მულტიმედია
,,სიყვარული ჟამიანობის დროს''
FaceBook
პანდემიამ ყველაფერი გააჩერა, მაგრამ სიყვარულს ვერ მოერია.

ჩვენი საუკუნის მთავარ მტერს – კორონავირუსს შეყვარებულებმა ბრძოლა თავისებურად გამოუცხადეს.

,,თქვენს წინაშეა ქორწილი ათი ადამიანის მონაწილეობით, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით და უზღვავი ემოციით"
, - ასე აგულიანებენ ქუთაისში ქორწილების ორგანიზატორები წყვილებს და მათთვის ყველაზე დასამახსოვრებელ დღეს პანდემიურ რეგულაციებს არგებენ.

ეს ამბავიც იმათზეა, ვინც ერთმანეთის გარეშე ყოფნაზე უარი თქვა და ქორწინება სწორედ პანდემიის დროს გადაწყვიტა: სტუმრების გარეშე, პირბადით, დისტანციით და სანიტაიზერით.

ვერონიკა და გიორგი

ვერონიკამ და გიორგიმ დაოჯახება 2020 წლის ზაფხულში გადაწყვიტეს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პანდემიის გავლენა შედარებით სუსტი იყო და მკაცრი შეზღუდვები არ მოქმედებდა.

,,ბავშვობიდან, ჩემი სურვილი იყო ზღვის სანაპიროზე, ღია სივრცეში საქორწინო ცერემონია. მეგობრების, ოჯახის წევრების და ნათესავების თანდასწრებით, ცოცხალი მუსიკითა და ულამაზესი ხედებით".

ქორწილი სექტემბერში დაიგეგმა, თუმცა სწორედ ამ დროს გამკაცრებულმა პანდემიურმა რეგულაციებმა ვერონიკას ბავშვობის ოცნება შეცვალა და განსხვავებული სცენარით განავითარა.

,,დღე, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, პანდემიამ სრულიად ამოაყირავა. ყოველდღე მკაცრდებოდა შეზღუდვები, დაიხურა რესტორნები, ღონისძიებებზე მხოლოდ 10 ადამიანის დასწრება შეიძლებოდა. აღარ გამოდიოდა პომპეზიური ქორწილი''.

ვერონიკამ და გიორგიმ 150 ადამიანზე გათვლილი სტუმრების სია ათ კაცამდე შეამცირეს და საქორწილო მზადებაც კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით დაიწყეს.

,,ეს იყო გამოწვევა. ბრძოლა, მოვერგეთ იმ რეალობას, რაც გვქონდა, ტაძრის კარი, ვიცოდით, ღია იყო და ჯვრისწერა შეგვეძლო".

ტრადიციული ქორწილის პანდემიურ ქორწილად გადაგეგმვაში დახმარება ვერონიკამ და გიორგიმ დიზაინერს სთხოვეს.

დიზაინერმაც, იდეებთან ერთად, სანტიმეტრი მოიმარჯვა და სტუმრებისთვის გათვლილი სკამები დისტანციით დაალაგა. ადგილები, მართალია, მხოლოდ მეჯვარეებს, ოჯახის ოთხ წევრსა და სამ მეგობარს ერგო, თუმცა ცერემონიამ ძალიან ლამაზად ჩაიარა: მენდელსონის მარშით, სიყვარულის ფიცით და  სამახსოვრო ფოტოსესიით.



,,ყველას პირბადე ეკეთა, თუმცა არ გაგვჭირვებია გამოგვეხატა ემოცია თვალებით. საბოლოოდ, პანდემიის ,,წყალობით" დახვეწილი, კრეატიული და შემოქმედებითად დატვირთული დღესასწაული გამოვიდა. ეს ემოცია მთელი ცხოვრება გამყვება", – ამბობს ვერონიკა.



თამარი და კობა

თამარს ბავშვობიდან არ მოსწონდა გადაპრანჭული და ფუშფუშა საქორწილო კაბები და გრანდიოზული სუფრები. ამიტომ, იმას, რომ  პომპეზური დღესასწაული არ ჰქონია, პანდემიას ვერ დააბრალებს.

