე შემთხვევაში მათი მოვლა-პატრონობისა და საწვავის ხარჯი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია

"უსუნო და გემოდაკარგული" კორონაპანდემიის მიუხედავად, მადას ისევე, როგორც ქალაქის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები, არც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში უჩივიან.

პანდემიის პერიოდში, იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ ბიუჯეტიდან აღებული 1 200 ლარით, არც მეტი, არც ნაკლები, ოფიციალური ვიზიტით მყოფი სტუმრები საკუთარ სახლში მიიღო. კონკრეტულად ვინ იყვნენ პირველი პირის სტუმრები და რამდენად გადაუდებელი იყო ვიზიტი, - ამაზე გუბერნიაში საუბარი არ სურთ. სამხარეო ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ კითხვებს მხოლოდ წერილობით უპასუხებდნენ. შესაბამისად, "ქუთაისიპოსტმა" ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მისაღებად წერილობით მიმართა, თუმცა, პასუხი ამ ფორმითაც ვერ მივიღეთ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას ცალკე ბიუჯეტი აქვს, საიდანაც იმ თანხების გაწერა ხდება, რის საჭიროებასაც ადმინისტრაცია ხედავს.

სამხარეო ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯისთვის გასულ წელს 9 834 ლარი დაიხარჯა. წელს იმავე მიმართულებით 10 000 ლარია განსაზღვული.

უკრაინაში, ხერსონში, ასევე ჭიათურაში, ხონში, თერჯოლასა და იმერეთის სხვა მუნიციპალიტეტებში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დასაქმებულთა მივლინებებისთვის 2020 წელს 11 907 ლარი დაიხარჯა.

2021 წელს სამხარეო ადმინისტრაციის სამივლინებო ხარჯისთვის 10 000 ლარია განსაზღვრული. ამდენივეა გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯითვისაც.

რას ფიქრობენ ექსპერტები ?

როგორ დაიგეგმა ქუთაისის   მთავარი ფინანსური დოკუმენტი პანდემიის პირობებში – ამ საკითხით კვლევითი ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორიც“ დაინტერესდა.

მკვლევარი სალომე კვირიკაშვილი  ამბობს, რომ ქუთაისის ხელისუფლებამ პანდემიის გამოწვევებს ვერ, ან არ უპასუხა. კვირიკაშვილის აზრით,  ქუთაისის მერიას წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, (რომელიც 2020 წლის მარტიდან, პანდემიის გამოცხადებიდან)  გაწია, შეეძლო თავი აერიდებინა და თანხა უფრო მიზნობრივად დაეხარჯა.

„როდესაც ქვეყანაში მოქმედ შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, შეზღუდვებს შორის აღსანიშნავია შეკრების თავისუფლების შეზღუდვა. ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად მოუწოდებდნენ მოსახლეობას თავი შეეკავებინათ შეკრებებისა და წვეულებებისგან. მიუხედავად მსგავსი მოწოდებებისა, საჯარო დაწესებულებები კვლავ განაგრძობდნენ ფულის დახარჯვას წარმომადგენლობითი ხარჯების სახით. ამგვარი ტენდენცია გამოიკვეთა ქუთაისის მერიის მიერ 2020 წელს გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებთან მიმართებით“, - ამბობს სალომე კვირიკაშვილი.

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შედგენილი ბიუჯეტის არაპროგრამულობაზე და პანდემიის დროს, ბიუჯეტში ჩადებული  მომსახურებების არამიზნობრიობაზე საუბრობს ექსპერტი თვითმმართველობების მუშაობის საკითხებში  კოტე კანდელაკი. ის ამბობს, რომ  ქუთაისი ამ მიმართულებით  გამონაკლისი არ არის.

„სამწუხაროა, მაგრამ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ასე ხდება. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს მარტო მათი „ბრალეულობა“ არ არის. ყველაფერი მოდის ცენტრიდან. ეს იმითაც ჩანს, რომ თითქმის  ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, თავიანთი პროგრამებით,  ერთმანეთს გაქვს.  თუმცა, მინდა ვთქვა, რომ თუკი თვითმმართველობების მხრიდან იქნებოდა ბიუჯეტში უფრო მეტად ხაზგასმული პანდემიით გამოწვეული პრობლემები და საჭიროებები, დარწმუნებული ვარ არავინ დაუშლიდათ", - განმარტავს კოტე კანდელაკი.

რამდენად ადეკვატურია პანდემიურ პერიოდთან მიმართებაში ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი, პრიოროტეტები, თუ გაწერილი თანხები, ეს ამ  პასუხიდანაც ჩანს.

***

პანდემიის პირობებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, დღის წესრიგი არაერთი ქვეყნის მთავრობამ შეცვალა.

მაგალითად, რიგ ქვეყნებში (იტალია, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია) გადაიდო ოფიციალური ვიზიტები, კონფერენციები, მივლინებები და სხვა დაგეგმილი ღონისძიებები. სწორედ ამ გზით დაზოგეს წარმომადგენლობითი თუ ადმინისტრაციული ხარჯები და გამოთავისუფლებული თანხა პანდემიასთან გამკლავების პროგრამებისკენ მიმართეს.

სხვა რეალობაა ქუთაისში, სადაც ჯერ კიდევ არ არის მორგებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი პანდემიის გამო შეცვლილ გარემოებებს.

იმ ფონზე, როცა ქუთაისში მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარი დარჩა, ალბათ, ადგილობრივ თვითმმართველობას სულ უფრო მეტად გაუჭირდება გაამართლოს გადასახადების გადამხდელთა ფულის ხარჯვა ძვირადღირებულ მივლინებებსა და წვეულებებზე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტატიანა მიხაილენკო ქალაქ ბუჩადან არის, მან
ერთთვიანი ბლოკადის შემდეგ მოახერხა ოკუპირებული ქალაქის დატოვება.
ტატიანამ რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი მთელი საშინელება საკუთარი
თვალით იხილა და განიცადა.
13:24 / 23.04.2022
ტატიანა მიხაილენკო ქალაქ ბუჩადან არის, მან ერთთვიანი ბლოკადის შემდეგ მოახერხა ოკუპირებული ქალაქის დატოვება. ტატიანამ რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი მთელი საშინელება საკუთარი თვალით იხილა და განიცადა.
ცარიელი მაგიდები დაცარიელებულ დარბაზებით - ეს
ქუთაისის სარესტორნო ბიზნესის რეალობა გახდა მწვანე კონცეფციის
ამოქმედებისთანავე.
17:12 / 22.12.2021
ცარიელი მაგიდები დაცარიელებულ დარბაზებით - ეს ქუთაისის სარესტორნო ბიზნესის რეალობა გახდა მწვანე კონცეფციის ამოქმედებისთანავე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.