,,ყოველთვის ვიცოდი რომ საქორწილო კაბა, რომელსაც მე ჩავიცმევდი იქნებოდა სადა. ქორწილში კი საყვარელი ადამიანები გვერდით მეყოლებოდა".

პანდემიის გამო, თამარის და კობას ქორწილი გადაიდო. ამ პერიოდში კი კოვიდრეგულაციებით დახურულ სივრცეში ღონისძიებები აიკრძალა. შესაბამისად, ერთადერთი, რაზეც თამარს გული სწყდება ისაა, რომ საქორწილო სამზადისით ტკბობა ვერ მოასწრო და ვერც მისთვის ძვირფასი ადამიანების დაპატიჟება შეძლო.

,,ქორწილის გადახდა ღია სივრცეში, ყოველგვარი გაფორმების გარეშე მოგვიწია, წინ დღით ავარჩიეთ მენიუ, საქორწილო ტორტი, სტუმრების სია, ექსტრემალური გარემო გვქონდა. სტუმრების სია 50 ადამიანიდან 30-ზე დავიყვანეთ და გულდასაწყვეტი იყო მათი გამოტოვება. ამის მიუხედავად, ბედნიერები ვიყავით, ყველა გაერთო. საბოლოო ჯამში, ქორწილი გამოვიდა ისეთი, როგორიც წარმომედგინა - სადა. მომწონს კიდეც ის ცვლილება, რაც პანდემიამ ქორწილების საკითხში მოიტანა".

თამარის და კობას ქორწილი

კაწია და გიგა

კაწიას და გიგას ქორწილი სამჯერ ჰქონდათ.
ეს იმიტომ, რომ პირველი, ტრადიციული ქორწილი ცუდად ახსოვთ.

,,14 წლის წინ, პირველ ქორწილში დიდი სუფრა, თამადა და უამრავი ნათესავი გვყავდა, რომლის ნახევარსაც არ ვიცნობდი. ვერც მე გავერთე და ვერც ჩემი სტუმრები. ეს იყო ქორწილი - ქორწილისთვის"
, – გვიყვება კაწია და პირველ ქორწილზე დაკლებული განცდების მიღებას ახალ-ახალი ქორწილების გადახდით ცდილობს.



ყოველ წელს ქორწილის გადახდის ტრადიცია, ქორწინების 10 წლის თავზე გაჩნდა, როცა კაწია და მისი მეუღლე, მეორედ დაქორწინდა. მომდევნო ოთხ წელიწადში კი მესამედ.

კაწიას და გიგას პირველი ქორწილი


კაწიას და გიგას მეორე ქორწილი



კაწიას და გიგას მესამე ქორწილი


როგორც კაწია ამბობს, ქორწილი მხოლოდ ორი ადამიანის დღეა, სადაც მხოლოდ უახლოესი მეგობრები უნდა იყვნენ.

,,პანდემია ცუდია, მაგრამ ბევრი ცუდიც მიაქვს. ვფიქრობ თანდათან დამკვიდრდება პატარა ქორწილების გადახდის ტრადიცია და ქორწილში გვეყოლება მხოლოდ ის ადამიანები, ვინც გიყვარს. ტრადიციულის შემდეგ, ორი პატარა ქორწილი გადავიხადე და ყველაზე დასამახსოვრებელი სწორედ ეს აღმოჩნდა. იმდენად, რომ კიდევ და კიდევ ვგეგმავ. ისე, როგორც დაბადების დღეს. ჩვენ დღემდე შეყვარებულები ვართ, ქორწილის დღეს ისე ვღელავთ, როგორც პირველი ქორწილის დროს, კვლავ გულის აჩქარებით ვარჩევ საქორწილო კაბას, ჩემი მეუღლე კოსტიუმს. მივდივართ ლამაზ ადგილას, მეგობრებთან ერთად და ვიღებთ სამახსოვრო ფოტოებს".

ნინი და დათო

უსიძო და უპატარძლო ქორწილი – ნინის და დათოს ისტორიაა. წყვილის ხუთ წლიანი შეყვარებულობის დროს დისტანცია, არც პანდემიამდე ყოფილა უცხო, რადგან დათო კარგა ხანია ამერიკაში ცხოვრობს.

ნინისა და ოჯახის მოსანახულებლად დათო საქართველოში წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა. სხვა დროს შეყვარებულები ვირტუალურ სივრცეს ჯერდებოდნენ.

საქართველოში ერთ–ერთი ვიზიტის დროს წყვილმა დიდი ქართული ქორწილიც დაგეგმა, თუმცა აქაც უკითხავად ჩაერია პანდემია.

,,გრანდიოზულ ქორწილს ვგეგმავდით. ქართველი და ამერიკელი მეგობრებით, ოჯახის წევრებით და ნათესავებით. თუმცა უცებ შეიცვალა ყველაფერი - აიკრძალა დახურულ სივრცეში ღონისძიებები, იკრძალებოდა ფრენებიც. ამიტომ, ბევრი ფიქრის დრო არ გვქონდა, გადავწყვიტეთ, მე წავსულიყავი ამერიკაში", – გვიყვება ნინი.

წყვილი ოჯახის წევრების ერთმანეთისთვის გაცნობას ქორწილში გეგმავდა, ამიტომ ჩაშლილი დღესასწაულის ალტერნატივად ონლაინ შეკრება მოიფიქრეს.

,,ჩვენ ამერიკიდან, ჩვენი ოჯახები კი საქართველოდან ვულოცვდით ერთმანეთს, ისინი სუფრას რეალურად უსხდნენ, მხიარულობდნენ. ჩვენ კი ონლაინ სიძე–პატარძალი ვიყავით. უსიძე-პატარძლო ქორწილივით გამოვიდა, მაგრამ სულ არაფერს ეს სჯობდა".

ნინი და დათო ქორწილის გადახდას აღარ გეგმავენ. ამბობენ, რომ პანდემიამ ქორწილი წაართვა, თუმცა დააჩქარა ერთობლივი, ამერიკული ცხოვრების დასაწყისი.

რა დააზარალა დიდი ქორწილების აკრძალვამ?

2020 წლის წყვილები ქორწილს ძალიან ვიწრო წრესა და ღია სივრცეში იხდიან. ამიტომ, მათთვის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს დიდი დარბაზი. შესაბამისად, ქორწილი ვეღარ არის რესტორნების,ვიზაჟისტებისა და ფოტოგრაფების მთავარი შემოსავლის წყარო.

ქუთაისში, რესტორან ,,შატო-გელათის" მენეჯერის შორენა სვანიძის თქმით, ქორწილების აკრძალვის შემდეგ, ყოვედღიურ სუფრაზე მუშაობდნენ., თუმცა ოთხი თვეა, უკვე ობიექტი მთლიანად დახურეს.

,,სხვებთან შედარებით ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ფართი ჩვენია და ხარჯი ნაკლები გვაქვს. თუ შემოსავალი არაფერია, არც ხარჯი გვაქვს".

შემოსავალი შეუმცირდათ საქორწილო სახლებსაც.

როგორც ერთ–ერთი საქორწილო სახლ ,,არტერიას" დამფუძნებელი ელისო კვიჟინაძე გვიამბობს, ამის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ პანდემიამ თავად ქორწილის ორგანიზება გახადა უფრო ბიუჯეტური.

,,პატარძლები ცდილობენ პანდემიას მოარგონ ქორწილის დღე, ზოგიერთი მათგანი სადა კაბით, მხოლოდ ფოტოებს იღებს ღია ცის ქვეშ, აღარ იკერავენ გრანდიოზულ კაბებს, არის შემთხვევები, როცა სახლში ურჩევნიათ თეთრი კაბით ვიწრო წრეში საქორწილო სუფრის გაფორმება, ზოგი კი ჯვრისწერის გაფორმებას გვიკვეთავს", ამბობს ელისო კვიჟნაძე.

დიზაინერმა, სპეციალურად ღია ცის ქვეშ გასამართი ქორწილისთვის, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში წყვილებისთვის ფანჩატური დადგა. მისი თქმით, პანდემიური ხელის მოწერის ცერემონიისათვის და ფოტოების გადასაღებიად შესაბამისი ადგილია.


,,აქ, სტუმრების დასწრებაც შეიძლება, რა თქმა უნდა, განსაზღვრული რაოდენობით" და წესების დაცვით. ათი სტუმარი მაქსიმუმ, ისიც დისტანციით".

დიზაინერი იხსენებს, რომ ერთ პანდემიურ ქორწილში ,,მენდელსონის მარშის" ორჯერ გაჟღერება მოუხდა, რადგან სტუმართა რაოდენობამ ათ ადამიანს გადააჭარბა.

,,განსაზღრული გვქონდა წინასწარ სტუმრების რაოდნება და მათ შორის მანძილი, თუმცა ბოლო წუთს აღმოჩნდა, რომ დაგეგმილზე მეტი მოვიდა, ჩვენც ორჯერ მოვამზადეთ ყველაფერი, ორჯერ გაიჟღერა საქორწილო მარშმა და წყვილმაც ორჯერ შეფიცა ერთმანეთს სიყვარული".

საქორწილო სახლმა ,,არტერია" პანდემიის პერიოდში რვა ქორწილის ორგანიზება მოახერხა.არაპანდემიურ პერიოდთან შედარებით ეს ათჯერ ნაკლებია.

დიზაინერ ელისო კვიჟინაძის თქმით, პატარძლების უმეტესობამ ქორწილი პანდემიის დასრულებამდე გადადო.

პატარძალთა ის ნაწილი, რომლებმაც ქორწილი პანდემიის პირობეში დაგეგმა, უპირატესობა ბუნებრიობას მიანიჭა.

ამაზე საუბრობს ვიზაჟისტი მონიკა ბიწაძეც.

,,პანდემიის პატარძლებს ქორწილში შედარებით მოკრძალებული კაბები აცვიათ, შესაბამისად, მოთხოვნადი სადა მაკიაჟი გახდა".

პანდემიამ რომ მინიმალიზმი გახადა ტრენდული, ამას კონსტრუქტორ-დიზაინერი მაია ჩხეიძეც ადასტურებს.

,,შლეიფიან კაბებს იშვიათად ვკერავთ. უმეტესად სადა, მძივებით გაფორმებულ კაბაზეა მოთხოვნა. ნაკლები ეპატაჟია საჭირო, რადგან ვიწრო წრეშია ქორწილი და მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ესწრება. ანუ, სარესტორნო კაბები იშვიათად იკერება. ფაქტობრივად არ ღირს მუშაობა, ამიტომ ჩვენ სამკერვალო დროებით დავხურეთ".

სამაგიეროდ, პანდემიურ ქორწილში აქტუალობას არ კარგავს ფოტოგრაფი.

ფოტოგრაფი გიორგი თოდუა მიიჩნევს, რომ პანდმიური ქორწილი ჟამიანობის დროს მხოლოდ ფოტოსესიად იქცა.

,,მოგონებად ინახავენ კადრებს. მაგრამ მხოლოდ ცერემონიულ ნაწილს ეხება ეს ყველაფერი. ჩვენ აღარ მივდივართ სუფრის გადასაღებად მრავალსაათიან ქორწილზე და შესაბამისად, ჩვენი ანაზღაურებაც შემცირდა".

პანდემიამ ასევე წყვილებისთვის სამოგზაუროდ აქტუალური გახადა საქართველოს კურორტები, რაც, შესაძლოა, ხელშემწყობი იყოს შიდა ტურიზმისთვის.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიას მედალივით ორი მხარე აქვს. დღეს არაერთი წყვილი ფიქრობს იმაზე, რომ პატარა ქორწილების ტრადიცია უფრო ლამაზია, ვიდრე 200, 300, 400 – ან კიდე უფრო ხალხმრავალი ქორწილი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც
ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი
დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის
სახელი.
14:14 / 04.09.2022
ქუთაისში სამასზე მეტი ქუჩიდან არც ერთს ჰქვია 1918-1921 წლების პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის რომელიმე მოღვაწის სახელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.